¹3კ-673-02 12 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, ლ. გოჩელაშვილი
E
სარჩელის საგანი: ვალის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 13 ივნისს გ. ხ-შვილმა ტ. ც-ძის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2000წ. 28 ნოემბერს მოპასუხეს თვეში 3%-ის დარიცხვით ასესხა 2500 აშშ დოლარი 6 თვის ვადით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის ბინა მდებარე ... ქ. თბილისში. გადახდის ვადის ამოწურვის მიუხედავად, მოპასუხემ ვალი არ გადაიხადა.
მოსარჩელემ მოითხოვა იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციის გზით ვალის დაბრუნება.
2001წ. 23 ივლისს მოსარჩელემ დამატებითი სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოპასუხისაგან პროცენტის ჩათვლით საერთო ჯამში მოითხოვა 2950 აშშ დოლარის დაბრუნება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხელშეკრულება 2500 აშშ დოლარზე კი არ იყო დადებული, არამედ სინამდვილეში მან ისესხა 2000 აშშ დოლარი, ხელშეკრულება კი გაფორმდა 2500 აშშ დოლარზე, რისთვისაც მას ყურადღება არ მიუქცევია. ასევე შეცდომით გააფორმა იპოთეკის ხელშეკრულებაც.
სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსარჩელემ გაადიდა სარჩელის მოთხოვნა და სარჩელში მითითებული 2950 აშშ დოლარის ნაცვლად მოითხოვა 3400 აშშ დოლარის გადახდა, ამასთან, საერთოდ არ მოუთხოვია იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა 3400 აშშ დოლარის გადახდა. რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული თანხიდან 2500 აშშ დოლარი წარმოადგენდა სესხის ძირითად თანხას, ხოლო 900 აშშ დოლარი იყო მასზე დარიცხული პროცენტი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეს გადასახდელად დაეკისრა 2950 აშშ დოლარი.
სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მხარეებს შორის 2000წ. 8 ნოემბერს სანოტარო წესით დაიდო სესხის ხელშკერულება 6 თვის ვადით 2500 აშშ დოლარზე და სარგებლის სახით დაწესდა ყოველთვიურად 3%. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის ბინა. მოპასუხეს არც ძირითადი ვალი და არც მისი პროცენტი არ გადაუხდია.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე სარჩელით მოითხოვდა 2500 აშშ დოლარის დაბრუნებას. დამატებითი სარჩელით მოითხოვა 2950 აშშ დოლარის დაბრუნება, სასამართლომ კი მოპასუხეს დააკისრა 3400 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მოთხოვნის გაზრდის უფლება გააჩნდა საქმის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე, მან კი სარჩელის მოთხოვნა გაზარდა პაექრობისას. პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა რა მოსარჩელის მოთხოვნა 3400 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ, გასცდა მოთხოვნის ფარგლებს, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხემ აღიარა ვალი 2950 აშშ დოლარის ფარგლებში და მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო ამ ფარგლებში.
2002წ. 19 აპრილს მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალა განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:
კასატორს მიაჩნია, რომ ვინაიდან სასესხო ხელშეკრულების 5.1 მუხლი მიუთითებდა, რომ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები მოქმედებდა სასესხო ვალდებულების მთლიან შესრულებამდე, სესხზე პროცენტის დაქვითვის აუცილებლობა გრძელდებოდა საქმის განხილვის პროცესშიც. სარჩელის შეტანის დროს მოპასუხეს 2950 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა პროცენტის ჩათვლით, მაგრამ რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროს პროცენტის ჩათვლით გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა 3400 აშშ დოლარს და ამიტომაც იქნა მის მიერ მოთხოვნილი მითითებული თანხის ანაზღაურება. კასატორს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილი. მან საქმის მომზადების სტადიაზე გაზარდა სარჩელის მოთხოვნა 900 აშშ დოლარით იმ მოტივით, რომ საქმის განხილვა ჭიანურდებოდა და სესხზე გადაუხდელი პროცენტის გამო დავალიანება პროცენტის სახით უკვე 900 აშშ დოლარს წარმოადგენდა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებულია, ვინაიდან მასში არაა მითითებული იმ გარემოებებზე, თუ რატომ არ დაეკისრა მოპასუხეს გადასახდელად ის ხარჯები, რომელიც მან გასწია მოცემული საქმის განხილვასთან დაკავშირებით.
კასატორმა ასევე მიუთითა, რომ იგი სარჩელით მოითხოვდა სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციას, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ამ გარემოებებს არავითარი ყურადღება არ მიაქცია და თავის გადაწყვეტილებაში ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი მიუთითა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტლება უნდა გაუქმდეს და სარჩელი 3400 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრების ნაწილში, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2000წ. 28 ნოემბერს დაიდო სესხის ხელშკერულება 2500 აშშ დოლარზე 6 თვის ვადით. ხელშეკრულებით სარგებლის სახით განისაზღვრა 3%. ხელშეკრულება დამოწმებულ იქნა ნოტარიუსის მიერ. მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.
