გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-666-02 13 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ქ-მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ნ. და ს. დ-ეების მიმართ და მოითხოვა მათთვის 3000 აშშ დოლარის დაკისრება.
მოსარჩელე მ. ქ-ა არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ. დ-ესთან.
მ. ქ-მ ნ.დ-ის ბიძაშვილის, ს.დ-ის, წინადადებით 4000 აშშ დოლარად ტ.კ-სგან შეისყიდა ... მდებარე საცხოვრებელი ბინა.
აღნიშნული სადავო ბინის მესაკუთრემ ტ.კ-მ ს.დ-ეს გადასცა გენერალური მინდობილობა ბინის გაფორმებასთან დაკავშირებით, მაგრამ მან ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და ბინა გადაუფორმა სხვა პიროვნებას. ვინაიდან მოსარჩელე უბინაოდ აღმოჩნდა, მისმა ყოფილმა მეუღლემ ნ.დ-ემ მას ხელწერილის საფუძველზე გადასცა 1000 აშშ დოლარი იმ პირობით, რომ იგი დანარჩენ თანხას აღარ მოითხოვდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ.ქ-ს სარჩელი და მოპასუხეებს _ ს. და ნ. დ-ეებს თანაბარწილად დაეკისრათ 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მ. ქ-ს სასარგებლოდ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა ს. და ნ. დ-ეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება უსაფუძვლობის გამო და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 26 მარტის გადაწყვეტილებით აპელანტების, ნ. და ს. დ-ეების მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილება და მ.ქ-ს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე რომ მ. ქ-მ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა ნ. და ს. დ-ეებისათვის 4000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი. მოსარჩელე მ.ქ-ა მხარის მიერ ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად მიიჩნევს შინაურ ხელწერილებს, რომლითაც ვერ დასტურდება სადავო თანხის გადაცემის ფაქტი, ვინაიდან მასში არ არის მითითებული ნ.დ-ის მხრიდან რაიმე ვალდებულების არსებობა.
მ.ქ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საჩივრის დაკმაყოფილება, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 52-ე და 36-ე მუხლები.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დადგენილი გარემოებები სავალდებულოა, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს.
პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მ. ქ-მ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დაადასტურებდა ბინის ყიდვის მიზნით ნ. და ს. დ-ეებისათვის 4000 დოლარის გადაცემის ფაქტს. შინაურული ხელწერილები, რომლებზედაც მ.ქ- უთითებს მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვერ დაადასტურებს სადავო თანხის გადაცემის ფაქტს, ვინაიდან მასში არაა მითითებული ნ.დ-ის მხრიდან რაიმე ვალდებულების არსებობაზე.
სკ-ს 317-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების ფაქტი, რომელიც მასში მონაწილე მხარეების უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავდა. გამომდინარე აღნიშნულიდან, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 52-ე და 361-ე მუხლები. სკ-ს 361-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. აღნიშნული ნორმა ვერ იქნება გამოყენებული განსახილველი დავის გადასაწყვეტად, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ შინაურული ხელწერილით მ.ქ-სათვის გადაცემული 1000 დოლარი ვალდებულების შესასრულებლად იყო გამიზნული და რომ ნ. და ს. დ-ეებს რაიმე თანხა კიდევ უნდა გადაეხადათ კასატორისათვის.
მ.ქ-ს მიერ მითითებული ხელწერილებით ვერ დასტურდება მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობაც, ვინაიდან მასში სასესხო ვალდებულებებზე არაფერია ნათქვამი. სკ-ს 624-ე მუხლის მიხედვით კი სესხის ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, მხარის მიერ კი მოწმეთა ჩვენების გარდა სხვა მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.
გამომდინარე აღნიშნულიდან, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.