საქმე N 190100124008806471
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1025აპ-24 11 ნოემბერი, 2024 წელი
კ–ა რ., 1025აპ-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – სალომე ქემაშვილმა, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და რ. კ–ს მიმართ სასჯელის გამკაცრებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გამოყენებული სასჯელი არის მსუბუქი და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების შესრულებას. კასატორი უთითებს, რომ მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს განზრახი დანაშაული, სამ ეპიზოდად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა არასრულწლოვან დაზარალებულს, შესაბამისად, შეფარდებული სასჯელი შეუსაბამოა ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 აპრილის განაჩენით რ. კ–მა, – დაბადებული 19.. წლის 21 ივლისს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 300 საათით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის 20 იანვრის ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 350 საათით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 200 საათით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოდ, რ. კ–მას მიესაჯა – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 350 საათით.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ რ. კ–მ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორი ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:
3.1. 2024 წლის 10 იანვარს, დღისით, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში, მათ სახლში ყოფნისას, იმის გამო რომ ა. კ–მ მეუღლეს სთხოვა პირსახოცის მოტანა, რ. კ–მ თმის მოქაჩვითა და ძირს დაგდებით, ფიზიკურად იძალადა რძლის – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი, ა. კ–ს მიმართ. რ. კ–მას ქმედებების შედეგად, ა. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3.2. 2024 წლის 20 იანვარს, დაახლოებთ, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შუალედში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში, მათ სახლში ყოფნისას, რ. კ–მ უთხრა ა. კ–ს, რომ უნდა წასულიყო მათი სახლიდან, რადგან არ მოსწონდა, ამავდროულად, მარჯვენა მუშტის თავის არეში და მარჯვენა გაშლილი ხელით სახის მარჯვენა არეში დარტყმით, ფიზიკურად იძალადა რძლის – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი, ა. კ–ს მიმართ. რ. კ–ს ქმედებების შედეგად, ა. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3.3. 2024 წლის 20 იანვარს, დაახლოებთ, 12:30 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში, მათ სახლში ყოფნისას, რ. კ–მა, წინასაწარი შეცნობით არასრულწლოვან რძალს – ა. კ–ს, ფიზიკური ძალადობის შემდეგ, დანის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ უთხრა, რომ თუ არ წავიდოდა სახლიდან მოკლავდა. რ. კ–ს მუქარა ა. კ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – სალომე ქემაშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და რ. კ–მას მიმართ სასჯელის გამკაცრებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად, მოცემულ საქმეზე, სავარაუდოა, მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. კასატორის მიერ სადავო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
9. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარებისა და სწრაფი მართლმსაჯულებისათვის ხელის შეწყობის მხედველობაში მიღებით, რ. კ–ს კანონით გათვალისწინებული სასჯელები შეუფარდა, რომლის გამკაცრების აუცილებლობა, მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, გამომდინარე იქიდან, რომ დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის ოჯახური კონფლიქტი ამოწურულია და არასრულწლოვანმა ა. კ–მ, ისევე, როგორც მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა – ე. პ–მ – მოითხოვეს რ. კ–ს ლმობიერად დასჯა. არასრულწლოვნის მიმართ და ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, რაზეც დიდწილად აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, ჩადენილი ქმედებების მაკვალიფიცირებელი ნიშნებია და ვერ დაედება საფუძვლად რ. კ–სათვის შეფარდებული კონკრეტული სასჯელების დამძიმებას.
10. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე. შესაბამისად, რ. კ–ს მიმართ შეფარდებულ სასჯელზე – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაზე –„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ ვრცელდება.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
მ. გაბინაშვილი