მოსარჩელემ სარჩელით თავდაპირველად მოითხოვა 2500 აშშ დოლარის ანაზღაურება. დამატებითი სასარჩელო განცხადებით 2500 აშშ დოლართან ერთად მოითხოვა იმ დროისათვის გადაუხდელი პროცენტის, სულ 2950 აშშ დოლარის, ანაზღაურებაც, ხოლო საქმის მოსამზადებელ სხდომაზე განხილვის დროს, კერძოდ, 2001წ. 19 ოქტომბერს გაზარდა მოთხოვნა და ამჯერად პროცენტის სახით მოითხოვა უკვე ამ დროისათვის გადაუხდელი პროცენტის, 900 აშშ დოლარის, სულ კი 3400 აშშ დოლარის დაკისრება. აღნიშნული მოთხოვნა მოსარჩელემ დაადასტურა 2001წ. 1 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზეც. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ დაუყენებია.
სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და მოპასუხეს გადასახდელად დააკისრა 3400 აშშ დოლარი და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 182 ლარისა და 71 თეთრის გადახდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ რაიონული სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს _ მოსარჩელე მხოლოდ 2950 აშშ დოლარის ანაზღაურებას მოითხოვდა, სასამართლომ კი მოპასუხეს გადასახდელად დააკისრა 3400 აშშ დოლარი და რომ მოსარჩელის მიერ თითქოს სასარჩელო მოთხოვნის გადიდება მოხდა სასამართლო კამათის დროს. სააპელაციო საამართლომ მიუთითა, რომ ამით რაიონულმა სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. სააპელაციო სასამართლოს ამ საკითხის გადაწყვეტის დროს არ უმსჯელია საქმეში წარმოდგენილ 2001წ. 9 ოქტომბრის თარიღით შედგენილ სხდომის ოქმზე, რომელშიც მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და რომელიც, ოქმის შინაარსიდან გამომდინარე, მოსამზადებელი სხდომის ოქმად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან ამ სხდომაზე გადაწყდა საქმის მთავარ სხდომაზე 2001წ. 1 ნოემბრისათვის დანიშვნის საკითხი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ მიმართებით კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა და არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მეორე ნაწილი და სათანადო შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ სხდომის ოქმის, წარმოადგენს დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას.
მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე იგი მოითხოვდა, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, გაადიდოს ან Aშეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სარჩელის ფარგლებში სარჩელის განხილვის ვადის გაჭიანურების გამო გაზარდა შეუსრულებელი ხელშეკრულების შედეგად გადასახდელი პროცენტის ოდენობა. საქმის მოსამზადებელ სტადიაზე რაიონული სასამართლო უფლებამოსილი იყო მიეღო მოსარჩელის მოთხოვნა და განეხილა იგი და დაეკმაყოფილებინა, ვინაიდან მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით მკაფიოდ იყო განსაზღვრული სესხის ოდენობა, მასზე გადასახდელი პროცენტი და ხელშეკრულების ვადა. ამავე ხელშეკრულებაში 5.1 მუხლი კი მიუთითებდა, რომ ხელშეკრულებაში მითითებული პირობები მოქმედებდა ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
აქედან გამომდინარე, მცდარია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს რაიონული სასამართლო გასცდა სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლებს.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, რაოდენობისა და ხარისხის ნივთები.
ამავე კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებთ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც, ხოლო ამავე კოდექსის 625-ე მუხლი ითვალისწინებს იმასაც, რომ სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ საპროცენტო განაკვეთის ზღვრულ ოდენობასთან. ამ წესის დარღვევით პროცენტის შესახებ დადებული შეთანხმება ბათილია.
მოცემულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული ნორმების დაცვით დადგენილია სესხის არსებობა. იგი გაფორმებულია წერილობითი ფორმით და სესხისათვის დაწესებული პროცენტი გონივრულ შესაბამისობაშია ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან. აქედან გამომდინარე, კრედიტორი უფლებამოსილია, მოითხოვოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება, ხოლო მოვალე ვალდებულია, შეასრულოს ხელშეკრულება _ გადაიხადოს სესხის როგორც ძირითადი თანხა, ისე მისი პროცენტი, ვინაიდან 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხოლო ამავე კოდექსის 626-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სესხი წინასწარ არის ვადით განსაზღვრული, მაშინ ვალიცა და პროცენტიც გადახდილ უნდა იქნეს ვადის დადგომისას.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს სრული უფლება ჰქონდა ხელშეკრულებაში მითითებული ვადის დადგომისას მოეთხოვა როგორც ძირითადი ვალის, ისე _ მისი პროცენტის დაბრუნებაც, ხოლო ვადის გადაცილების შემდეგ ხელშეკრულების 5.1 მუხლის შესაბამისად ძირითად ვალთან ერთად შეეძლო, მოეთხოვა ხელშეკრულების შესრულების ვადის გასვლის შემდეგ ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე იგივე ოდენობის პროცენტის გადახდა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებასთან _ იპოთეკით დატვირთული მოპასუხის ბინის რეალიზაციის თაობაზე, ვინაიდან სარჩელში მითითებული აღნიშნული გარემოებების შესახებ მოსარჩელეს მოთხოვნა არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს არ დაუყენებია და ცხადია, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით არც სასამართლოებს ჰქონიათ მსჯელობა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციის საკითხი არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ განუხილავს. მოსარჩელეს სამოქალაქო კოდექსის მე-300, 301-ე მუხლების დაცვით უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს დადგენილი წესით და თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის შედეგად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის წინადადების შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით სულ გადახდილი აქვს 214 ლარი და 71 თეთრი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევების გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
გ. ხ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს. ტ. ც-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 3400 აშშ დოლარის გადახდა. მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული სასამართლო ხარჯების, 214 ლარის და 71 თეთრის, გადახდა.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არა გასაჩივრდება.