¹ 3კ/683-01 8 თებერვალი, 2001 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე,მ. ცისკაძე
დავის საგანი: სანოტარო მოქმედების გაუქმება და თანამესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. მ-ძეს 1999 წლის 14 ივლისს გარდაეცვალა შვილი ნ. მ-ძე, რომელიც 1985 წლიდან ქორწინებაში იმყოფებოდა თ. ქ-ძესთან. ნ. მ-ძის სახელზე ირიცხებოდა თბილისში, ... მდებარე ბინა, რომლის ფართია 31 კვ.მ, ასევე _ ... ქუჩაზე მდებარე ბინა. ნ. მ-ძის გარდაცვალების შემდეგ სამემკვიდრეო მოწმობა გაცემულ იქნა მის მეუღლეზე (ე. მ-ძის რძალზე) – თ. ქ-ძეზე. ე. მ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ნ. მ-ძის სამემკვიდრეო ქონების ნაწილზე (ორივე ბინის 1/4) მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა და სამემკვიდრეო მოწმობის გაუქმება.
თ. ქ-ძემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა ე. მ-ძისათვის ... ქუჩაზე მდებარე ბინიდან 1/16 წილის, ხოლო ... ქუჩაზე, ასევე ნ.მ-ძის კუთვნილი ¹29/31 ბინიდან 1/4¼ წილის საკუთრების უფლებით გამოყოფა, დანარჩენ ნაწილზე შვილებთან ერთად მისი საკუთრების უფლების ცნობა და ... ქუჩაზე მდებარე ბინიდან ე. მ-ძის გამოსახლება, ნივთების დაბრუნება.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ე. მ-ძე ცნობილ იქნა ნ. მ-ძის სახელზე რიცხული ორივე ბინის 1/4¼ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ; თ. ქ-ძეს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ე. მ-ძის ბინიდან გამოსახლების შესახებ, ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო, ხოლო ნივთების დაბრუნების მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
თ. ქ-ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა გადაწყვეტილების შეცვლა – ე. მ-ძისათვის ნ. მ-ძის წილი ქონებიდან, არა 1/4, არამედ 1/16 წილის მიკუთვნება, ხოლო დანარჩენზე შვილებთან ერთად მისი უფლების ცნობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: ე. მ-ძეს საკუთრების უფლებით მიეკუთვნა ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის 1/16 ნაწილი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მამკვიდრებელს ნ. მ-ძეს ეკუთვნოდა ... ქუჩაზე მდებარე ბინის 1/4¼იდეალური წილი, რადგან ბინა მას ეკუთვნოდა საერთო საკუთრების უფლებით. აქედან გამომდინარე, სამკვიდრო გაიხსნა არა მთლიან ბინაზე, არამედ მის ¼1/4 ნაწილზე, რომელიც უნდა განაწილდეს პირველი რიგის ოთხ მემკვიდრეზე – ნ. მ-ძის ორ შვილზე, მეუღლესა და დედაზე. ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის II ნაწილისა და 1336-ე მუხლის თანახმად, ე. მ-ძის წილი შეადგენს 1/16 ნაწილს. გარდა ამისა, რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას.
