¹ 3კ-703-02 13 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგიშვილი,რ. ნადირიანი
დავის საგანი: აუქციონის შედეგების გაუქმება, ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს კომერციულ ბანკ “რ.-სა"' და ნ. თ.-ს შორის 1997წ. 30 დეკემბერს დადებულ იქნა საკრედიტო ხელშეკრულება. კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით 1997წ. 30 დეკემბერს იპოთეკით დაიტვირთა ნ. თ.-ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, მდებარე ... ქ. თბილისი.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს კბ “რ.-ს" სარჩელი დაკმაყოფილდა და ნ. თ.-ს დაეკისრა 6531,17 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გამოწერილ იქნა სააღსრულებო ფურცელი.
2001წ. 31 ივლისს გაიმართა საჯარო აუქციონი იპოთეკით დატვირთულ ნ. თ.-ის სახელზე რიცხული ბინის რეალიზაციის მიზნით. ვაკე-საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, კ. ხ.-ს, 2001წ. 3 აგვისტოს განკარგულებით ნ. თ.-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინის მესაკუთრე 2001წ. 31 ივლისის პირველ საჯარო აუქციონზე გახდა თ. მ.-ი, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 24514,40 ლარად.
23.08.01წ. ნ. თ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მისი ბინის რეალიზაციის მიზნით დანიშნული აუქციონის ჩატარებისას დარღვეულ იქნა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტი. მოსარჩელემ განმარტა, რომ აუქციონის დღეს იგი 12 საათზე გამოცხადდა სააღსრულებო ბიუროში, რათა დაეფარა ბანკის ვალი, კანონით გათვალისწინებული მოსაკრებელი და აღსრულების ხარჯები, მაგრამ აღმასრულებელმა განუცხადა, რომ ბინა უკვე გაყიდული იყო. ამასთან, მოსარჩელე თვლის, რომ აუდიტის მიერ სადავო ბინა შეფასდა არარეალურ, მცირე ფასში, ვიდრე მისი ნამდვილი ღირებულებაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა აუქციონის და შესაბამისად 2001წ. 3 აგვისტოს აღმასრულებლის განკარგულების ბათილად ცნობა.
მოპასუხე _ ვაკე-საბურთალოს და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის აღმასრულებელმა კ. ხ.-მ არ ცნო სარჩელი იმ მოტივით, რომ აუქციონი და ბინის გასხვისება მოხდა კანონმდებლობის სრული დაცვით.
საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა თ. მ.-მ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ნ. თ.-ის და მასთან ერთად მცხოვრები პირების გამოსახლება აწ უკვე მისი კუთვნილი ბინიდან, მდებარე ქ. თბილისი. მან, ასევე, მოითხოვა 2001წ. 4 სექტემბრიდან ბინის ქირის დაკისრება ნ. თ.-ზე.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. თ.-ის სარჩელი ვაკე-საბურთალოს და დიდუბე-ჩუღურეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის კ. ხ.-ს მიმართ აუქციონისა და ¹8/0104 განკარგულების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. მესამე პირის თ. მ.-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დადგინდა სადავო ბინიდან ნ. თ.-ის გამოსახლება მის თანმხლებ პირებთან ერთად. მას ასევე დაეკისრა 2001წ. 4 სექტემბრიდან ყოველთვიურად 250 აშშ დოლარის გადახდა ქირის სახით. სასამართლო მხარეების განმარტებების, წარმოდგენილი მასალების გაანალიზებით მივიდა დასკვნამდე, რომ ნ. თ.-მ იცოდა აუქციონის დანიშვნის შესახებ, რის გამოც მისი მოთხოვნა სასამართლომ მიიჩნია უსაფუძვლოდ, ჩატარებული აუქციონი კანონიერად და თ. მ.-ის მოთხოვნა საფუძვლიანად.
ნ. თ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილევბა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 აპრილის განჩინებით ნ. თ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 1999წ. 8 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელის შესაბამისად თბილისის ვაკე-საბურთალოს და დიდუბე-ჩუღურეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა კ. ხ.-მ 2001წ. 20 ივლისს დღის 12 საათზე დანიშნა იძულებითი აუქციონი. ნ. თ.-ს აუქციონის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობა 2001წ. 20 ივლისს, მაგრამ მან გაფრთხილებას ხელი არ მოაწერა, თუმცა შენიშვნის სახით გააკეთა მინაწერი. ამდენად, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რომ აღმასრულებელი აუქციონის დროისა და ადგილის შესახებ მხარეებს აცნობებს უწყებების ჩაბარებით დარღვეული არ არის. სააპელაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით აუქციონის შეწყვეტის საფუძველი _ აუქციონის დაწყებისას კრედიტის დასაფარად ფულის გადახდა, საქმის მასალებით არ დასტურდება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ბინის საწყისი ღირებულების განსაზღვრა, აუქციონის ჩატარება და ბინის თ. მ.-ზე მიყიდვა კანონის მოთხოვნათა დაცვით
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ სკ-ს 170-ე 172-ე, 562-ე მუხლების საფუძველზე თ. მ.-ის მოთხონა ნ. თ.-ის გამოსახლებისა და მისთვის ქირის დაკისრების შესახებ საფუძვლიანად მიიჩნია.
საპელაციო პალატის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. თ.-მ, კასატორმა მიუთითა, რომ კანონის შესაბამისად არ იყო გაფრთხილებული აუქციონის ჩატარების დროის შესახებ. მან ასევე განმარტა, რომ იშოვა კრედიტის დასაფარი თანხა, მივიდა სააღსრულებო ბიუროში, რა დროსაც მისი ბინა უკვე გაყიდული დახვდა. კასატორი თვლის, რომ აღნიშნულით დარღვეულ იქნა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის მოთხოვნები.
კასატორმა ასევე განმარტა, რომ არც ერთი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისი მოთხოვნის მიუხედავად არ იქნენ გამოძახებული პროცესზე მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრები, რომლებიც მონაწილეობდნენ ბინის პრივატიზებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწვალა საქმის მასალები, საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 1999წ. 8 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელის შესაბამისად თბილისის ვაკე-საბურთალოს და დიდუბე-ჩუღურეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა კ. ხ.-მ 2001წ. 20 ივლისს დღის 12 საათზე დანიშნა იძულებითი აუქციონი. ნ. თ.-ს აუქციონის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობა 2001წ. 20 ივლისს, მაგრამ მან გაფრთხილებას ხელი არ მოაწერა, თუმცა შენიშვნის სახით გააკეთა მინაწერი. ამდენად, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რომ აღმასრულებელი აუქციონის დროისა და ადგილის შესახებ მხარეებს აცნობებს, უწყებების ჩაბარებით დარღვეული არ არის. ასევე არ დასტურდება, რომ არსებობდა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით აუქციონის შეწყვეტის საფუძველი _ აუქციონის დაწყებისას მოვალის მიერ კრედიტის დასაფარად ფულის გადახდა.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას თ. მ.-მ მოხსნა მოთხოვნა ნ. თ.-ის მიმართ ბინის ქირის დაკისრების ნაწილში, რის გამოც ამ ნაწილში საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით, 272-ე მუხლის ,,გ” პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 აპრილის განჩინება მოპასუხე ნ. თ.-ზე 2001წ. 4 სექტემბრიდან ყოველთვიური ბინის ქირის სახით 250 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების შესახებ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდეს.
დანარჩენ ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.