3კ-675-02 22 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ლ.-მ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მ. ღ.-ისა და კ. ტ.-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებს შორის 1998 წლის 13 მაისს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მინაშენის გაყიდვის ნაწილში ხელშეკრულების გაუქმება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ქ.ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მისი და მისი ოჯახის წევრების გამოსახლების შესახებ სააღსრულებლო საქმის წარმოების შეჩერება.
სარჩელის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა, რომ მისმა მეუღლემ, გ. ლ.-მ ზ. დ.-ისაგან ისესხა 3000 აშშ დოლარი. ზ. დ.-მ ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად, გ. ლ.-ს თავისი მეუღლის მ. ღ.-ის სახელზე გააცემინა გენერალური მინდობილობა ქ.ქუთაისში ... მდებარე საცხოვრებელ სახლზე, რის შემდეგაც მ.ღ.-მ აღნიშნული სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება გააფორმა კ. ტ.-ზე. მ.ღ.-მ, რომელსაც მხოლოდ დამთავრებული სახლის გაყიდვის უფლება ჰქონდა მინდობილი, მასთან ერთად მოახდინა მინაშენის გაყიდვაც, მაშინ როცა ყიდვა-გაყიდვის ობიექტს მინაშენი არ წარმოადგენდა. იგი იყო დაუმთავრებელი, არ იმყოფებოდა ექსპლუატაციაში. მ.ღ.-მ მოახერხა დაუმთავრებელი ობიექტი ექსპლუატაციაში მიეღო. აღნიშნულის შესახებ შემდგარი აქტი ლ. ლ.-ის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს 2001 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2001 წლის 26 ივლისს მიღებული განჩინებით დააკმაყოფილა ლ.ლ.-ის მოთხოვნა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ქ.ქუთაისში ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ლ.ლ.-ისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება შეაჩერა, ხოლო იმავე წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ლ.ლ.-ის სარჩელი და საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში შეიტანა ცვლილება: გააუქმა ხელშეკრულება მინაშენის ყიდვა-გაყიდვის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება კახაბერ ტ.-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 22 მარტის განჩინებით კ. ტ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და აღნიშნულ საქმეზე უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ლ.-მა 1996 წლის აგვისტოში ანდო თავისი ქონება მ. ღ.-ს და დართო მას ნება აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით დაედო კანონით ნებადართული ყოველგვარი გარიგება, მათ შორის, მოეხდინა მისი გასხვისება. გ.ლ.-ის მიერ მ.ღ.-ეზე მინდობილობის გაცემასთან დაკავშირებით, მისი ნება გამოხატა გ.ლ.-ის მეუღლემ ლ.ლ.-მაც და მეუღლეს მისცა თანხმობა გაეყიდა მის სახელზე აღრიცხული ბინა მდებარე ... ქ. ქუთაისში.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ.ლ.-ის მიერ მ.ღ.-ეზე გაცემული მინდობილობა არ აძლევდა უფლებას წარმომადგენელს გაესხვისებინა მარწმუნებლის მიერ მეუღლესთან ერთობლივად ნაწარმოები და დაუმთავრებელი მინაშენი. აღნიშნულ მინდობილობასთან დაკავშირებით გაცემულ თანხმობაში ლ.ლ.-მ მიუთითა რომ თანახმა იყო წარმომადგენელს გაეყიდა მხოლოდ გ.ლ.-ის სახელზე აღრიცხული ბინა (სახლი) და არა სახლის ის ნაწილი, რომელიც არ იყო აღრიცხული. მ.ღ.-მ 1998 წლის მაისში დადო რა საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება კ.ტ.-თან გადაამეტა მინიჭებულ უფლებამოსილებას და გაყიდა არა მარტო გ.ლ.-ის სახელზე მინდობილობის მიღების დროისათვის აღრიცხული საცხოვრებელი სახლი, არამედ მიშენებაც, რომელიც შენობა-ნაგებობის ექსპლოატაციაში მიმღებ სათანადო კომისიას, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე, მიაღებინა ექსპლოატაციაში და აღრიცხა ტექ.აღრიცხვის ბიუროში. მინაშენის ექსპლოატაციაში გაშვების შესახებ სახელმწიფო მიმღები კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, 1998 წლის 22 აპრილს მიღებული ¹88/98 აქტი გაუქმებული იქნა სასამართლოს 2001 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით, რომელიც შევიდა კანონიერ ძალაში.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მართალია, ახალმა სკ-მ დაუმთავრებელი საცხოვრებელი სახლის ან ნაგებობის გასხვისება არ აკრძალა, მაგრამ ამავე დროს თანახმად ამავე კოდექსის 487-ე მუხლისა, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს როგორც ნივთობრივად, ისე უფლებრივად უნაკლო ნივთი, ამავე კოდექსის 489-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ნივთი უფლებრივად უნაკლოდ ითვლება, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველის პრეტენზია თავისი უფლებების გამო. კონკრეტული შემთხვევაში სადავო ობიექტი – მინაშენი უფლებრივად არ იყო უნაკლო, ვინაიდან მასზე მეუღლეებს თანაბარი უფლებები გააჩნდათ, ხოლო იმის გამო, რომ იგი არ იყო დამთავრებული, არც კი იყო აღრიცხული. ვინაიდან ლ. ლ.-მ მეუღლეს მისცა თანხმობა გაესხვისებინა მხოლოდ მის სახელზე რიცხული ბინა, ხოლო თავის მხრივ გ. ლ.-მ მ. ღ.-ს ასევე ანდო მხოლოდ თავისი საკუთრება და არა მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონება, მ.ღ.-ეს უფლება არ ჰქონდა გ.ლ.-ის სახელზე აღერიცხა მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონება, მ.ღ.-ეს უფლება არ ჰქონდა ბ.ლ.-ის სახელზე აღერიცხა მეუღლეთა მიერ ერთობლივად ნაწარმოები და დაუმთავრებელი მინაშენი და შემდეგ მოეხდინა მისი გასხვისება. ამდენად, საპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მინაშენი უფლებრივად დატვირთულია, ის წარმოადგენდა მეუღლეთა მიერ ერთობლივად ნაწარმოებ მშენებლობას და მისი გასხვისებისათვის საჭირო იყო, თანახმად სკ-ს 1159-ე მუხლისა, ლ.ლ.-ის თანხმობაც, რაც მ.ღ.-ეს არ გააჩნდა.
