Facebook Twitter

3კ-697-02 20 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,ქ. გაბელაია

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისში, ... მდებარე სახლის მესაკუთრე იყო ა. თ.-ე. იმავე სახლში ცხოვრობს ა. თ.-ის და ლ. თ.-ე შვილთან _ მ. კ.-სთან ერთად.

ლ. თ.-ემ და მ. კ.-მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ა. თ.-ის მიმართ ფართის გამოყოფის შესახებ. ა. თ.-მ შეგებებული სარჩელით მოითხოვა ლ. თ.-ისა და მ. კ.-ს ბინიდან გამოსახლება. ქ. თბილისის ნაძალევის რაიონული სასამართლოს 1997წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელეებს აღნიშნული სახლიდან სარგებლობის უფლებით გამოეყოთ ¹3 და ¹8 საცხოვრებელი ოთახები. ასმათ თ.-ს შეგებებულ სარჩელზე უარი ეთქვა.

1997წ. 27 დეკემბერს გარდაიცვალა ა. თ.-ე.

ა. თ.-მ 1993წ. 12 ნოემბერს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ანდერძით მთელი თავისი ქონება, მათ შორის, საცხოვრებელი სახლის კუთვნილი ნაწილიც დაუტოვა შვილს _ ს. თ.-ს.

2000წ. ნოემბერში ს. თ.-მ განცხადება შეიტანა სასამართლოში, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, შემდეგი საფუძვლით: ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 1997წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილების გამოტანისას დადგენილად ჩათვალა, რომ მოპასუხე ლ. თ.-ე დაბადებიდან ცხოვრობდა სადავო სახლში, მშობლებთან და დებთან ერთად. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ 2000წ. 10 ოქტომბერს ს. თ.-ისათვის ცნობილი გახდა, რომ ლ. და ა. თ.-ეების მშობლები 1958 წელს ჩაეწერნენ სადავო ბინაში. ლ. თ.-ე დაიბადა სადავო სახლის შეძენამდე 5 წლით ადრე _ 1937 წელს და იგი დაბადებისას ამ სახლში ვერ იცხოვრებდა.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 9 იანვრის განჩინებით ს. თ.-ის განცხადება დაკმაყოფილდა: გაუქმებულ იქნა სასამართლოს 1997წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

ლ. თ.-მ და მ. კ.-მ საქმის წარმოების განახლების შემდეგ სასამართლოში დაზუსტებული სარჩელით მოითხოვეს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებულად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება და სამემკვიდრეო მოწმობაში ცვლილებების შეტანა.'რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. თ.-ისა და მ. კ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება და 2000წ. 9 იანვრის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. თ.-მ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 აგვისტოს გადაწყვეტილება და 2001წ. 9 იანვრის განჩინება. არ დაკმაყოფილდა ს. თ.-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ წარმოებაში მიიღო ახალი სარჩელი, რის შედეგადაც აზრი დაკარგა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებამ. გადაწყვეტილება და განჩინება მიღებულია საპროცესო კოდექსის ნორმების დარღვევით, რაც წარმოადგენს მათი გაუქმების საფუძველს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ" პუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა ახალი გარემოება და მტკიცებულება.

საქმის განხილვისას ს. თ.-ისათვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ ა. თ.-ს სახლი შეძენილი ჰქონდა 1943 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით; ლ. თ.-ე დაბადებული იყო 1937 წელს და რომ ამ უკანასკნელის დაბადებისას თ.-ეების ოჯახი არ ცხოვრობდა სადავო სახლში.

ს. თ.-ის მიერ არ ყოფილა დაცული სსკ-ს 426-ე მუხლით განსაზღვრული ვადა, რომლის თანახმად განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

2001წ. 9 იანვრის განჩინების მიღებისას ამ საკითხებზე სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია. დარღვეული იყო, აგრეთვე, სსკ-ს 431-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან 1997წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საქმე განხილული უნდა ყოფილიყო ხელახლა. სასამართლოს უნდა განეხილა ლ. თ.-ისა და მ. კ.-ს სარჩელი სარგებლობის უფლებით ფართის გამოყოფის შესახებ და ა. თ.-ის სამართალმემკვიდრის შეგებებული სარჩელი. ნაცვლად ამისა, წარმოებაში იქნა მიღებული ლ. თ.-ის ე.წ. “დაზუსტებული სარჩელი" საკუთრების უფლებით წილის გამოყოფის თაობაზე.

აღნიშნული სარჩელის აღძვრა ლ. თ.-ეს შეეძლო დამოუკიდებლად იმისა, განახლდებოდა თუ არა საქმის წარმოება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა მიჩნეული დაუშვებლად ს. თ.-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. თ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლო სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება