Facebook Twitter
საქმე N 190141124010306402

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საქმე №164I -24 თბილისი
მ. ზ., 164I -24 28 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-ს საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მსჯავრდებულ ზ. მ-ს, – დაბადებულის ..., – საქმის მასალების მიხედვით:

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განაჩენით, რომლითაც შეიცვალა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენი, ზ. მ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანაშაული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 4 მარტიდან, 2022 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 14 აპრილის კანონის გამოყენებით და სასჯელის მოხდის ვადა დაეწყო – 2023 წლის 23 იანვრიდან.

3. 2024 წლის 28 ოქტომბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №17 პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ ზ. მ-ს პირადი საქმე.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ზ. მ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა – და განესაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 იანვრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით შეფარდებულ სასჯელს – 9 წლით თავისუფლების აღკვეთას და – საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა – 9 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ფ-მ, რომელიც ითხოვს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული, სასჯელთა ერთი მეექვსედით შემცირების წესი გავრცელდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, მე-3 ნაწილის „ა” და მე-4 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელზე – 7 წლით თავისუფლების აღკვეთაზე, რაც მას შეამცირებს 1 წლითა და 2 თვით და, გამომდინარე იქიდან, რომ ზ. მ-ს ამ სასჯელიდან დარჩენილი ჰქონდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საბოლოოდ მოსახდელად უნდა დარჩეს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით შეფარდებული – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ ვრცელდება, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, მე-3 ნაწილის „ა” და მე-4 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელზე უნდა გავრცელდეს ამავე კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სასჯელთა ერთი მეექვსედით შემცირების წესი, თუმცა კასატორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელმაც შესაბამისი პროპორციით შეამცირა ამ დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა – და მიიჩნევს, რომ ერთი მეექვსედით უნდა შემცირებულიყო ამ დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის არგუმენტი უსაფუძვლოა, რამეთუ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განაჩენის დადგენის დროს, ზ. მ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯლიდან მოსახდელად დარჩენილი ჰქონდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მართებულად შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით შეფარდებულ სასჯელს, რომელზეც, თავის მხრივ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ ვრცელდება.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ზ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე მ. ვასაძე


მოსამართლეები: შ. თადუმაძე


ლ. ფაფიაშვილი