საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№1611-24 26 ნოემბერი, 2024 წელი
გ-ი გ., 1611-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივნისის განაჩენით გ. გ-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა – და გ. გ-ს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2020 წლის 6 აპრილიდან.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის -- ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 17 ოქტომბრის 6 გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ გ. გ-ს თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა შინაპატიმრობით – 3 წლის, 3 თვისა და 3 დღის ვადით და პატიმრობიდან გათავისუფლდა 2023 წლის 18 ოქტომბერს.
3. 2024 წლის 10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ გ. გ-ის პირადი საქმე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის მოქმედება: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივნისის განაჩენით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შინაპატიმრობა 3 წლით, 3 თვითა და 3 დღით შეუმცირდა ერთი მეექვსედით და გ. გ-ს მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით, 8 თვითა და 17 დღით შინაპატიმრობა. განაჩენი და გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. გ-მა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი აღნიშნავს, რომ ამნისტიის შესახებ კანონი უნდა გავრცელებულიყო სასამართლოს განაჩენით დანიშნულ სასჯელზე – 7 წლით თავისუფლების აღკვეთაზე – და არა – შინაპატიმრობაზე, რის გამოც, ითხოვს დანიშნული სასჯელის – 7 წლით თავისუფლების აღკვეთის – შემცირებას ერთი მეექვსედით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ელი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების მომენტისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის --- ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ს განსაზღვრული ჰქონდა სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა, ამნისტიის შესახებ კანონში კი არ არის მითითება მხოლოდ სასამართლოს განაჩენით დანიშნულ სასჯელებზე შეღავათების გავრცელების შესახებ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ კანონიერად შეუმცირა ერთი მეექვსედით მსჯავრდებულ გ. გ-ს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შინაპატიმრობის ვადა. ამდენად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს იმ სასჯელზე, რომელიც საჩივრის განხილვის დროისათვის აღარ არსებობს (სუსგ №911-24, №1001-24).
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე