3კ-701-02 20 დეკემბერი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უეზანესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: ქონების დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს “ფ.-ის” აღმასრულებელმა დირექტორმა ვ. ა.-მ სარჩელით მიმართა საქართველოს უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოს და აღნიშნა, რომ შავი მეტალურგიის სამინისტროს მითითებებისა და ქარხნის ყოფილი ¹... საამქროს კოლექტივის ინიციატივის საფუძველზე ამ საამქროს ბაზაზე 1988წ. ნოემბრიდან დაფუძნდა კოოპერატივი “ე.-ი”. 1988 წელს აღნიშნულ კოოპერატივსა და ქარხანას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ქარხანამ მოპასუხეს დროებით გადასცა ელექტროლიზური მეტალური მანგანუმის მისაღებად საჭირო ყოფილი ¹... საამქროს შენობა-ნაგებობები, მოწყობილობები, მანქანა-დანადგარები და სატრანსპორტო საშუალებანი, საამორტიზაციო ანარიცხების ანაზღაურების პირობით განსაზღვრული საიჯარო გადასახადის ყოველთვიურად გადახდის გათვალისწინებით. გადაცემა მოხდა ქარხნის დირექტორის 1988წ. 4 ნოემბრის ¹526 ბრძანების შესაბამისად.
1992წ. იანვრიდან მხარეთა ინიციატივით მოხდა ხელშეკრულების გაგრძელება 1993წ. 31 დეკემბრამდე, რის საფუძველზეც მოპასუხემ დამატებით იკისრა ვალდებულება გადაეხადა ქარხნისათვის ყოველკვარტალურად მოგების 30%.
1993წ. 31 დეკემბერს გავიდა მხარეებს შორის დათქმული ხელშეკრულების მოქმედების ვადა, რის შემდეგაც ქარხანას ხელშეკრულება აღარ გაუგრძელებია.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ქარხნის დირექციის 1999წ. 3 ნოემბრის ¹224 ბრძანებით დაფიქსირდა დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა. ამ ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის მიერ შედგენილ გადმობარების აქტს მოპასუხემ ხელი არ მოაწერა. 28 აპრილის ¹56 ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის მიერ მოხდა იჯარით გაცემული მატერიალური ფასეულობების გადმობარება, თანახმად 1995წ. 24 ივლისის ¹22 აქტისა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ კოოპერატივის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ფონდების გადმოცემაზე ზემოთ აღნიშნულ ორმხრივად ხელმოწერილ დოკუმენტებს არ ცნობს იმ მოტივით, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში კოოპერატივმა თვითონ მოიპოვა საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე.
მოსარჩელემ მოითხოვა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 270-277-ე მუხლების და “იჯარის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მოპასუხის იძულების წესით გამოყვანა შენობა-ნაგებობებიდან და ქონების დაბრუნება.
ხონის რაიონულ სასამართლოში მოსარჩელემ დამატებით მოითხოვა კოოპერატივ “ე.-ის” რეგისტრაციის გაუქმება.
მოპასუხე კოოპერატივმა “ე.-მა” შეიტანა შეგებებული სარჩელი. იგი მიუთითებდა, რომ ხელშეკრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, იჯარით გადაცემული ქონება იყო იჯარა-შესყიდვის სახით. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს უნდა ჩაეტარებინა საამქროს კაპიტალური შეკეთება, მან თავი აარიდა ამას და იძულებული გახადა მოპასუხე, რომ კაპიტალური რემონტი ჩაეტარებინა თვითონ. ჩატარებული სამუშაოების ღირებულება დაანგარიშებულ იქნა 169 მილიონ რუბლად. იგი მიუთითებდა, რომ მას მოსარჩელეზე გადატვირთული აქვს ელექტროლიტური მანგანუმი, რომლის საფასურიც არ გადაუხდიათ. კოოპერატივმა შეგებებულ სარჩელში მოითხოვა მოსარჩელეზე მის სასარგებლოდ 370866 ლარის დაკისრება.
ხონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ფ.-ის” წარმომადგენელმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ხონის რაიონული სასამართლოს 1999წ. 30 აპრილის გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე გამოსახლებულ იქნა შენობა-ნაგებობიდან და მოსარჩელეს დაუბრუნდა წარმოების ძირითადი საშუალებები.'მოსარჩელის მოთხოვნა კოოპერატივის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა. მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს “ფ.-ს" კოოპერატივ “ე.-ის" სასარგებლოდ დაეკისრა 111163 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კოოპერატივმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 11 მაისის განჩინებით კოოპერატივის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება კოოპერტივის ქარხნის შენობა-ნაგებობებიდან გამოსახლების ნაწილში დარჩა უცვლელი, ხოლო ინვენტარის დაბრუნებისა და ქარხნისათვის 111123 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილელად დაუბრუნდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1988წ. 1 ოქტომბერს სს “ფ.-სა" და კოპერატივ “ე.-ს" შორის დადებული იყო იჯარის ხელშეკრულება ხუთიწ. ვადით. ხელშეკრულების 2.2 პუნქტის მიხედვით ელექროლიტური ლითონური მანგანუმის წარმოებისათვის კანონით განსაზღვრული საფუძვლები და ფარგლები, შემსრულებელს (კოოპერატივს) დროებით სარგებლობაში გადაეცა ამისათვის აუცილებელი შენობა-ნაგებობები და მანქანა-დანადგარები. აღნიშნულის განსახორციელებლად ქარხნის დირექტორის 1988წ. 4 ნოემბრის ¹526 ბრძანების მიხედვით კოოპერატივს იჯარით გადაეცა ¹... საამქროში 1988წ. 1 ნოემბრისათვის არსებული ყველა ძირითადი საშუალებანი. 1992წ. იანვარში განახლებული ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად კოოპერატივს ელექტროლიტური ლითონური მანგანუმის წარმოებისათვის დროებით სარგებლობაში გადაეცა აუცილებელი მოწყობილობა, მანქანები, სატრანსპორტო საშუალებანი, შენობა-ნაგებობები, სათავსები და სხვა საწარმოო საშუალებანი თანდართული ჩამონათვალის მიხედვით. 1988 და 1992 წლებში მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები სასამართლომ მიიჩნია ქირავნობის ხელშეკრულებად და სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 270-ე, 287-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნია, რომ დამქირავებელი მოვალეა დაუბრუნოს გამქირავებელს ქარხნის ძირითადი საშუალებები.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქარხნის ქონება გადაცემული ჰქონდა გამოსყიდვის უფლებით, რადგან ხელშეკრულებები არ ითვალისწინებდა გამოსყიდვის უფლებას. საქმის მასალების საფუძველზე სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ მოპასუხეს არ შეუძენია წარმოების ვარგისი ან ამორტიზებული რაიმე ძირითადი საშუალებები, რის გამოც მიიჩნია, რომ ქარხანას უნდა დაუბრუნდეს როგორც ვარგისი, ისე ამორტიზებული წარმოების ძირითადი საშუალებები.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ძირითადი და საბრუნავი საშუალებები უნდა დაუბრუნდეს მათ მიერ წარმოდგენლი ნუსხის მიხედვით, რადგან აღნიშნული ნუსხა შედგენილი იყო ცალმხრივად. სასამართლო ასევე არ დაეყრდნო ქარხნის ¹... საამქროს ძირითადი საშუალებების საინვენტარიზაციო აღრიცხვის ჟურნალის მონაცემს იმის გამო, რომ ექსპერტიზის მიხედვით საინვენტარიზაციო აქტს არა აქვს მითითებული ნომერი, კომისიის შემადგენლობა, მატერიალური პასუხისმგებელი პირი და არ არის მითითებული ვის ჩაბარდა ქონება.
ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ინვენტარიზაცია არასრულყოფილად არის ჩატარებული, ვერ იქნა დადგენილი თუ რა ძირითადი ქონება იქნა გადაბარებული. აღნიშნულის გამო, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კოოპერატივმა ქარხანას უნდა დაუბრუნოს ¹... საამქროში განლაგებული წარმოების ძირითადი საშუალებები _ დაზგა-დანადგარები, მანქანები, ტრანსპორტი.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 1988 და 1992წ. ხელშეკრულებებში მითითებული საბრუნავი საშუალებები _ ნედლეული, საცვლელი მოწყობილობები, წარმოების ძირითადი საშუალებების სათადარიგო ნაწილები, ინსტრუმენტები, სპეცტანსაცმელი და ინვენტარი ეკუთვნის კოოპერატივს, რადგან მოსარჩელე სადავოდ არ ხდის. ამასთან, სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე მიიჩნია, რომ საბრუნავი საშუალებები კოოპერტივის მიერ იქნა შესყიდული და მათ მიერ საბრუნავი საშუალებების ღირებულება მთლიანად გადახდილია.