კ. ტ.-მ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების მთლიანად გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
კასატორის მოსაზრებით სააპელაციო პალატის განჩინება დაუსაბუთებელია, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მინდობილობა, საიდანაც ირკვევა, რომ ბ.ლ.-მ მ.ღ.-ს მისცა მინდობილობა მთელ ქონებაზე, მინაშენის გამორიცხვის გარეშე.
კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მოსარჩელის ქალიშვილი და მული აცხადებდნენ დამოუკიდებელ მოთხოვნას მინაშენზე, რასაც ადასტურებდა ასევე მოსარჩელე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელემ თანხმობა მისცა მეუღლეს გაეყიდა მის სახელზე რიცხული სახლი, ხოლო ამ სახლზე ნაწარმოები მინაშენის გაყიდვაზე მისი თანხმობა არ გააჩნდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მინაშენის, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენდა, გასხვისებისათვის საჭირო იყო სკ-ს 1159-ე მუხლის თანახმად მოსარჩელის თანხმობა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის აღნიშნული დასკვნა დაუსაბუთებელია.
სამოქალაქო კოდექსის პირველი ნაწილის თანახმად ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ნივთის შემადგენელი ნაწილის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება სამოქალაქო ბრუნვის ტრადიციები, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს, თვით ნივთის სამეურნეო დანიშნულება. ნივთის შემადგენელ ნაწილად უნდა ჩაითვალოს ის, რაც მიზნობრივადაა დაკავშირებული მასთან. ასევე საჭიროა, რომ ამ კავშირის შედეგები განვიხილოთ, როგორც ერთიანი ნივთი. როცა ნივთების კავშირით იქმნება ერთიანი ნივთი, მაშინ არ შეიძლება ვილაპარაკოთ სხვადასხვა ნივთებზე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკუთრების უფლებით. გამონაკლის რეჟიმს ექვემდებარება მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომელიც ერთიანი მიწის ნაკვეთის შემადგენელ ნაწილად ჩაითვლება მაშინაც, როცა ისინი, ერთმანეთთან არ არიან დაკავშირებული ან სხვადასხვა სამეურნეო მიზნებს ემსახურებიან (სკ-ს 150-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
ამდენად, არსებით შემადგენელ ნაწილს მიეკუთვნება ის, რაც სამართლებრივად დაკავშირებულია ნივთთან და არ წარმოადგენს განსაკუთრებული უფლების ობიექტს. ე. ი. არსებითი შემადგენელი ნაწილის ბედი მთლიანადაა დაკავშირებული ნივთთან და შეუძლებელია შემადგენელი ნაწილის დამოუკიდებელი განკარგვა.
დადგენილია, რომ გ.ლ.-მ მ.ღ.-ის სახელზე გაცემული მინდობილობით გამოხატა ნება გაეყიდა მის სახელზე აღრიცხული სახლი, რაზედაც თანხმობა მისცა მისმა მეუღლემ (მოსარჩელემ). უდავოა, რომ სახლის მიწის ნაკვეთისაგან დამოუკიდებელი განკარგვა შეუძლებელია. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად კ.ტ.-მა იყიდა სახლი განლაგებული 452 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე. სასამართლომ მინაშენის ნაწილში გააუქმა ნასყიდობის ხელშეკრულება ისე, რომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, არ გამოიკვლია მინაშენი სამართლებრივად დაკავშირებულია თუ არა ძირითად სახლთან და იმ მიწის ნაკვეთთან, რომელზეც განლაგებულია ძირითადი საცხოვრებელი სახლი და წარმოადგენს თუ არა ცალკე უფლების ობიექტს.
დაუსაბუთებელია ასევე სააპელაციო პალატის დასკვნა იმის თაობაზე, რომ სახლის მინაშენი უფლებრივად დატვირთული იყო, ის წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას, რისთვისაც საჭირო იყო მეუღლის თანხმობა.
პალატის მოსაზრებით მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში ერთად შეძენილ – სკ-ს 1158-ე მუხლით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე (თანასაკუთრებაზე) მეუღლეთა საკუთრების უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში ორივე მათგანის რეგისტრაციის შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში მესამე პირების მიმართ რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად.
საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ ასევე უნდა გამოიკვლიოს იყო თუ არა კ. ტ.-ი სკ-ს 185-ე მუხლის შესაბამისად კეთილსინდისიერი შემძენი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა 2002 წლის 22 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.