საქმე N 330141224010165562
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №761-24 ქ. თბილისი
ჯ. ვ., 761-24 14 ნოემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 მაისის განაჩენით ვ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის ნაწილი 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა დაუდგინდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 (ოთხი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით. აღნიშნული განაჩენით (ნასამართლობის ცნობის მიხედვით) ვ. ჯ. წარმოადგენდა ნასამართლობის არმქონე პირს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით ვ. ჯ-ს 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 2010 წლის 22 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ დაუდგინდა სასჯელის ნაწილის – 3 (სამი) წლით და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა, ხოლო 3 (სამი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა) თვის გამოსაცდელი ვადით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენით ვ. ჯ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილით (2017 წლის 10 ოქტომბრის I ეპიზოდი, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება) – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილით (2017 წლის 10 ოქტომბრის II ეპიზოდი, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება) – თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება – 2017 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. ჯ-ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 მაისის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე განსაზღვრული 3 (სამი) წლით პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა – 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთამ – სრულად შთანთქა სასჯელის მოუხდელი ნაწილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ვ. ჯ-ს, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით.
ვ. ჯ-ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ვ. ჯ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2017 წლის 10 ნოემბრიდან.
4. ვ. ჯ-ს, 2022 წლის 12 აპრილის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით.
5. 2024 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ვ. ჯ-ს პირადი საქმე.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ჯ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, კერძოდ:
ვ. ჯ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, ,,გ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი.
ვ. ჯ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ გავრცელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენით ვ. ჯ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 10 ოქტომბრის I და II ეპიზოდებსა და 2017 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების მსჯავრდების ნაწილებით) შეფარდებულ სასჯელებზე.
ვ. ჯ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის საფუძველზე განსაზღვრული სასჯელი დარჩა უცვლელად.
ვ. ჯ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულმა სასჯელმა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 მაისის განაჩენით დანიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით განსაზღვრული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
ვ. ჯ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის საფუძველზე განსაზღვრული საბოლოო სასჯელი დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ. ჯ-მ. კასატორი მოითხოვს სასჯელის შემსუბუქებას და მიაჩნია, რომ მას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათი, ასევე უნდა შეეხოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით შეფარდებულ და შემდეგ ,,გაცოცხლებულ” პირობით სასჯელზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება, მათ შორის, იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4, მე-5 ან მე-7 ნაწილით.
4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა).
5. იმის გათვალისწინებით, რომ ვ. ჯ. წარსულში ნასამართლევი იყო საკუთრების წინააღმდეგ მიმართული, განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, მას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის გამოყენებით, ერთი მეექვსედით კანონიერად შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი.
6. ვ. ჯ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (სამი – 2017 წლის 10 ოქტომბრის I და II ეპიზოდები და 2017 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება) შეფარდებულ სასჯელებზე, ვინაიდან ეს დანაშაულები „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ჩამონათვალშია, მართებულად არ გავრცელდა ამნისტია.
7. რაც შეეხება ვ. ჯ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, ,,გ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელს, რომელთან დაკავშირებითაც მსჯავრდებული საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ ამ ნაწილით არ შეხებია ამნისტიის კანონით გათვალისწინებული შეღავათი, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მას აღნიშნული მუხლით შეფარდებული სასჯელიც შეუმცირდა ერთი მეექვსედით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, რაც ასევე კანონიერია. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 მაისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი სრულად შთანთქმული ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს.
8. საბოლოოდ, იქიდან გამომდინარე, რომ ვ. ჯ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებითა (2017 წლის 10 ოქტომბრის I და II ეპიზოდები, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელები, დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმული ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილით (2017 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება) განსაზღვრულ სასჯელს – 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთას, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით, ბოლო განაჩენით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული სასჯელი, ვ. ჯ-ს მიმართ დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დადგენილი საბოლოო სასჯელი – 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა – კანონიერად დარჩა უცვლელად.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ვ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე