Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ ბს-232-221(კ-06) 27 ივლისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 2 ნოემბერს გ. უ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს მიმართ ფინანსთა მინისტრის 2004წ. 7 ოქტომბრის ¹3-2246 ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2001წ. 7 მაისიდან მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გურჯაანის ზონალური საგადასახადო ინსპექციის ...-ის განყოფილების ...-ად. ფინანსთა მინისტრის 2004წ. 7 ოქტომბრის ¹3-2246 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საგადასახადო დეპარტამენტის რეორგანიზაციისა და შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების საფუძვლით.

მოსარჩელის მითითებით, ფინანსთა მინისტრის 2004წ. 23 აგვისტოს ¹550 ბრძანების საფუძველზე შეიქმნა თელავის საგადასახადო ინსპექცია, რომლის სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს წარმოადგენს გურჯაანის რაიონი, სადაც განხორციელდა გურჯაანის ზონალური საგადასახადო ინსპექციის რეორგანიზაცია და არა ლიკვიდაცია, ხოლო დაწესებულების შტატებითY გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება არ მომხდარა.

მოსარჩელის მოსაზრებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლებისას მოპასუხე ორგანიზაციის მიერ დარღვეულ იქნა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე და 97-ე მუხლების მოთხოვნები, ვინაიდან, მითითებული კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. იმ შემთხვევაში, თუ შტატები მართლაც შემცირდებოდა, მოპასუხე ვალდებული იყო, ამავე კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მისთვის შეეთავაზებინა სხვა თანამდებობა, რისი წინააღმდეგიც იგი არ ყოფილა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ფინანსთა მინისტრის 2004წ. 7 ოქტომბრის ¹2246 ბრძანების ბათილად ცნობასა და თელავის საგადასახადო ინსპექციაში იმავე ან მასთან გათანაბრებულ თანამდებობაზე აღდგენას.

2005წ. 8 თებერვალს მოსარჩელემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ პროფესიით არის ეკონომისტი, აქვს მუშაობის 25 და საგადასახადო ორგანოებში მუშაობის 12წ. სტაჟი. 1999 წელს გავლილი აქვს ტესტირება. ამდენად, როგორც მაღალი შრომის ნაყოფიერებისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე მუშაკს, სხვა მუშაკებთან შედარებით აქვს სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება და სამსახურიდან მისი გათავისუფლებით დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობასა და თელავის საგადასახადო ინსპექციაში მის მიერ დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას.

მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მიუთითა, რომ არც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი და არც შრომის კანონთა კოდექსი არ ითვალისწინებს ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას. გათავისუფლების უკანონოდ აღიარების შემთხვევაში პირი უფლებამოსილია მოითხოვოს წინანდელ სამუშაოზე აღდგენა.

მოპასუხის განმარტებით, როფორც გურჯაანის ზონალური საგადასახადო ინსპექცია, ისე ამ ინსპექციის ...-ის განყოფილება აღარ არსებობს. რაც შეეხება შტატების შემცირებისას «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილს, იგი არ წარმოადგენს იმპერატიულ მოთხოვნას სხვა თანამდებობის შეთავაზების შესახებ და გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში‚ თუ რეალურად არსებობს ვაკანტური თანამდებობა, რომელზეც მოხელე თანხმობას განაცხადებს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მითითებით, რამდენიმე რაიონული საგადასახადო ინსპექცია გაუქმდა და შეიქმნა ერთი ინსპექცია. შტატები შემცირდა, რაც დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ რეორგანიზაციამდე გურჯაანის ზონალურ საგადასახადო ინსპექციაში ... განყოფილებაში ირიცხებოდა 7 საშტატო ერთეული, რეორგანიზაციის შემდეგ კი ორივე განყოფილება გაერთიანდა და გურჯაანის განყოფილებაში დარჩა 3 საშტატო ერთეული.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ითხოვდა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 1 მარტის გადაწყვეტილებით გ. უ.-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან იმ შემთხვევაში, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება. ფინანსთა მინისტრის 2004წ. 23 აგვისტოს ¹550 ბრძანებით შეიქმნა თელავის საგადასახადო ინსპექცია და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა გურჯაანის, ლაგოდეხისა და ყვარლის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში. ამავე ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა «ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ» ფინანსთა მინისტრის 2004წ. 3 მაისის ¹299 და 2004წ. 19 მაისის ¹336 ბრძანებები. შესაბამისად, აღარ არსებობდა მითითებული რაიონების ზონალური საგადასახადო ინსპექციები, რაც თავისთავად, გამორიცხავს მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზების შესაძლებლობას.

სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა, მის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, უსაფუძვლოა, ვინაიდან არც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი და არც შრომის კანონთა კოდექსი მოხელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას არ ითვალისწინებს.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. უ.-მა.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ განხორციელდა გურჯაანის ზონალური საგადასახადო ინსპექციის არა ლიკვიდაცია, არამედ _ რეორგანიზაცია, რის შედეგადაც თელავის საგადასახადო ინსპექციაში შეიქმნა გადამხდელთა მომსახურების სამმართველო 34 საშტატო ერთეულით, რომელშიც გაერთიანდა თელავის, გურჯაანისა და საგარეჯოს საგადასახადო ინსპექციებში რეორგანიზაციამდე არსებული გადამხდელთა მომსახურებისა და ...-ის განყოფილება 28 საშტატო ერთეულით, რომელიც რეორგანიზაციის შემდეგ გაიზარდა. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97.2 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო, მისთვის სხვა თანამდებობა შეეთავაზებინა, მაგრამ მოსარჩელეს ასეთი შეთავაზება არ მიუღია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 1 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 11 იანვრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის შუამდგომლობა და საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 31 იანვრის გადაწყვეტილებით გ. უ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 1 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. უ.-ის სასარჩელო განცხადება გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა და ფინანსთა მინისტრის 2005წ. 7 ოქტომბრის ¹ვ-2246 ბრძანება გ. უ.-ის გურჯაანის ზონალური საგადასახადო ინსპექციის ...-ის განყოფილების ...-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში ცნობილ იქნა ბათილად, ხოლო გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ «ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიებისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ» ფინანსთა სამინისტროს 2004წ. 7 ოქტომბრის ¹ვ-2246 ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის 2004წ. 23 აგვისტოს ¹550 და «ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ» ფინანსთა მინისტრის 2004წ. 10 სექტემბრის ¹586 ბრძანებების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გურჯაანის ზონალური საგადასახადო ინსპექციის ...-ის განყოფილების ...-ი გ. უ.-ი რეორგანიზაციისა და შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2004წ. 1 ოქტომბრიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-11 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოების თანამშრომლებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. ამავე კანონის 97-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას, მაგრამ 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, თელავის საოლქო, გურჯაანისა და საგარეჯოს ზონალურ, ლაგოდეხის, ყვარლის, ახმეტის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის რაიონულ საგადასახადო ინსპექციებში, რომლის ბაზაზედაც ჩამოყალიბდა თელავის საგადასახადო ინსპექცია, არსებობდა 125.5 საშტატო ერთეული, რეორგანიზაციის შემდეგ კი თელავის საგადასახადო ინსპექციაში გათვალისწინებულ იქნა 112 საშტატო ერთეული, ანუ განხორციელდა საშტატო ერთეულის შემცირება 13.5 საშტატო ერთეულით. ამასთან, დასტურდება, რომ თელავის საგადასახადო ინსპექციაში გადამხდელთა მომსახურების განყოფილებისა და ...-ის განყოფილებების ბაზაზე ჩამოყალიბდა გადამხდელთა მომსახურების სამმართველო, რეორგანიზებამდე არსებული 28 საშტატო ერთეულის ნაცვლად 34 საშტატო ერთეულით. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციას შესაძლებლობა და ვალდებულება გააჩნდა, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97.2 მუხლის საფუძველზე მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობა შეეთავაზებინა.

«საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლებაზე გაცემული ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას. აღდგენა კი თავისთავად გულისხმობს წინანდელ თანამდებობაზე აღდგენას. გურჯაანის ზონალური საგადასახადო ინსპექციის ...-ის განყოფილების ...-ის თანამდებობა თელავის საგადასახადო ინსპექციაში არ არსებობს, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას კი არც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი და არც შრომის კანონთა კოდექსი არ ითვალისწინებს, ამასთან, ადმინისტრაციისათვის პირის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ მითითება არ შედის სასამართლოს კომპეტენციაში.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. უ.-მა.

კასატორი გ. უ.-ი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ 1980 წლიდან მუშაობდა საგადასახადო დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე, 1993 წლიდან კი გურჯაანის საგადასახადო ინპექციაში ...-ის განყოფილების ...-ად.

ფინანსთა მინისტრის 2004წ. 23 აგვისტოს ¹550 ბრძანების საფუძველზე შეიქმნა თელავის საგადასახადო ინსპექცია, რომლის სამოქმედო ადმინისტრაციული-ტერიტორიულ ერთეულს წარმოადგენს გურჯაანის რაიონი, გამომდინარე აქედან, განხორციელდა გურჯაანის ზონალური საგადასახადო ინსპექციის რეორგანიზაცია და არა მისი ლიკვიდაცია.