საქმის მასალებისა და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ კოოპერატივი “ე.-ი" იხდიდა ამორტიზაციის თანხებს იჯარით გადაცემულ ქონებაზე სრული აღდგენის ნაწილში, რომელიც გადახდილი აქვს 1988 წლიდან 1995 წ. 1 ივლისამდე მთლიანად, ხოლო კაპიტალური რემონტის ნაწილში ამორტიზაციის თანხა არ უნდა გადაეხადა და არც აქვს გადახდილი. იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ ვერ წარმოადგინა რაიმე საბუთი, პალატამ მიიჩნია, რომ ¹... საამქროში არ ჩატარებულა კაპიტალური რემონტი, რის გამოც ჩათვალა, რომ შეგებებული სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოა.
ორმხრივი ანგარიშსწორების ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კოოპერატივის ქარხნიდან ეკუთვნის 87610783525 კუპონი, რაც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შეადგენს 147713 ლარს.
სასამართლომ ურთიერთანგარიშსწორების აქტზე დაყრდნობით დადგენილად ცნო, რომ ქონების ქირავნობის 1988წ.ა და 1992წ. ხელშეკრულებების 4.3 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ქარხანა სისტემატურად არღვევდა, კოოპერატივის მიერ მიწოდებული პროდუქციის საფასურის გადარიცხვას ან აჭიანურებდა, ან საერთოდ არ იხდიდა, რის გამოც კოოპერატივმა დროულად ვერ მოახდინა ბიუჯეტთან ანგარიშსწორება და ზარალის თანხამ შეადგინა 36274 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ 2001წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა ხონის რიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გაადწყვეტილებით სს “ფ.-ის" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
სს “ფ.-ს" დაუბრუნდა კოპერატივ “ე.-ისათვის საიჯაროდ გადაცემული წარმოების ძირითადი საშუალებები, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა კოოპერატივის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
კოოპერატივ “ე.-ის" შეგებებული სარჩელი დაკმაყოფლდა ნაწილობრივ:
სს “ფ.-ს" და კოოპერატივ “ე.-ის" სასარგებლოდ დაეკისრა 147713 ლარის გადახდა. მასვე დაეკისრა საბიუჯეტო დავალიება 36274 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად სააპელაციო პალატამ გამოიყენა სკ-ს 1507-ე მუხლის პირველი ნაწილი, სკ-ს (1964წ.) 270-ე, 287-ე და 385 მუხლები.
კოოპერატივმა განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას და მოითხოვა გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ ასახა წარმოების საბრუნავი საშუალებების მიკუთვნების შესახებ. ასევე მოითხოვა კოოპერატივის შენობიდან გამოსახლების შეჩერება.
საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 თებერვლის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გამოსახლების ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულება გადაიდო, ხოლო გადწყვეტილებაში შესწორების შეტანაზე უარი ეთქვა კოოპერატივს.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
კოოპერატივი “ე.-ი" მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას ქარხნისათვის ძირითადი საშაულებების დაბრუნების ნაწილში და მისი შეგებებული სარჩელის დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. ასევე მოითხოვს 2002წ. 28 თებერვლის განჩინების გაუქმებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანაზე უარის თქმის ნაწილში.
კასატორის მოსაზრებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულია ხარვეზი. კერძოდ, სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ საბრუნავი საშუალებები შეძენილია კოოპერატივის მიერ, ხოლო სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნული საკითხი არ ასახა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ არასწორად დაადგინა, რომ კოოპერატივის მიერ არ იყო შეძენილი წარმოების ძირითადი საშუალებები და მათ მიერ ჩატარებული არ იქნა კაპიტალური რემონტი.
სს “ფ.-ა" საკასაციო საჩივრით მოითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას საბიუჯეტო დავალიანების დაკისრების ნაწილში, ასევე მოითხოვს გადაწყვეტილებაში მითითებულ იქნეს კოოპერატივის მიერ დასაბრუნებელი ძირითადი საშუალებების კონკრეტული ჩამონათვალი.
კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა კოოპერატივისათვის გადაცემული ქონების აღწერის საინვენტარიზაციო ჟურნალი.
