საქმე # 150141124010327032
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №155I-24 თბილისი
მ-ი დ, 155I -24 21 ნოემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ბ-ის საჩივარი ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 აპრილის განაჩენით:
დ. მ-ნი, დაბადებული .. წლის .. სექტემბერს, პირადი N...., ცნობილ იქნა დამნაშავედ (ძებნილი) საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
დ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყება დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.
2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 აპრილის განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში.
3. ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურიდან შესული შუამდგომლობა და მასზე დართული საქმის მასალები ძებნილი მსჯავრდებულის – დ. მ-ის მიმართ.
4. ახალქალაქის რაიონული სასამართლომ 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინებით:
დ. მ-ნს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტისა და ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, 1/6-ით შეუმცირა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა 3 წლით; საბოლოოდ, სასჯელის შემცირების შედეგად, დ. მ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით;
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. მ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ. ბ-მ, რომელმაც ითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლომ 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინების გაუქმება, დ. მ-ის სასჯელისგან სრულად გათავისუფლება და მისთვის ნასამართლობის მოხსნა.
5.1. საჩივარში ადვოკატი აღნიშნავს, რომ როგორც მათთვის არის ცნობილი ბრალდების მხარემ სრულად არ გაარკვია დაზარალებულის პოზიცია, რის გამოც სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. განსახილველ შემთხვევაში, დ. მ-ნი დამნაშავედ არის ცნობილი ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ხოლო, ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მოცემული ამნისტია ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი დანაშაულის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დანაშაულისა) მომზადება ან მცდელობა.
4. 2024 წლის 31 ოქტომბერს სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულ ააიპ ,,ა-ის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ წარმომადგენელმა – ა. ა-მა – წერილობით დააფიქსირა პოზიცია, რომ იგი წინააღმდეგია დ. მ-ის მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, საქმე ეხება სახელმწიფო საკუთრების ქურდობის მცდელობის ფაქტს.
5. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, დაზარალებულის თანხმობის არარსებობის პირობებში, ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დ. მ-ნს 1/6-ით მართებულად შეუმცირა მისთვის დანიშნული სასჯელი (თავისუფლების აღკვეთა 3 წლით).
6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ადვოკატის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარემ სრულად არ გაარკვია დაზარალებულის პოზიცია, ვინაიდან, ადვოკატმა, ერთი მხრივ, არ დაასაბუთა, თუ რითაა გამოხატული დაზარალებულის პოზიციის სრულად გაურკვევლობა (მით უმეტეს მაშინ, როდესაც დაზარალებულის უარი ოქმის სახით წარმოდგენილია საქმეში), ხოლო მეორე მხრივ, თავად მოცემული ოქმისგან განსხვავებული შინაარსის ამსახველი დოკუმენტი, მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ მოცემული ამნისტია ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი დანაშაულის მომზადება ან მცდელობა და დაუმთავრებელ დანაშაულთან მიმართებით, ხსენებული კანონი რაიმე ფორმით განსხვავებულ წინაპირობებს არ ადგენს.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ბ-ის საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინების შეცვლის რაიმე სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ბ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი