Facebook Twitter
3კ-676-02

3კ-676-02 16 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: ავტომანქანის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 3 მაისს ლ. ა.-მ, გ. ქ.-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2000წ. 17 ნოემბერს მან მოპასუხე გ. ქ.-თან დადო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოპასუხეს 3 წლის ვადით გადასცა თავისი კუთვნილი ავტომანქანა “გაზ-33021". ხელშეკრულების შესაბამისად მოპასუხე ვალდებული იყო, ყურადღება მიექცია მანქანის ტექნიკური მდგომარეობისათვის. ამასთან, ავტომანქანის დაზიანების შემთხვევაში გადაეხადა მისთვის 5000 აშშ დოლარი. ვინაიდან ვიზუალური დათვალიერებით მისი ა/მანქანა საეჭვო მდგომარეობაშია, მოითხოვა ხელშეკრულებიდან გასვლა, კუთვნილი ავტომანქანის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება, ანდა მოპასუხისათვის 5000 აშშ დოლარის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი ცნო ავტომანქანის დაბრუნების ნაწილში, ხოლო ავტომანქანის დაბრუნების ნაცვლად 5000 აშშ დოლარის დაბრუნების ნაწილში სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მითითებული ავტომანქანა დაზიანებული არ არის, ამიტომ ხელშეკრულების შესაბამისად მანქანის ნაცვლად ფულის დაბრუნების მოთხოვნის საფუძველიც არ არსებობს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა 5000 აშშ დოლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ, ვინაიდან სადავო ავტომანქანის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება შეუძლებელი იყო, ამიტომ ანაზღაურება უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების მიხედვით, მითითებული თანხის შესაბამისად.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 22 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის დაბრუნება. დანარჩენ ნაწილში სარჩელს დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება მოპასუხეს არ უკრძალავდა მითითებული ავტომანქანის ტარებას, უფრო მეტიც, თუ ავტომანქანის გადაადგილება არ მოხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაც არ შესრულდებოდა. ხელშეკრულებაში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ ავტომანქანას გარბენილი აქვს 16000 კმ და თუ დაბრუნების შემთხვევაში ავტომანქანას მეტი გარბენა ექნებოდა, ეს მოსარჩელეს აძლევდა უფლებას, მოეთხოვა მანქანის ნაცვლად 5000 აშშ დოლარის დაბრუნება, უსაფუძვლო იყო ვინაიდან ხელშეკრულებაშივე გათვალისწინებული პირობების, როგორიცაა: ავტომანქანის მესაკუთრის მიერ გ. ქ.-ისათვის 3 წლის ვადით მინდობილობით გადაცემა, მისი ტექნიკური დათვალიერება და სხვა, იძლევა იმის საფუძველს, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებდა ავტომანქანის იმდაგვარად დაბრუნებას, რომ მას გარბენილი ექნებოდა უფრო მეტი მანძილი, ვიდრე, ხელშეკრულების შედგენის დროს. რაც შეეხება ხელშეკრულებაში აღნიშნულ სხვა პირობებს (საბურავების ცვეთას და მანქანის დაზიანებას) სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთი მოპასუხის მხრიდან დარღვეული არ იყო. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ავტომანქანის დაზიანების ან საბურავების ცვეთის გაუარესების ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ავტომანქანის ნაცვლად 5000 აშშ დოლარის დაბრუნების შესახებ უსაფუძვლო იყო იმითაც, რომ თვით მოსარჩელე აღნიშნავდა მანქანის შეფასების ოდენობის არარეალურობასა და მის სიმბოლურ ხასიათს.

2002წ. 22 აპრილს ლ. ა.-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი მიუთითებს, რომ მართალია, მან მოპასუხეს ავტომანქანა გადასცა მართვის უფლებით, მაგრამ მოპასუხეს ავტომანქანა არ უნდა გამოეყენებინა საკუთარი მიზნებისათვის. ავტომანქანა უნდა დაეყენებინა თავის სახლში. ამჟამად კი ავტომანაქანა დაზიანებულია. სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა ზემოთ მითითებულ გარემოებას და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 3 წლის ვადით მართვის მინდობილობით გადასცა მისი კუთვნილი ავტომანქანა “გაზ-33021". ამ ხელშეკრულების შესაბამისად მოპასუხე ვალდებული გახდა, ყურადღება მიექცია ავტომანქანის ტექნიკურ დათვალიერებასა და მოვლა-პატრონობაზე.

ხელშეკრულებით დაფიქსირდა ხელშეკრულების დადების დროისათვის გარბენილი კილომეტრების ოდენობა და საბურავების მდგომარეობა.

მანქანის მესაკუთრეს დარჩა უფლება, მოეთხოვა ავტომანქანის დაბრუნება ნებისმიერ დროს, ხოლო მოპასუხე ვალდებული იყო, დაებრუნებინა ავტომანქანა პირვანდელ მდგომარეობაში მოთხოვნისთანავე. ავტომანქანის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში მოპასუხე პასუხისმგებლობას კისრულობდა, ხელშეკრულებითYგათვალისწინებული 5000 აშშ დოლარის ან ანალოგიური მარკის ავტომანქანის დაბრუნებას.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ავტომანქანის დაზიანების (დაკარგვის) შესახებ მტკიცებულებები მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა.

დადგენილია, რომ საბურავები დაზიანებული არ არის. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მისი კუთვნილი ავტომანქანის ნაცვლად მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 5000 აშშ დოლარი, დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ავტომანქანის გარბენის შესახებ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული მანძილის გაზრდა თვით ხელშეკრულებითაა დადგენილი, კერძოდ, ხელშეკრულების პირველივე მუხლში მითითებულია, რომ ავტომანქანა მოპასუხეს გადაეცა “მართვის მინდობილობით". ამ ფაქტს ადასტურებს ხელშეკრულების მე-3 მუხლიც, რომლითაც მოპასუხეს ევალება ავტომანქანის ტექნიკური დათვალიერებისა და მოვლა-პატრონობის განხორციელბა (ტექნიკური დათვალიერების განხორციელება შეუძლებელია ავტომანქანის გადაადგილების გარეშე). აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ, თუ ავტომანქანას გარბენილი ექნება მეტი მანძილი, ვიდრე ჰქონდა ხელშეკრულების დადგენამდე, ეს შეიძლება გახდეს მისი პირვანდელ მდგომარეობაში დაუბრუნებლობის პირობა და ავტომანქანის ნაცვლად ხელშეკრულებაში აღნიშნული თანხის მოთხოვნის საფუძველი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ყველა შემთხვევაში ავტომანქანის დაბრუნების დროს სადავო ავტომანქანას უფრო მეტი მანძილი ექნებოდა გარბენილი, ვიდრე მანამ, სანამ ხელშეკრულება დაიდებოდა ავტომანქანის მართვის მინდობილობის შესახებ, ამიტომ ეს გარემოება არ იძლევა ხელშეკრულების შესაბამისად ავტომანქანის პირვანდელ მდგომარეობაში დაუბრუნებლობის ან მის ნაცვლად თანხის მოთხოვნის საფუძველს.'კასატორს ავტომანქანის ნაცვლად თანხის მოთხოვნის საფუძველს აძლევს ხელშეკრულების მე-7 მუხლი, სადაც მითითებულია, რომ ავტომანქანის დაზიანების ან დაუბრუნებლობის შემთხვევაში მოპასუხე ვალდებულია, გადაუხადოს მანქანის მესაკუთრეს ხელშეკრულებაში მითითებული თანხა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

სკ-ს 709-ე მუხლის შესაბამისად დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული, მინდობილი, ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯით

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც მესაკუთრე ავტომანქანას 3 წლის ვადით მართვის მინდობილობით გადასცემდა მოპასუხეს და ავალებდა ავტომანქანის ტექნიკურ დათვალიერებას და მოვლა-პატრონობას, დავალების ხელშეკრულებაა.

სკ-ს 720-ე მუხლის შესაბამისად დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა შეიძლება ნებისმიერ დროს, შეთანხმება კი ამ უფლებაზე უარის თქმის შესახებ ბათილია. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების წარმოშობის საფუძველს კი სკ-ს 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად წარმოადგენს მონაწილეთა შორის ხელშეკრულების არსებობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის არსებობდა ხელშეკრულება, რომლითაც გათვალისწინებული იყო პირობა ფულადი ანაზღაურების შესახებ. კერძოდ, მოპასუხეს 5000 აშშ დოლარი უნდა დაებრუნებინა მოსარჩელისათვის ავტომანქანის ნაცვლად იმ შემთხვევაში, თუკი ავტომანქანა ხელშეკრულების შეწყვეტის დროს დაზიანებული ან დაკარგული იქნებოდა. დადგენილია, რომ ავტომანქანა დაკარგული არ არის. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების მე-7 მუხლი, ანუ დააზიანა მანქანა. ასეთ შემთხვევაში ავტომანქანის დაბრუნების ნაცვლად თანხის დაბრუნება დაუშვებელია, რაზეც სწორად უთხრა უარი სააპელაციო სასამართლომ.

სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას.

სსკ-ს 215-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად მხარეთა და მათი წარმომადგენლების განცხადებები და შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენისა თუUგამოთხოვის, აგრეთვე, საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ შეიძლება დააკმაყოფილოს სასამართლომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შუამდგომლობები და განცხადებები საპატიო მიზეზით არ იყო აღძრული სასამართლო განხილვისათვის საქმის მომზადების სტადიაზე. ამავე კოდექსის 380-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ახალი ფატქები და მტკიცებულებები, რომლებიც მხარეს შეეძლო მოეყვანა ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ მიიღოს, როგორც დაგვიანებით წარდგენილი, თუ მათი განხილვა ხელს შეუშლის სააპელაციო სასამართლოში საქმის დროულად განხილვას და მხარემ უხეში გაუფრთხილებლობის გამო არ წარადგინა ეს მასალები პირველი ინსტანციის სასამართლოში.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში მხარემ, მართალია, დააყენა შუამდგომლობა დაზიანების ფაქტის დასადგენად ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, მაგრამ სასამართლომ ზემოთ მითითებული ნორმის საფუძველზე მიიჩნია, რომ მხარეს თავისი უხეში გაუფრთხილებლობით ამის შესახებ განაცხადი არ ჰქონდა გაკეთებული საქმის მომზადების სტადიაზე და შუამდგომლობის დაკმაყოფილება ხელს შეუშლიდა საქმის დროულ განხილვას, რისი უფლებაც ზემოთ აღნიშნული ნორმების თანახმად სააპელაციო სასამართლოს გააჩნდა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყევტილებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 22 თებერვლის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.