საქმე N 210100122006661928
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№951აპ-24 14 ნოემბერი, 2024 წელი
ო. ე., 951აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)
ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მიხეილ კუპრაშვილმა, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ე. ო-სათვის სასჯელის გამკაცრებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ, სასჯელის მიზნებს – სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ჩადენილი თითოეული ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით ხასიათდება, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე, დანიშნული სასჯელი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული უნდა იყოს.
2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 8 აგვისტოს განაჩენით ე. ო., – დაბადებული ..., – ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მიესაჯა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ ე. ო-მ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგით:
3.1. 2022 წლის 18 ნოემბერს, დაახლოებით, 09:20 საათზე, ... კორპუსებს შორის ტერიტორიაზე მოძრაობისას, ე. ო. უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მის მიერვე უკანონოდვე შეძენილ მოყავისფერო-მონაცრისფერო ნივთიერებას, საერთო წონით: 8,87643 გრამს, რომელიც შეიცავს დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, საერთო წონოთ: 0,6741 გრამს, რომელიც საქართველოს შს სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ამოუღეს პირადი ჩხრეკის შედეგად.
4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ანა ცუცქირიძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ე. ო-სათვის სასჯელის გამკაცრებას, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ ე. ო-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ი-მ და თ. ი-მ – რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ივნისის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 8 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების – გ. უ-ს, ლ. ს-ს, ე. მ-სა და მ. -ს ჩვენებები, პირადი ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის №... და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექაპერტიზის №... დასკვნები, ასევე – მოწმეების სახით დაკითხული ექსპერტების – მ-სა და ე. ს-ს ჩვენებები, რომლებიც, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ე. ო-მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედება – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა – რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა.
3. კასატორის მიერ სადავო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღსანიშნავია: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
5. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მოთხოვნების მხედველობაში მიღებით, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესიდან (დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას) გამომდინარე, ე. ო-ს განუსაზღვრა ჩადენილი დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის გამკაცრება, სასჯელის მიზნების მისაღწევად, მოცემულ შემთხვევაში, არ არის აუცილებელი.
6. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პირი, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო გასაღებისა, ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა ან მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღებისა) ჩადენისთვის. ე. ო-ს მიმართ, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, რომლის ნასამართლობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გაუქარწყლდებოდა სასჯელის მოხდიდან – 2021 წლის 11 ივნისიდან – ექვსი წლის შემდეგ და, შესაბამისად, ახალი დანაშაულის ჩადენის დროს – 2022 წლის 18 ნოემბერს – მისი ეს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვერ გავრცელდება.
7. ამავდროულად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. შესაბამისად, ვინაიდან ე. ო.ზე არ ვრცელდება ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია და, ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება არ ექცევა ამავე კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაულთა ჩამონათვალში, ე. ო-ს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეფარდებული სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ივნისის განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ივნისის განაჩენი შეიცვალოს:
3. ე. ო. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალოს 2022 წლის 18 ნოემბრიდან;
4. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები – 5 წლით, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება – 10 წლით;
5. ნივთმტკიცებებად ცნობილი – ე. ო-საგან ამოღებული: ნარკოტიკული საშუალება, შესაფუთი პოლიმერული მასალის პაკეტი და ნერწყვის ნიმუში – განადგურდეს, ხოლო ე. ო-საგან ამოღებული: პასპორტი, ფული და შარვალი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
მ. გაბინაშვილი