კასატორის განმარტებით, თელავის საგადასახადო ინსპექციის რეორგანიზაციის შედეგად საგადასახადო ინსპექციაში «გადამხდელთა» მომსახურების სამმართველო განისაზღვრა 34 საშტატო ერთეულით, რომელშიც გაერთიანდა რეორგანიზაციამდე თელავის, გურჯაანის და საგარეჯოს საგადასახადო ინსპექციებში არსებული გადამხდელთა მომსახურებისა და ...-ის განყოფილება, რაც 28 საშტატო ერთეულით, ე.ი. რეორგანიზაციის შემდეგ 6 ერთეულით გაიზარდა.

კასატორის მითითებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო მისთვის შეეთავაზებინა სხვა თანამდებობა, რაც მოპასუხე ორგანიზაციის მხრიდან არ განხორციელებულა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 31 იანვრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებასა და მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. უ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

გ. უ.-ი 2001წ. 7 მაისიდან მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გურჯაანიის ზონალურ საგადასახადო ინსპექციის ...-ის განყოფილების ...-ად.

ფინანსთა მინისტრის 2004წ. 7 ოქტომბრის ¹ვ-2246 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საგადასახადო დეპარტამენტის ორგანოების რეორგანიზაციისა და შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების მოტივით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 31 იანვრის გადაწყვეტილებით გ. უ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 1 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. უ.-ის სასარჩელო განცხადება გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა და ფინანსთა მინისტრის 2005წ. 7 ოქტომბრის ¹ვ-2246 ბრძანება გ. უ.-ის გურჯაანის ზონალური საგადასახადო ინსპექციის ...-ის განყოფილების ...-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში ცნობილ იქნა ბათილად, ხოლო გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ტოლფას თანამდებობასთან მიმართებაში და განმარტავს, რომ გ. უ.-ზე, როგორც საჯარო მოხელეზე, ვრცელდება «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი და შრომის კანონთა კოდექსის საკანონმდებლო-მატერიალური ნორმები. ამასთან, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის ნორმა-დებულებები არ ითვალისწინებს «ტოლფასი თანამდებობის» ცნებას და, შესაბამისად, სამსახურიდან დათხოვნილი მუშაკის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობას.

რაც შეეხება შრომის კანონთა კოდექსს, აღნიშნულ კოდექსში ტერმინი _ «ტოლფასი თანამდებობა» მოხსენიებულია მხოლოდ 109-ე მუხლში, რომელიც შეეხება არჩევით თანამდებობაზე არჩეული მუშაკის გარანტიას და რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ შეიძლება მთლიანობაში გავრცელდეს ყველა სახის შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე სადავო საკითხზე, იმ მიზეზის გამო, რომ აღნიშნული ნორმა წარმოადგენს საგამონაკლისო ხასიათის ნორმას და არეგულირებს მხოლოდ ერთი გარკვეული სახის ურთიერთობას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებას: როგორც ზემოთ აღინიშნა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 31 იანვრის გადაწყვეტილებით ფინანსთა მინისტრის 2005წ. 7 ოქტომბრის ¹ვ-2246 ბრძანება გ. უ.-ის გურჯაანის ზონალური საგადასახადო ინსპექციის ...-ის განყოფილების ...-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში ცნობილ იქნა ბათილად და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, მოცემულ ეტაპზე დავას არ იწვევს თავად ბრძანების კანონშეუსაბამობის ფაქტი. საგულისხმოა, რომ მითითებული ბრძანების ბათილობის საფუძვლად იქცა ის გარემოება, რომ აქტი გამოიცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონისა და შრომის კანონთა კოდექსით მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლებისას დადგენილი პროცედურული საკითხების უგულებელყოფით. აქტის კანონშეუსაბამოდ ცნობის ფაქტი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს განმარტოს, რომ აღნიშნული, თავის მხრივ, წარმოშობს კასატორის შრომითი მოწყობის საკითხის გადაწყვეტის ვალდებულებას. საკასაციო სასამართლო, ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ კასატორისათვის შესაბამისი თანამდებობის შეთავაზება სცილდება სასამართლოს ოფიციალურ-უწყებრივ კომპეტენციას და წარმოადგენს ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებამოსილებას, თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. უ.-თან მიმართებაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების შემდეგ. ამასთან, უნდა გაირკვეს, რა საშტატო ერთეულებია გათვალისწინებული ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტში და ხომ არ არის კასატორის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ანალოგიური თანამდებობა ახალი განრიგით, ან ხომ არ არის სხვა შესატყვისი სამსახური, რაზეც თანახმა იქნება კასატორი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 31 იანვრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს გ. უ.-ის სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში და ამ ნაწილში მოცემულ საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მოწინააღმდეგე მხარეს დაევალება ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 411-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გ. უ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 31 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმდეს გ. უ.-ის სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. უ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. დაევალოს ფინანსთა სამინისტროს მოცემული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. უ.-ის სამუშაოზე მოწყობის თაობაზე;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.