კასატორის მოსაზრებით, საბიუჯეტო დავალიანების ქარხნისათვის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება უკანონოა, არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და გამოტანილია პროცესუალური ნორმების უხეში დარღვევით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ კოოპერატივ “ე.-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სს “ფ.-ის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 248-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
კოოპერატივი “ე.-ი” სარჩელით მოითხოვდა წარმოების ძირითადი საშუალებების მიკუთვნებას. აღნიშნული საკითხის განხილვისას სასამართლომ გამიჯნა ერთმანეთისაგან ძირითადი და საბრუნავი საშუალებები და დადგენილად ცნო, რომ ძირითადი საშუალებები ეკუთვნოდა “ფ.-ს”, რის გამოც კოოპერატივს უარი ეთქვა ძირითად საშუალებათა მიკუთვნებაზე, რაც აისახა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. ხოლო რაც შეეხება წარმოების საბრუნავ საშუალებებს, სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ საბრუნავი საშუალებები შეძენილია კოოპერატივის მიერ და წარმოადგენს მის საკუთრებას, მაგრამ ვინაიდან საბრუნავი საშუალებების მიკუთვნებაზე არ ყოფილა მოთხოვნა, სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არაფერი მიუთითა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ კოოპერატივ “ე.-ს” მართებულად არ მიაკუთვნა ის, რაც მას არ მოუთხოვია. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს დასკვნებს სასარჩელო მოთხოვნებზე და შედგენილია სსკ-ს 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულია ტექნიკური ხარვეზი.
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ საქმეზე ხელშეკრულების, საქმეში წარმოდგენილი მასალებისა და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულებები არ ითვალისწინებდა ქონების გამოსყიდვის უფლებას, კოოპერატივის მიერ არ ყოფილა შეძენილი წარმოების ძირითადი საშუალებები; კოოპერატივის მიერ ¹... საამქროში არ ჩატარებულა კაპიტალური რემონტი. 1988 წლიდან 1995წ. 1 ივლისამდე კოოპერატივს გადახდილი აქვს მთლიანად ამორტიზაციის თანხები იჯარით გადაცემულ ქონებაზე, ხოლო კაპიტალური რემონტის ნაწილში ამორტიზაციის თანხა არ უნდა გადაეხადა და არც გადაუხდია.
სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ ინვენტარიზაცია არასრულყოფილად იყო ჩატარებული და აქედან გამომდინარე, ვერ იქნა დადგენილი, თუ რა ძირითადი ქონება გადაეცა კოოპერატივს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ კოოპერატივ “ე.-ისა" და სს “ფ.-ის" საკასაციო პრეტენზიები ფაქტობრივი გარემოებების მიმართ არ არის დასაბუთებული. კასატორები ვერ მიუთითებენ რაიმე მტკიცებულებაზე, რაც გამორიცხავდა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებებს, რის გამოც საკასაციო პალატა დადგენილ გარემოებებს სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მიიჩნევს სავალდებულოდ და აქედან გამომდინარე კასატორების პრეტენზია ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ვერ იქნება გაზიარებული.
რაც შეეხება “ფ.-ის" საკასაციო პრეტენზიას კოოპერატივის საბიუჯეტო დავალიანების _ 36274 ლარის დაკისრების ნაწილში, პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში საკასაციო პრეტენზია საფუძვლიანია.
დადგენილია, რომ ქარხანა სისტემატურად არღვევდა კოოპერატივის მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გადარიცხვას ან აჭიანურებდა, ან საერთოდ არ იხდიდა, რის გამოც კოოპერატივმა დროულად ვერ მოახდინა ბიუჯეტთან ანგარიშსწორება და ძირითადი დავალიანების თანხამ შეადგინა 36274 ლარის საურავის გარდა.
სააპელაციო პალატამ კოოპერატივის ბიუჯეტისადმი დავალიანების ძირითადი დავალიანების თანხა _ 36274 ლარი გადასახდელად დააკისრა ქარხანას. ამ ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საგადასახადო ვალდებულება სრულდება უშუალოდ გადასახადის გადამხდელის მიერ.
დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი არის კოოპერატივი “ე.-ი" და მითითებული ნორმის თანახმად ბიუჯეტისათვის გადასახადის გადახდის ვალდებულება მას ეკისრება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კოოპერატივი “ე.-ის" სარჩელი საბიუჯეტო დავალიანების დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დანარჩენ ნაწილში გადაწყვევტილება დარჩეს უცვლელად
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალტის 2002წ. 28 თებერვლის განჩინება.
გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სს “ფ.-ისათვის კოოპერატივ “ე.-ის" სასარგებლოდ საბიუჯეტო დავალიანების 36274 ლარის დაკისრების ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
კოოპერატივ “ე.-ის” შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, საბიუჯეტო დავალიანების დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს.
დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.