ე. მ-ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად დასაბუთებული და მიღებულია კანონის დარღვევით. კასატორი მიუთითებს, რომ ... ქუჩაზე მდებარე ბინაში 1960 წლიდან ცხოვრობს თავის ქალიშვილთან ერთად, რომელსაც სხვა საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს და ჩათვალა, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1992 წლის 24 ნოემბერს ნ. მ-ძეს პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე უსასყიდლოდ გადაეცა ... მდებარე ბინა. პრივატიზაციის მომენტში ნ. მ-ძის, ანუ დამქირავებლის ოჯახის წევრები იყვნენ: მეუღლე თ. ქ-ძე და შვილები: 1984 და 1991 წელს დაბადებული მ. და მა. ე. მ-ძეს პრივატიზაციის ხელშეკრულებაში მონაწილეობა არ მიუღია; იგი ამოეწერა ... მდებარე ბინიდან და ცხოვრობდა ვაშლიჯვარში, ..., სადაც ჩაწერილი იყო მეუღლესთან ერთად 1985 წლიდან.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ შვილის, ნ. მ-ძის, გარდაცვალების შემდეგ მას დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე, მათ შორის კასატორი და ამ უკანასკნელს სადავო ბინის 1/4¼ უნდა მიეკუთვნოს მემკვიდრეთა წილის თანაბრობის პრინციპიდან გამომდინარე.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მამკვიდრებლის, ნ. მ-ძის, კუთვნილი იდეალური წილი სადავო ბინაში, მიუთითა რა, რომ სამკვიდრო გაიხსნა ბინის 1/4¼ წილზე.
პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმების დროს მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად ითვლება მათი მშობლების საცხოვრებელი ადგილი. ამავე კოდექსის მე-11 მუხლის შესაბამისად მოქალაქის უნარი, თავისი მოქმედებით შეიძინოს სამოქალაქო უფლებები და იკისროს სამოქალაქო ვალდებულებები, სრული მოცულობით წარმოიშობა 18 წლის ასაკიდან.
გამომდინარე აღნიშნულიდან, არასრულწლოვნები არ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ გარიგების, კონკრეტულ შემთხვევაში პრივატიზაციის ხელშეკრულების მხარეები და შესაბამისად, მათ პრივატიზაციის ხელშეკრულების დადებით არ წარმოეშობათ საკუთრების უფლება პრივატიზებულ ბინაზე. კასატორს პრივატიზაციის ხელშეკრულების შესახებ არ უდავია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი და იგი გაუქმებულ უნდა იქნეს.
პალატას მიაჩნია, რომ სადავო ბინა საერთო ანუ თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ცოლ-ქმარს, თ. ქ-ძესა და ნ. მ-ძეს. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ კი სამკვიდრო გაიხსნა სადავო ბინის 1/2½ ნაწილზე.
სამოქალაქო კოდექსის 1336 მუხლის I ნაწილის მიხედვით კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები.
ნ. მ-ძის პირველი რიგის მემკვიდრეები არიან მისი შვილები, მეუღლე და დედა. თითოეულ მათგანს ეკუთვნის სამკვიდრო წილის, ანუ სადავო საცხოვრებელი სახლის 1/2½-ის 1/4 ნაწილი. ე.ი. კასატორის ე. მ-ძის წილი შეადგენს 1/8 ნაწილს.
ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელის მოტივაცია, რომ სადავო ბინის პრივატიზაციისას ბინაში მისი შვილი და რძალი ფორმალურად იყვნენ რეგისტრირებულნი, ფაქტობრივად იგი ფლობს უწყვეტად აღნიშნულ ბინას და თავისი უფლების დაცვას მოითხოვს არა როგორც მემკვიდრე, არამედ, როგორც მესაკუთრე, ვინაიდან, მასალების მიხედვით ე. მ-ძე 1985 წლიდან ამოეწერა სადავო ბინიდან და ბინაში დამქირავებლად დარჩა მისი შვილი ნ. მ-ძე. ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ კი ბინაში მისი მეუღლე თ. ქ-ძე ჩაეწერა.პალატა თვლის, რომ ე. მ-ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ვინაიდან საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, პალატას გადაწყვეტილების მიღება საკასაციო საჩივრის ფარგლებში მიზანშეწონილად მიაჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ე. მ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება ე. მ-ძისათვის ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის, ნ. მ-ძის სამკვიდრო ქონებიდან წილის სახით 1/16 ნაწილის მიკუთვნების შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ე. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მას საკუთრების უფლებით მიეკუთვნოს კანონისმიერი მემკვიდრეობის საფუძველზე თბილისში, ... მდებარე ბინის 1/8 ნაწილი.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.