Facebook Twitter
3კ-668-02

3კ-668-02 30 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,ქ. გაბელაია

დავის საგანი: გაყრილობის განაჩენის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

დუშეთის რაიონის სოფ. ... სასოფლო საბჭოს 1988წ. 15 ოქტომბრის გაყრილობის განაჩენით ნ. წ.-ის ოჯახს ცალკე გამოეყო მისი ვაჟი, თ. წ.-ი, რომელსაც საკუთრებაში გადაეცა სოფ. ... მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი.

გ. წ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გაყრილობის განაჩენის ბათილად ცნობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ საბუთზე სოფლის საბჭოს თავმჯდომარე ნ. ჭ.-ისა და ნ. წ.-ის სახელით შესრულებული, ხელმოწერები ყალბია.

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საქმეზე ჩატარებული გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა ხელმოწერების ნამდვილობა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. წ.-მა. აპელანტმა მიუთითა, იმ საფუძვლით, რომ სადავო დოკუმენტზე ნ. წ.-ს ხელი მოწერილი ჰქონდა, იძულებით რაც წარმოადგენდა გაყრილობის განაჩენის გაუქმების საფუძველს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. წ.-მა შეცვალა მოთხოვნის საფუძველი.

საკასაციო საჩივრით გ. წ.-ი ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს დადგენილად უნდა ჩაეთვალა ნ. წ.-ის მიერ სადავო დოკუმენტზე იძულებით ხელმოწერის ფაქტი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

გ. წ.-მ სააპელაციო სასამართლოში ვერ წარადგინა იმ ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ გაყრილობის განაჩენი ... სასოფლო საბჭოში დამტკიცდა ნ. წ.-ის ნების საწინააღმდეგოდ.

სკ-ს 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

გ. წ.-მ სასამართლოში სარჩელი აღძრა 2001წ. 10 მაისს კანონით გათვალისწინებული საერთო ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გაყრილობის განაჩენის არსებობა მისთვის ცნობილი გახდა ელექტრო კონტროლიორისაგან, სარჩელის აღძვრამდე ცოტა ხნით ადრე, რადგან საკითხის განხილვა მოხდა სასოფლო საბჭოს აღმასკომის სხდომაზე. სახლის მესაკუთრედ რეგისტრაციაში გატარებულ იქმნა თ. წ.-ი. გ. წ.-ს ჰქონდა შესაძლებლობა ნებისმიერ დროს გაცნობოდა გაყრილობის განაჩენსა და რეგისტრაციის ჩანაწერს.

პალატა თვლის, რომ გ. წ.-ის მოთხოვნა, 1988წ. 15 ოქტომბრის გაყრილობით განაჩენის ბათილად ცნობაზე, ხანდაზმულია და მას სწორად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. წ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 მარტის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.