3კ-688-02 7 ოქტომბერი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინაში შესახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
დ. ც.-ი ფაქტობრივ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა მ. ა.-ესთან. 1991 წელს შეეძინათ შვილი ნ. ა.-ე. ისინი ცხოვრობდნენ მ. ა.-ის მამის ბინაში, მცხეთის რაიონის სოფ. ... 2000წ. 3 სექტემბერს მ. ა.-ე გარდაიცვალა. დ. ც.-ი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აღარ ცხოვრობს მითითებულ ბინაში.
2001წ. 30 იანვარს მცხეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა დ. ც.-მა და მოითხოვა მისი მამამთილის, თ. ა.-ის, სახელზე რიცხულ ბინაში შესახლება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 მაისის გადაწყვეტილებით დ. ც.-ის სარჩელი მოპასუხე თ. და დ. ა.-ეების მიმართ დაკმაყოფილდა: დ. ც.-ი თავის მცირეწლოვან შვილთან ნ. ა.-ესთან ერთად შესახლებულ იქნა მცხეთის რაიონის სოფ. ... არსებულ თ. ა.-ის სახელზე რიცხული ბინის საერთო ფართში.
თ. ა.-ის წარმომადგენელმა ც. ჯ.-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 მარტის გადაწყვეტილებით თ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დ. ც.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი თავის მცირეწლოვან შვილთან, ნ. ა.-ესთან, ერთად შესახლებულ იქნა მცხეთის რაიონის სოფ. ... მდებარე, თ. ა.-ის სახელზე რიცხული ბინის საერთო ფართში.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს ახალი სკ-ს 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად. იმავე კოდექსის 159-ე მუხლით კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს. სააპელაციო პალატის მითითებით დ. ც.-ი მართლზომიერად ფლობდა თ.ა.-ის საკუთრებაში არსებული სახლის ნაწილს, რადგან, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მ. ა.-ის გარდაცვალებამდე მესაკუთრის თანხმობით ცხოვრობდა მის სახლში მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ჩათვალა, რომ დ. ც.-ს ხელი შეეშალა მფლობელობის განხორციელებაში, როდესაც ოჯახის წევრებმა იგი აიძულეს, წასულიყო სადავო ბინიდან. იმავე კოდექსის 161-ე მუხლით, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ხელი შეეშლება მფლობელობის განხორციელებაში, მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ა.-ის წარმომადგენელმა ც. ჯ.-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ მნიშვნელოვნად შელახა თ. ა.-ის კონსტიტუციური უფლება _ საკუთრების ხელშეუხებლობა, მოსარჩელეს დაუკმაყოფილეს ისეთი მოთხოვნა, რაც მას სასამართლოზე არ მოუთხოვია; სააპელაციო პალატას არ უნდა ეხელმძღვანელა სკ-ს 159-ე და 161-ე მუხლებით, რადგანაც განჩინებაშივეა მითითებული, რომ მოსარჩელე ცხოვრობს სხვაგან და საერთოდ არ ფლობს ნივთს არც კეთილსინდისიერად და არც არაკეთილსინდისიერად. სააპელაციო სასამართლომ ისარგებლა არა კანონისა და სამართლის ანალოგიით, არამედ დროის ანალოგიით: მან მესაკუთრის მიერ ადრე გამოვლენილი ნება მიიჩნია ამჟამად გამოხატულ ნებად და აიძულა თ.ა.-ე, ერთხელ გამოვლენილი ნების გამო იცხოვროს ე.წ. რძალთან ერთად, რაც არასწორია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1999 წლიდან დ. ც.-ი ფაქტობრივ ცოლქმრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა მ. ა.-ესთან. თანაცხოვრების პერიოდში ისინი ცხოვრობდნენ მ. ა.-ის მამის ბინაში, მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში. 2000წ. 3 სექტემბერს გარდაიცვალა მ. ა.-ე. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იგი აღარ ცხოვრობს ზემოთ მითითებულ ბინაში.
პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ" და “გ" ქვეპუნქტების შესაბამისად გადაწყვეტილევბის გაუქმების საფუძველია.
პალატამ მოსარჩელე დ. ც.-ი მიიჩნია მართლზომიერ მფლობელად, მაგრამ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ სკ-ს 156-ე მუხლის მიხედვით მფლობელობა შეწყვეტილად ითვლება, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. საქმის მასალების მიხედვით კი დ.ც.-ი არ ცხოვრობს სადავო ბინაში.
პალატის აზრით, სასამართლომ უნდა გაარკვიოს არის თუ არა სახეზე მესაკუთრის, თ. ა.-ის, დასაბუთებული პრეტენზია მოსარჩელის მიმართ, რაც თ.ა.-ს, როგორც უკეთესი მფლობელობის უფლების მქონე პირს, უფლებას აძლევს, სკ-ს 168-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვოს, მფლობელობის შეწყვეტა. აღნიშნული კი შეიძლება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელე შეასახლა საერთო ფართში ისე, რომ არ მიუთითა კანონის ნორმაზე, რომლის საფუძველზეც მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რის გამოც გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებულია.
ვინაიდან საქმეზე ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი, პალატა მოკლებულია საშუალებას მიიღოს გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ა.-ის წარმომადგენლის, ც. ჯ.-ის, საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნოს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.