Facebook Twitter

674-02 6 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს “ჯ.-მ" სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს “ჭ.-ის” მიმართ და მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 218229 აშშ დოლარის დაკისრება. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1991წ. 23 აპრილს კოოპერატივმა ,,გ.-მ”, რომლის სამართალმემკვიდრეა შპს “ჯ.-ა", სესხის სახით, უპროცენტოდ, 3 წლის ვადით შპს “ჭ.-ს" ჩაურიცხა 128882 მანეთი სამსხვრეველას შესაძენად. მოპასუხემ ამ თანხით შეიძინა სამსხვრეველა და დაამონტაჟა იგი. მიუხედავად მოსარჩელის მრავალი მოთხოვნისა, მოპასუხემ ნასესხები თანხა არ გადაიხადა. მოპასუხემ 2001წ. 26 სექტემბერს წერილობით აღიარა ვალი. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის ვალის აშშ დოლარებში დაკისრება. პირველი ინსტანციის სასამართლომ აჭარის ა/რ ცენტრალური ბანკის მიერ 2001წ. 7 თებერვალს გაცემული ცნობის საფუძველზე მოპასუხეს დააკისრა 180000 აშშ დოლარი.

მოპასუხემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა საპელაციო წესით. აპელანტი საჩივარში მიუთითებდა, რომ სასამართლოს მიერ მანეთის აშშ დოლარებში გადაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა ოფიციალური კურსი, რაც არასწორია. აპელანტის მითითებით, გადაანგარიშება უნდა მომხდარიყო საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობის საფუძველზე კუპონის და ლარის ინფლაციის გათვალისწინებით.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საპელაციო პალატის 2002წ. 11 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილება: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 43604 ლარისა და მოსარჩელისათვის იურიდული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის _ 1744 ლარის _ გადახდა.

პალატა მიუთითებს, რომ სკ-ს 389-ე მუხლის, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის და საქართველოს ეროვნული ბანკის 1993წ. 24 ივლისის დადგენილებისა და საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995წ. 16 სექტემბრის ¹363 ბრძანებულების შესაბამისად გადასახდელმა ვალმა შეადგინა 0,128 ლარი. მიუხედავად აღნიშნულისა, პალატამ გაითვალისწინა აუდიტორული დასკვნა, რომლის შესაბამისად სამსხვრეველას დანადგარის შეძენაზე გადახდილი თანხის რეალური ღირებულება 43604 ლარია, რომელსაც მოპასუხეც აღიარებს და სამართლიანად მიიჩნია მოპასუხეზე 43604 ლარის დაკისრება.

პალატა მიუთითებს, რომ, რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას, რომ ზემოთ დასახელებულ თანხას უნდა გამოაკლდეს 9878 ლარი, რომელიც მათ მიერ გადახდილი იყო აღნიშნული ვალის ნაწილობრივ დასაფარავად, პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან მას ამის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ წარმოუდგენია.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

კასატორი მიუთითებს, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სკ-ს 389-ე მუხლი. კასატორის მითითებით, სასამართლომ საერთოდ არ გამოიყენა სკ-ს 623-ე მუხლი, რომლის თანახმად მსესხებელმა უნდა დააბრუნოს მიღებული ფული და არა _ ნივთი.

კასატორი მოითხოვს სსკ-ს 411-ე მუხლის თანახმად მთლიანად გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდეს.

სასამართლოს შეგებებული საკასაციო საჩივრით მიმართა შპს “ჭ.-მ". კასატორი მიუთითებს, რომ მასზე დაკისრებულ თანხას უნდა გამოაკლდეს 9878 ლარი, რადგან აღნიშნული ღირებულების მასალა მათ გადაუტვირთეს მოსარჩელეს. აღნიშნული ფაქტის დადასტურებაზე მოსარჩელეს არასდროს უთქვამს უარი. ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში შეტანილ განცხადებაში კი მოსარჩელე მიუთითებს, რომ შპს “ჭ.-მ" სესხის დასაფარად გადასცა 4750 აშშ დოლარის ღირებულების ინერტული მასალა.

მოპასუხე მიუთითებს, რომ სარჩელი ხანდაზმულია და იმის გარდა, რაც მხარემ ცნო, მას თანხა არ უნდა დაეკისროს აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 394-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სსკ-ს 149-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში პალატა მიუთითებს შემდეგზე: რომ რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას, რომ 43604 ლარს უნდა გამოაკლდეს 9878 ლარი, რომლის ღირებულების მასალა მათ მიერ მიწოდებული იყო აღნიშნული ვალის ნაწილობრივ დასაფარავად, პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან ამის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ წარმოუდგენია, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ ასეთი არ დაადასტურა.

შპს “ჭ.-ის" ქარხნის დირექტორი შეგებებულ საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში შეტანილ განცხადებაში მოწინააღმდეგე მხარე მიუთითებს, რომ შპს “ჭ.-ის" ქარხანამ სესხის დასაფარავად მათ მისცა 4750 აშშ დოლარის ღირებულების ინერტული მასალა.

საკასაციო პალატა იზიარებს შპს “ჭ.-ის" საკასაციო პრეტენზიას, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა და შეფასება მიეცა მხარის აღნიშნული განაცხადისათვის.

სსკ-ს 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

საქმის განმხილველმა სასამართლომ ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობის დადასტურების შემთხვევაში, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის შესაგებელს, უნდა იმსჯელოს და გადაწყვეტილებაში აღნიშნოს, რატომ არ მიაჩნია აღნიშნული საკმარის მტკიცებულებად.

ასეთ შემთხვევაში სასამართლომ ასევე უნდა გაითვალისწინოს სსკ-ს 133-ე მუხლის მოთხოვნები, რომელიც ითვალისწინებს მხარის აღიარების გაქარწყლებას.

სსკ-ს 249-ე მუხილს მე-4 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელშიც სასამართლო უთითებს, რომ პალატა ითვალისწინებს საქმეში არსებულ, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ 2002წ. 6 თებერვალს გაცემულ ცნობას, რომლის თანახმად 128882 რუსული მანეთი, მანეთისა და კუპონის ინფლაციის გათვალისწინებით, 2002წ. იანვრის მდგომარეობით შეადგენდა 41867 ლარს და 2001წ. 7 მარტის აუდიტორულ დასკვნას, რომლის მიხედვით სამხვრეველას დანადგარის შეძენაზე გადახდილი თანხის დღევანდელი რეალური ღირებულება შეადგენს 43604 ლარს, ასევე ამ ნაწილში მოპასუხე შპს “ჭ.-ის” მიერ სარჩელის აღიარებას და მიუხედავად სკ-ს 389-ე მუხლის მოთხოვნისა, გონივრულად და სამართლიანად თვლის მოპასუხისათვის 43604 ლარის დაკისრებას.

სასამართლო არ უთითებს კანონზე, რომლის შესაბამისად იგი აკმაყოფილებს სარჩელს. Aშესაბამისად, შეუძლებელია საკასაციო სასამართლომ იმსჯელოს, დარღვეულია თუ არა სამართლის ნორმები.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სსკ-ს 249-ე მუხლის მოთხოვნები, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.