გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-699-01 6 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, მ. ახალაძე
დავის საგანი: ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ხ-ამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 8/18 ნაწილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: აღნიშნული ბინის მესაკუთრე არის იგი, არის ხანდაზმული, უჭირს სიარული, რის გამოც მოელაპარაკა ახლომდებარე პურის მაღაზიის გამყიდველ მ. ჩ-ს, რომ ბინას დაუტოვებდა ანდერძით, თუ მოუვლიდა. ბინის ნასყიდობაზე შეთანხმება არ ყოფილა _ 1996წ. 8 ივნისს იგი წაიყვანეს სანოტარო კანტორაში. ნოტარიუსმა ხელშეკრულება შეადგინა ქართულად, რის გამოც ტექსტის შინაარსი მისთვის უცნობი იყო. როგორც შემდეგ გაიგო, ნოტარიუსს გაუფორმებია ნასყიდობის ხელშეკრულება, ნაცვლად გარდაცვალებამდე რჩენის ხელშეკრულებისა. მას ბინის გაყიდვა არ სურდა, რის გამოც მოითხოვს მას და მ. ჩ-ის შვილ ქ. ჩ-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება. დამოუკიდებელი სარჩელით მიმართა სასამართლოს სადავო ბინის მისამართზე მცხოვრებმა სახლთმფლობელობის თანამესაკუთრემ რ. გ-მ და ასევე მოთხოვა სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
დავა არაერთგზის იქნა განხილული სასამართლოების მიერ. ბოლოს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. ხ-ას და დამოუკიდებელი მოთხოვნით მესამე პირის, რ. გ-ს სარჩელები არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით:
დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე ხ-ასა და მოპასუხე ქ. ჩ-ს შორის იყო ზეპირი შეთანხმება გარდაცვალებამდე რჩენის შესახებ, მაგრამ ყოფილი სამმართველოს რჩევით გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს მხარეთა შორის თვალთმაქცური გარიგების დადებას. სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 57-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს იმ გარიგების წესები, რომელიც მხარეებს ნამდვილად ჰქონდათ მხედველობაში, ე.ი. გამოყენებულ უნდა იქნეს წესები, რომლებიც არეგულირებს მხარეთა შორის გარდაცვალებამდე რჩენის ურთიერთობებს. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 444-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულება შეიძლება მოიშალოს ბინის გამსხვისებლის (ე.ი. ხ-ას) მოთხოვნით, თუ შემძენი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს. ასეთ შემთხვევაში სახლი, რომელიც ხელშეკრულების თანახმად გამსხვისებელმა შემძენს გადასცა, გამსხვისებელს უნდა დაუბრუნდეს. მაგრამ რადგან ხ-ა ამ საფუძვლით არ ითხოვს ხელშეკრულების მოშლას, არამედ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად ითხოვს გარიგების, როგორც მოტყუებით დადებულის მოშლას, რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი, რადგან ჩათვალა, რომ მოტყუებას ადგილი არ ჰქონია.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-ამ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 26 აპრილის განჩინებით ხ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თავდაპირველად მხარეებს შორის იყო გარდაცვალებამდე რჩენის ხელშეკრულება, შემდეგ, როცა ხ-ამ გადაწყვიტა ბინის გასხვისება, მ. ხ-ასა და ქ. ჩ-ს შორის 1996წ. 8 ივნისს გაფორმდა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა კანონით დადგენილი წესით, ხ-ამ მიიღო ბინის საფასური 7000 აშშ დოლარი, ხელშეკრულება ნამდვილია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. ხ-ამ, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: მას და მოპასუხეს შორის იყო გარდაცვალებამდე რჩენაზე მოლაპარაკება. მოპასუხემ მოატყუა, ნოტარიუსის დახმარებით გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება; რადგან მას ხელშეკრულება არ უთარგმნეს, ისე მოაწერა ხელი, რომ ხელშეკრულების შინაარსი არ იცოდა. სასამართლომ ასევე არასწორად მიიჩნია, რომ მას მიღებული აქვს ფული, რადგან მას ხელი მოაწერინეს ცარიელ ფურცელზე და შემდეგ შეადგინეს ე.წ. “რასპისკა”. სასამართლომ არასწორად გაიზიარა ფულის გადაცემის შესახებ მოწმეთა ჩვენებები, რადგან ეს ჩვენებები ურთიერთწინააღმდეგობრივია.
კასატორის მოსაზრებით, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მხარეთა შორის შეთანხმება მოვლა-პატრონობის შესახებ და ნასყიდობის ხელშეკრულება მიიჩნია თვალთმაქცურ გარიგებად, თუმცა ამავდროულად დაადასტურა კასატორის მიერ 7000 დოლარის მიღების ფაქტი. არ შეიძლება მხარეებს შორის ყოფილიყო ნასყიდობის გარიგება თვალთმაქცური და ამავე დროს ნამდვილიც. საოლქო სასამართლომ კი ძალაში დატოვა აღნიშნული გადაწყვეტილება თავისი განჩინებით. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად ურთიერთწინააღმდეგობრივია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილად ჩაითვალა ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის გარიგება არის თავალთმაქცური და დადებულია სხვა გარიგების დაფარვის მიზნით. რაიონულმა სასამართლომ მხოლოდ იმიტომ არ დააკმაყოფილა ხ-ას სარჩელი, რომ ხ-ა არ ითხოვდა გარიგების გაუქმებას იმ მოტივით, რომ მოპასუხე არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, კერძოდ მოვლის ვალდებულებას და ითხოვდა ნასყიდობის გარიგების გაუქმებას სხვა საფუძვლით, კერძოდ, როგორც მოტყუებით დადებულის, თუმცა რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ-ამ ჩ-ისგან მიიღო ბინის საფასური 7000 აშშ დოლარი.
სააპელაციო სასამართლომ დატოვა უცვლელად ასეთი მსჯელობის გადაწყვეტილება, თუმცა თავისი განჩინებით დადგენილად მიიჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არის არა თვალთმაქცური, არამედ _ ნამდვილი, ასეთ პირობებში პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, ურთიერთწინააღმდეგობრივია. კერძოდ, რაიონული სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის გარიგება თვალთმაქცურია, ხოლო სააპელაციო სასამართლო კი მიიჩნევს, რომ ნამდვილია.
პალატა თვლის, რომ მოცემულ ვითარებაში საქმეზე გამოტანილი განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქმის ხელახალი განხილვის დროს სასამართლომ უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, თუ რომელი ხელშეკრულება დაიდო მხარეთა შორის და იმისდა მიხედვით გადაწყვიტოს მხარეთა უფლება-მოვალეობები.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ხ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 26 აპრილის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.