¹3კ-685-02 12 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, მ. ცისკაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ჯ-შვილი 1987 წლიდან მუშაობდა სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სიღნაღის რაიონულ განყოფილებაში ...... თანამდებობაზე. 2001წ. 2 ივლისს განთავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან ფონდის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით.
ლ. ჯ-შვილმა სამუშაოდან განთავისუფლება უკანონოდ მიიჩნია, სასარჩელო განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა იმ საფუძვლით, რომ შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის თანახმად მუშაკი მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ გაფრთხილებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციის მიერ 2 თვით ადრე. იგი 2001წ. 29 დეკემბერს იქნა გაფრთხილებული, სამსახურიდან კი გაფრთხილებიდან 6 თვის შემდეგ 2001წ. 2 ივლისს განთავისუფლდა. ადმინისტრაციამ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლების შესახებ.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2001წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ჯ-შვილის სარჩელი მოპასუხე სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სიღნაღის რაიონული განყოფილების მიმართ სამსახურში აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სამუშაოდან განთავისუფლების ბრძანება შესაბამისობაშია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტთან. ლ. ჯ-შვილი სამსახურიდან განთავისუფლდა არა შტატების შემცირების გამო, არამედ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, რაც დასტურდება “ფონდის ტერიტორიული ერთეულის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2001წ. 23 იანვრის ¹02/28 ბრძანებით.
ლ. ჯ-შვილმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 თებერვლის განჩინებით უცვლელი დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2001წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: საქართველოს სოციალური უზრუნველყფოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, რომელიც არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არ წარმოადგენს საჯარო სამსახურის დაწესებულებას და მასზე ვერ იქნება გავრცელებული კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”. კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოსალოდნელი გადაწყვეტილების შესახებ ადმინისტრაციის მიერ მუშაკის გაფრთხილების ვადა შეიძლება იყოს ორ თვეზე მეტი.
ლ. ჯ-შვილის განთავისუფლებისას დაცული იყო შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნაც.
აპელანტის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ უსაფუძვლოა, ვინაიდან იგი მოითხოვს .......-ის მთელ საშტატო ერთეულზე აღდგენას, მაშინ როცა გათავისუფლებამდე მას დაკავებული ჰქონდა ნახევარი განაკვეთი.
ლ. ჯ-შვილმა საკასაციო საჩივარი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 4 თებერვლის განჩინებაზე და მოითხოვა საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ მისი სამსახურიდან განთავისუფლებისას არ იქნა დაცული სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება, ვინაიდან სამუშაოზე დარჩენილი სხვა მუშაკების შრომის ნაყოფიერებასთან შედარებით მისი შრომის ნაყოფიერება უფრო მაღალია.
ასევე, სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი ფონდის სიღნაღის რაიონული განყოფილება წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და შესაბამისად, მუშაკსა და ადმინისტრაციას შორის ურთიერთობები უნდა მოწესრიგდეს არა შრომის კანონთა კოდექსით, არამედ _ “საჯარო სამსახურის შესახებ კანონით”.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლოს დავის გადაწყვეტისას “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი უნდა გამოეყენებინა. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირია, არ წარმოადგენს საჯარო სამსახურის დაწესებულებას და მასზე ვერ გავრცელდება კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”, რაც დასტურდება საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 7 მაისის ¹281 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დებულების 25-ე მუხლით, რომლის მიხედვით ფონდის დაფინანსების წყაროებია როგორც საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუფსიდიები და მიზნობრივი ტრანსფერტები, ისე სოციალური გადასახადი, ნებაყოფლობითი შენატანები და შემოწირულობანი, გრანტები, ტექნიკური დახმარება, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სამუშაოდან მისი განთავისუფლებისას დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილი და ამავე კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები.
პალატას მიაჩნია, რომ შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს მუშაკის სამუშაოდან დათხოვნამდე მისი ორი თვით ადრე გაფრთხილების აუცილებლობას, გულისხმობს, რომ ორთვიანი ვადა გაფრთხილების მინიმალური ვადაა და ზღუდავს მუშაკის განთავისუფლების შესაძლებლობას არაუადრეს ამ ვადისა.
კანონი არ კრძალავს აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მუშაკის გათავისუფლების შესაძლებლობას, როცა იგი უკვე გაფრთხილებულია მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მას სამუშაოზე დარჩენილ ზონის ორ ინსპრექტორთან შედარებით მაღალი კვალიფიკაცია და შრომის ნაყოფიერება აქვს, ვინაიდან საშუალო-სპეციალური განათლებისა და საშუალო განათლების მქონე პირთა კვალიფიკაცია თანაბარია, შრომის ნაყოფიერების შეფასების საკითხი კი ადმინისტრაციის პრეროგატივას წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა მოტივაცია, რომ კასატორის .......-ის მთლიან საშტატო ერთეულზე აღდგენის მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან იგი ნახევარ საშტატო განაკვეთზე მუშაობდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და არ არსებობს ლ. ჯ-შვილის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ჯ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.