გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-699-02 25 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (მომხსენებელი),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. შ-ემ 1997წ. 25 მარტს შედგენილი ანდერძით მთელი მისი კუთვნილი ქონება, მათ შორის ქ.თბილისში, ... მდებარე ოროთახიანი კოოპერატიული ბინა უანდერძა თავის შვილს მ. ა-ს. აღნიშნულ ბინაში ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა ვ. შ-ის შვილიშვილი ზ. შ-ე, რომელმაც ბინის მესაკუთრის ნების გარეშე 1996წ. 9 აგვისტოს დადო ხელშეკრულება ¹344-ე საბინაო-საამშენებლო კოოპერატივთან სადავო ბინის მის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
მ. ა-მა სარჩელით მიმართა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზ. შ-ის მიმართ და მოითხოვა 1996წ. 9 აგვისტოს მოტყუებით დადებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რადგან მოპასუხის მიერ სადავო ბინის გადაფორმება მოხდა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
მ. ა-მა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით და ქ.თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 მარტის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილდა მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი 1996წ. 9 აგვისტოს ¹344-ე ბინათმშენებლობის კოოპერატივისა და ზ. შ-ეს შორის ქ.თბილისში, ... მდებარე საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: მხარეთა შორის 1996წ. 9 აგვისტოს დადებული ხელშეკრულება არღვევს კანონით დადგენილ წესებს, რადგან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ. შ-ე 1972 წლიდან ირიცხებოდა ქ.თბილისის ნაძალადევის რაიონის ¹344 საბინაო-საამშენებლო კოოპერატივის წევრად და მის სახელზე იყო აღრიცხული სადავო ბინა, მანვე გადაიხადა საცხოვრებელი ბინის ღირებულება. ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო საბინაო-საამშენებლო კოოპერატივის მეპაიესა და გამგეობას შორის. 1996წ. 9 აგვისტოს მხარეთა შორის დადებული სადავო ხელშეკრულება კი გაფორმდა ზ. შ-ესთან, რომელიც არ წარმოადგენს კოოპერატივის წევრს, რაც იწვევს ხელშეკრულების ბათილობას.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. შ-ემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება ნოტარიუსთან ორივე მხარის თანდასწრებით გაფორმდა და მის მიერ კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ. შ-ე 1972 წლიდან ირიცხებოდა თბილისის ნაძალადევის რაიონის საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრად და მის სახელზე აღრიცხული იყო თბილისში, ... მდებარე ბინა. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომ 1972 წლიდან 1987 წლამდე პერიოდში ბინის ღირებულება ვ. შ-ის მიერ იქნა დაფარული.
სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა დავის გადასაწყვეტად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-10 პუნქტი, რომლის მიხედვით საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრი, რომელმაც გადაიხადა საცხოვრებელი ბინის ღირებულება, ითვლება ბინის მესაკუთრედ, რის შესახებაც ფორმდება ხელშეკრულება საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის მეპაიესა და გამგეობას შორის, რაც დასტურდება სანოტარო წესით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე კანონიერად ჩათვალა, რომ ზურაბ შ-ე, რომელიც არ წარმოადგენდა კოოპერატივის წევრს, არ შეიძლებოდა ყოფილიყო სადავო ბინის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულების მხარე; ხელშეკრულება კანონის თანახმად უნდა გაფორმებულიყო მესაკუთრე ვარლამ შ-ესთან. ვარლამ შ-ის შვილიშვილზე ზ. შ-ე. სადავო ბინის მესაკუთრედ შეიძლებოდა აღრიცხულიყო მხოლოდ ვ. შ-ეზე ბინის აღრიცხვის შემდეგ ამ უკანასკნელის მიერ კანონით დადგენილი წესით გასხვისების გზით.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ საქმის განხილვის დროს დაარღვია სსკ-ს 372-ე, 374-ე მუხლების მოთხოვნები. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს უნდა ჩაეტარებინა მოსამზადებელი სხდომა, რათა მხარეს მიცემოდა საშუალება მომზადებულიყო საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას დარღვეულია სსკ-ს ნორმები და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. სსკ-ს 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი; პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ მითითებული საპროცესო ნორმების დარღვევის არსებობის შემთხვევაშიც კი საქმეზე ისეთივე გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული, რაც სააპელაციო სასამართლომ მიიღო.
პალატის აზრით სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკვალიფიცირა სადავო გარიგება სკ-ს 54-ე მუხლის საფუძველზე როგორც ბათილი გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ვინაიდან კანონმდებლობა მესაკუთრის მიერ საკუთრების გასხვისების განსხვავებულ მექანიზმს ითვალისწინებს, მოცემულ შემთხვევაში კი კანონით დადგენილი წესი დაცული არ ყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს ზურაბ შ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.