3კ-703-01 9 ოქტომბერი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
პ ა ლ ა ტ ა მ გამოარკვია:
მოსარჩელის განმარტებით, ქ.თბილისში, ... მდებარე ოთხოთახიანი იზოლირებულ ბინაში 1993 წ. თებერვლამდე ცხოვრობდა ე. ბ.-ე. 1993წ. 16 ოქტომბერს ამ უკანასკნელმა აღნიშნული ბინა ხელშეკრულების საფუძველზე ჩააბარა სამშენებლო ამხანაგობა “...-ს” იმ პირობით, რომ იგი ამხანაგობის წევრი გახდებოდა და სახლის აშენების შემდეგ მას მისცემდნენ 140 კვ.მ. ოთხოთახიან ბინას ე. ბ.-ის ბინაში ამხანაგობამ შეასახლა გ. ა.-ე, რომელიც ცხოვრობდა მშენებლობის ადგილზე მდებარე ასაღებ ბინაში. ამხანაგობამ კი აღებული ვალდებულება არ შეასრულა.
ე. ბ.-ემ სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მასს და ამხანაგობა “...-ს” შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა და გ. ა.-ის გამოსახლება ქ.თბილისში, ...-ის ქ.¹128-ში მდებარე სახლიდან.
მოსარჩელემ შემდეგში დამატებითი სარჩელით მიმართა სასამართლოს და განმარტა, რომ მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი ბინა გ. ა.-მ ნათესავ ო. ჯ.-ს დაუთმო. ამ უკანასკნელმა კი სანაცვლოდ მოპასუხეს ოროთახიანი ბინა უყიდა, რის გამოც მოითხოვა აღნიშნული ბინიდან ო.ჯ.-ის გამოსახლება.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე. ბ.-ის სარჩელი მასს და საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “...-ს” შორის დადებული საგარანტიო ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და თბილისში, ... მდებარე ბინიდან ო.ჯ.-ის გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ე. ბ.-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 7 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ე. ბ.-ესა და ინდივიდუალურ საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “...-ს” შორის დადებული საგარანტიო ხელშეკრულება. ე.ბ.-ეს უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა ო.ჯ.-ის გამოსახლებაზე თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან.
ო. ჯ.-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი ცნობილ იქნა თბილისში, ... მდებარე ე.ბ.-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინის მოსარგებლედ.
ე. ბ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 18 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. კ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 7 მაისის გადაწყვეტილება ე. ბ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ო. ჯ.-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ვ. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ო. ჯ.-ი გამოსახლებულ იქნა თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის წევრებთან ერთად. ო. ჯ.-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ო. ჯ.-მა 2002წ. 2 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო პალატას და მოითხოვა აღსრულების შეჩერება, რადგან მისი მეუღლე მ. ბ.-ა საჭიროებს მკაცრ წოლით რეჟიმს ბინის პირობებში და კარდიოლოგის მუდმივ მეთვალყურეობას. აღნიშნული ცნობა გაცემულია თერაპიის ეროვნული ცენტრის ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ 2002წ. 27 სექტემბერს.
საკასაციო პალატა, თვლის რომ საქართველოს სსკ-ს 263-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად სასამართლოს, რომელმაც საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით გადადოს ან განაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია სასამართლო გადაწყვეტილებით გამოსახლებული პირის ავადმყოფობის გამო გადადოს გადაწყვეტილების აღსრულება ექვსი თვის ვადით, 2003წ. 10 აპრილამდე.
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 263-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო. ჯ.-ის განცხადება აღსრულების გადადების შესახებ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 18 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულება გადაიდოს 2003წ. 10 აპრილამდე.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების შესახებ ეცნობოთ მხარეებს.