გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-672-02 12 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, მ. ცისკაძე
დავის საგანი: ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ტ. ქ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ბ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და გადახდილი 13900 აშშ დოლარის უკან დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე კერძო სახლი 30000 აშშ დოლარად შეიძინა 1996წ. 29 მარტს ბ. ბ-ესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ამ თანხის ნაწილი _ 13 900 აშშ დოლარი გადაიხადა და მოითხოვა ბინაში შესახლება, მაგრამ უარი მიიღო.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მხარეებს შორის 1996წ. 29 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება გაუქმდა, ბ. ბ-ეს კი დაეკისრა ტ. ქ-ის სასარგებლოდ 13900 აშშ დოლარის გადახდა.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ტ. ქ-ე არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, გადახდისუუნარო. სკ-ს 399-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეს შეუძლია, უარი თქვას ვალდებულებით ურთიერთობაზე ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის დაუცველად.
ბ. ბ-ემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სკ-ს 405-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელე ტ. ქ-ეს არა აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, როგორც ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დამრღვევს, რადგან თვითონ მყიდველი ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და არა აქვს სრულყოფილად გადახდილი სახლის საფასური. აღნიშნულზე უარის თქმა შეუძლია მხოლოდ ბ. ბ-ეს, მაგრამ იგი არ მოითხოვს ხელშეკრულებიდან გასვლას.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. ქ-ემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ტ. ქ-ე თავის საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. კერძოდ, ნებისმიერ მხარეს შეუძლია, მოშალოს ხელშეკრულება, თუ არსებობს პატივსადები მიზეზი. პატივსადები საფუძვლები კი აბათილებს ვადებს და ვინაიდან მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა წარმოადგენს გრძელვადიან ურთიერთობას, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სკ-ს 399-ე მუხლი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ტ. ქ-ესა და ბ. ბ-ეს შორის 1996წ. 29 მარტს დაიდო თბილისში, ... მდებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც რეგისტრაციაში გატარდა ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1996წ. 28 მარტს. ხელშეკრულებით ბინის ღირებულება შეადგენს 30000 აშშ დოლარს. მოსარჩელე ტ. ქ-ეს გადახდილი აქვს ბინის ღირებულების ნაწილი _ 13900 აშშ დოლარი და გადასახდელი აქვს 16 100 აშშ დოლარი.
პალატა თვლის, რომ ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პრეტენზია, რომ განსახილველი დავა მხარეთა შორის სააპელაციო სასამართლოს სკ-ს 399-ე მუხლის შესაბამისად უნდა გადაეწყვიტა, ვინაიდან მხარეთა შორის წარმოდგენილი ურთიერთობა არ მიეკუთვნება გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობას.
კასატორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სკ-ს 405-ე მუხლი, რადგან აღნიშნული ნორმა არეგულირებს ხელშეკრულების ერთი მხარის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივ შესაძლებლობას, თუ ხელშეკრულების მეორე მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ვინაიდან ბ-ეს არ დაურღვევია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, იგი არ მოითხოვს ხელშეკრულებიდან გასვლას. ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებს მყიდველი ტ. ქ-ე. ამ უკანასკნელს კი არა აქვს იურიდიული უფლებამოსილება, უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე და გავიდეს ხელშეკრულებიდან, ვინაიდან ხელშეკრულების დარღვევას ადგილი აქვს არა გამყიდველის, ბ. ბ-ის, არამედ _ მისი ბრალით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ტ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.