Facebook Twitter

საქმე N 330100123007794603

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№927აპ-24 14 ნოემბერი, 2024 წელი

ჭ. ბ. 927აპ-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)

ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ჭ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. თ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ჭ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. თ-მ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და უკანონო, რადგან ბ. ჭ-ს მსჯავრდება არ ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მის ბრალეულობას. კასატორის მითითებით, სასამართლოში დაკითხულმა დაზარალებულმა და მოწმეებმა მისცეს ურთიერთსაწინააღმდეგო და ირიბი ჩვენებები, ხოლო გამოკვლეული ვიდეოჩანაწერი ცხადყოფს, რომ ბ. ჭ. რ. ქ-ს თავს არ დასხმია და არ უძალადია მასზე. ბ. ჭ-მ ნათლად ახსნა, რომ რ. ქ-მა აგინა მას, რამაც ააღელვა, თუმცა მისი მოქნეული ხელი დაზარალებულს არ მოხვედრია, რადგან მათ შორის ჩადგა გ. ბ.. მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულს უჭირს სიმართლის დამტკიცება, რამეთუ შემთხვევის ვიდეოჩანაწერს არ აქვს ხმა, ხოლო ციხის თანამშრომლები არიან დაზარალებულის მიმართ მიკერძოებულნი და მის სასარგებლო ჩვენებებს იძლევიან.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მარტის განაჩენით ბ. ჭ., – დაბადებული ...., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიესაჯა – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა – და, ბ. ჭ-ს საბოლოოდ განესაზღვრა – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2024 წლის 22 მარტიდან.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულმა – ბ. ჭ-მ – ჩაიდინა პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა შემდეგით:

3.1. 2023 წლის 13 ივნისს, დაახლოებით, 21:16 საათზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- დაწესებულების მეორე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულის №-- დეესკალაციის ოთახში მყოფმა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულმა – ბ. ჭ-მ – ამავე პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს – რ. ქ-ს – თავის არეში ხელის დარტყმით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ჭ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. თ-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ ბ. ჭ-ს მსჯავრდება არ ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რამეთუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად და მკაფიოდ არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ დგინდება მისი ბრალეულობა, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, რომლებზეც ამომწურავად იმსჯელა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

3. სადავოდ არ გამხდარა, რომ შემთხვევის დღეს – 2023 წლის 13 ივნისს – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული – ბ. ჭ. – სასჯელს იხდიდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- დაწესებულებაში. ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორის – რ. ქ-ს – ჩვენებით დგინდება, რომ შემთხვევის დღეს შეესწრო, რომ მსჯავრდებული ბ. ჭ. აგრესიულად, ყვირილითა და გინებით ესაუბრებოდა ამავე დაწესებულების თანამშრომლებს – გ. ხ. და ა. ნ-ს, რაც მისი მოწოდების მიუხედავად არ შეუწყვეტია, რის გამოც, გადაწყვიტეს მისი დეესკალაციის ოთახში გადაყვანა. ბ. ჭ. იქა განაგრძობდა ყვირილსა და გინებას. ამავდროულად, მას მარჯვენა ხელი დაარტყა მარცხენა ყურთან, კისერში, რის გამოც იგრძნო ძლიერი ტკივილი; იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- დაწესებულებაში შემთხვევის დღეს მყოფმა – შ. თ-მ და გ. ბ-მ, რომლებმაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს ბ. ჭ-ს მიერ, როგორც წესრიგის დარღვევის, ასევე – რ. ქ-ზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზე; დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებების სანდოობაში დაეჭვების გონივრულ საფუძველს ვერც კასატორი უთითებს თავის საკასაციო საჩივარში და არც საქმის მასალებით დადგენილა. მით უფრო, როდესაც მათი მონათხრობი თანხვდენილია და დასტურდება №... დეესკალაციის ოთახისა და მისი მიმდებარე დერეფნის ვიდეოჩანაწერით, რომელსაც, ამ სამხილის ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების შეფასების დროს, უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს. კერძოდ: ვიდეოჩანაწერში კარგად ჩანს №.. დეესკალაციის ოთახი, სადაც მსჯავრდებულ ბ. ჭ-სთან ერთად იმყოფებიან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები. ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ უყურებს ბ. ჭ. რ. ქ-ს და გაშლილ, მარჯვენა ხელს ურტყამს კისრის მარცხენა მხარეს. მოქნეული ხელის მაჯა კისრის არეშივე ხვდება შ. ე-ს, რომელიც ბ. ჭ-სა და რ. ქ-ს შორის დგას. ბ. ჭ. ცდილობს, რ. ქ-ს ისევ დაარტყას ხელი, რასაც ვეღარ ახერხებს, რადგან ბოჭავენ ოთახში მყოფი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები. ჩანაწერში ასევე ჩანს, როგორ ისვამს რ.ქ. მარცხენა ხელს კისრის მარცხენა მხარეს, ამავდროულად, სხვა თანამშრომლებთან ერთად, ცდილობს ბ. ჭ-ს შეჩერებას, რომელსაც პირქვე აწვენენ საწოლზე და, მოგვიანებით, ზურგს უკან ადებენ ხელბორკილს.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, თითქოსდა, დაზარალებულის სიტყვიერი შეურაცხყოფის კვალდაკვალ, მსჯავრდებულმა მართლაც მოუქნია მას ხელი, თუმცა არ შეხებია, რამეთუ საპირისპირო მტკიცება გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომლებიც საკასაციო სასამართლომ ზემოთ უკვე მიმოიხილა და რომლებიც ქმნიან უტყუარ საფუძველს ბ. ჭ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით კანონიერია, ხოლო შეფარდებული სასჯელი – სამართლიანი.

5. აქვე აღსანიშნავია, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლით, შესაბამისად, ბ. ჭ-სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი ვერ აღსრულდება. მაგრამ ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ ბ. ჭ-ს საბოლოო სასჯელი განსაზღვრული აქვს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირების წესი უნდა გავრცელდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული სასჯელის წილზე – 1 წლითა და 6 თვით – თავისუფლების აღკვეთაზე – და, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, ბოლო განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით შეფარდებულ სასჯელს – 11 წლით თავისუფლების აღკვეთას – უნდა დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 მაისის განაჩენით შეფარდებული სასჯელიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და ბ. ჭ-ს, საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს – 12 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.

6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ბ. ჭ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. თ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ბ. ჭ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. თ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განაჩენი შეიცვალოს:

3. ბ. ჭ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიესაჯოს – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს – 11 წლით თავისუფლების აღკვეთას – ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ერთი მეექვსედით შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული სასჯელის წილი და განესაზღვროს – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა – და, ბ. ჭ-ს საბოლოოდ მიესაჯოს – 12 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალოს 2024 წლის 22 მარტიდან;

5. ნივთიერი მტკიცებულება – ვიდეოჩანაწერი 9 დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. გაბინაშვილი