Facebook Twitter

საქმე N 330141224010165887

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №95I -24 თბილისი

კ. ი., 95I -24 14 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. კ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 20 თებერვლის განაჩენით ი. კ., – დაბადებული ..., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 10 ივლისის განაჩენით ი. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 თებერვლის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 2000 ლარი – და, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 2000 ლარი. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 20 აპრილის განაჩენით ი. კ. ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის შესაბამისად, შეუმცირდა და განესაზღვრა – 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით; ბოლო განაჩენით შეფარდებული ნაკლებად მკაცრი სასჯელი შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 ივლისის განაჩენით შეფარდებულმა მკაცრმა სასჯელმა და, ი. კ-ს, საბოლოოდ მიესაჯა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 2000 ლარი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აგვისტოს განაჩენით ი. კ. ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც – 6 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი, ჩაეთვალა პირობით, იმავე 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 10000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც – 6 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი, ჩაეთვალა პირობით, იმავე 3 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა – 10000 ლარი; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც – 6 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი, ჩაეთვალა პირობით, იმავე 3 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 10000 ლარი. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

5. 2024 წლის 7 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №17 პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ ი. კ-ს პირადი საქმე.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებული ი. კ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებული სასჯელისაგან – 2 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან; ი. კ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, იმავე 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. კ-მ, რომელიც ითხოვს განჩინების შეცვლას, რამეთუ არ ეთანხმება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, მისთვის სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო საჩივარში გაცხადებულ საკვანძო საკითხთან მიმართებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი სწორად აღსრულდა ი. კ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელებზე და, ერთი მხრივ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, იგი გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელისაგან – 2 წლით თავისუფლებს აღკვეთისაგან, ხოლო, მეორე მხრივ, ამავე კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 წელი განსაზღვრული ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი და 6 თვე, ჩათვლილი ჰქონდა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით და განესაზღვრა – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 6 თვე, ჩაეთვალა პირობით, იმავე 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

3. აღსანიშნავია, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა) დანიშნული სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდება განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, პირი, რომელმაც ჩაიდინა ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული დანაშაული, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო გასაღებისა, ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა ან მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღებისა) ჩადენისთვის. შესაბამისად, ი. კ-ს მიმართ, რომელიც დადგენილია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულების გარდა სხვა არაერთი დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული, სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირების წესი ვერ გავრცელდება.

4. ამავდროულად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა ი. კ-ს მიმართ წინა განაჩენებით შეფარდებულ სასჯელებზე, ვინაიდან ამნისტიის გავრცელება ვერ იქონიებდა გავლენას საბოლოო სასჯელზე, რომელიც განსაზღვრული იყო განაჩენთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, რაც სამართლებრივად არასწორია.

5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მართალია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აგვისტოს განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 20 აპრილის განაჩენით შეფარდებული სასჯელი და, შესაბამისად, შთანთქმულ სასჯელზე ამნისტიის გავრცელება, დღეის მდგომარეობით, გავლენას ვერ იქონიებს ი. კ-ს საბოლოოდ მოსახდელ სასჯელზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განაჩენთა ერთობლიობის დროს, „ამნისტიის შესახებ“ კანონის აღსრულება ვერ იქნება დამოკიდებული სასჯელთა შეკრების კონკრეტული წესის – შთანთქმის, ნაწილობრივ ან სრულად შეკრების – გამოყენებაზე, ხოლო სასჯელის შთანთქმა არ ნიშნავს შთანთქმული სასჯელის გაუქმებას.

6. ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი უნდა გავრცელდეს: ი. კ-ს მიმართ, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 10 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელებზე, ასევე – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 20 აპრილის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრულ საბოლოო სასჯელზე, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 20 აპრილის განაჩენით შეფარდებული ნაკლებად მკაცრი სასჯელი, თავის მხრივ, შთანთქა სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 10 ივლისის განაჩენით შეფარდებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა.

7. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. შესაბამისად, ი. კ-ს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 10 ივლისის განაჩენით, მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლებზეც არ ვრცელდება ამავე კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია, და, ამავდროულად, ისინი არ ექცევა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული ქმედებების ჩამონათვალში, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებული სასჯელი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს – 5 თვით თავისუფლების აღკვეთა, ისევე, როგორც – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე უნდა შეიცვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 20 აპრილის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 20 აპრილის განაჩენით შეფარდებული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა – უნდა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 10 ივლისის განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ და განესაზღვროს – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. კ-ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. კ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება შეიცვალოს:

3. ი. კ-ს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 10 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებული სასჯელი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს – 5 თვით თავისუფლების აღკვეთა;

4. ი. კ-ს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 10 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

5. ი. კ-ს სასჯელთა შთანთქმის წესის საფუძველზე, საბოლოოდ განესაზღვროს – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 10 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. შეიცვალოს ი. კ-ს მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 20 აპრილის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4, მე-3 ნაწილების საფუძველზე, განსაზღვრული საბოლოო სასჯელი:

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 20 აპრილის განაჩენით შეფარდებული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა – შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 10 ივლისის განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ და საბოლოოდ განესაზღვროს – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 20 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

10. ი. კ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელისაგან – 2 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან;

11. ი. კ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 წელი განსაზღვრული ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი და 6 თვე, ჩათვლილი ჰქონდა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით და განესაზღვროს – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 6 თვე, ჩაეთვალოს პირობით, იმავე 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით;

12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 20 აპრილის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა – და, ი. კვ-ს საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 6 თვე, ჩაეთვალოს პირობით, იმავე 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით;

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აგვისტოს განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

14. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. გაბინაშვილი