საქმე N 190100123008385602
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№994აპ-24 ქ. თბილისი
მ–ი ნ., №994აპ-24 4 ნოემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აგვისტოს განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის, მსჯავრდებულ ნ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ც–სა და მსჯავრდებულ ე. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ხატია გოგრიჭიანმა, მსჯავრდებულ ნ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ლ. ც–მა და მსჯავრდებულ ე. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ა. ბ–მა.
2. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი – ხატია გოგრიჭიანი თავისი საკასაციო საჩივრით ითხოვს, განაჩენის შეცვლასა და მსჯავრდებულებისათვის, დანაშაულში მათი თანამონაწილეობის ხარისხისა და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, მაქსიმალურად მკაცრი სასჯელების შეფარდებას, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ნ. მ–ი დაინტერესებული იყო ა. ს–სა და ა. შ–ს შეუღლებით. სწორედ მისი ინიციატივით გაიცნეს ოჯახებმა ერთმანეთი, ხოლო ე. მ–ა არა მარტო დასთანხმდა ძმას, არამედ მოეწონა ეს იდეა. მეტიც, 2023 წლის 26 ივლისს რ. ო–ს უთხრა, რომ ერთ თვეში ჰქონდა ქალიშვილის ქორწილი და ავეჯიც იყიდა, რასაც, როგორც ხსენებული მოწმე, ასევე – ავეჯის მაღაზიის გამყიდველი – ხ. კ–ც – ადასტურებენ. ამდენად, ე. მ–ა შვილის გათხოვებას იქამდე აპირებდა, სანამ იგი 18 წლის გახდებოდა, რაც, ცხადია, საეჭვოს ხდის იმ მტკიცებას, თითქოსდა ნიშნობისას ე. მ–მ პირობა დადო, რომ ქალიშვილს 18 წლამდე არ დააქორწინებდა. ნიშნობამდე რამდენიმე ხნით ადრე, ა. შ–მ მოწმე ს. ა–ს უთხრა, რომ გათხოვება არ უნდოდა, თუმცა ოჯახი აიძულებდა. მოტაცების დღეს, როგორც კი გაიგო ა. შ–მ, რომ ა. ს–ს ცოლი უნდა გამხდარიყო, გაიქცა. ნათელია, რომ მას არ სურდა ოჯახური თანაცხოვრების დაწყება, თუმცა გაქცეული ბავშვი დედამ უკან დააბრუნა. ნ. მ–მა კი გაიგო თუ არა ა. შ–ს გაქცევის ამბავი, სასწრაფოდ ჩავიდა ლ–ში და, დასთან ერთად, შუაღამისას რამდენიმესაათიანი საუბრის შემდეგ, ქორწინებაზე დაითანხმა 13 წლის შეშინებული, უძილო, უჭმელი და უიმედო ა. შ–მა, რომელიც იძულებული გახდა, გათხოვილიყო, რათა არ დარჩენილიყო თავშესაფრის გარეშე, არ შელახულიყო მისი ღირსება, არ დაჰკისრებოდა ორი ოჯახის შერცხცვენის პასუხისმგებლობა და არ გატეხილიყო მისი სახელი. ა. შ–მ ქორწინებაზე თავისუფალი ნება გამოხატა მაშინ, როდესაც მოძალადეს გაექცა და არა მაშინ, როდესაც დედისა და ბიძის რამდენიმე საათიანი ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად, დაეთანხმა გათხოვებას. ნ. მ–სი ნასამართლევია ძალადობრივი დანაშაულისათვის. ე. მ–ა მართალია არ არის ნასამართლევი, მაგრამ გამოირჩევა წესრიგის დარღვევით, ცრუ ინფორმაციის მიწოდებითა და თავის გადარჩენის მიზნით, ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებით. ქალიშვილი მან სწორედ თავის გადასარჩენად აიძულა და დაითანხმა ქორწინებაზე, რადგან ხალხს მასზე არ ეთქვა, რომ შვილმა შეარცხვინა. მსჯავრდებულებმა გენდერული ნორმების გავლენით, დისკრიმინაციის საფუძველზე, აიძულეს ა. შ–ს, დაქორწინებულიყო. მათ თავად განსაზღვრეს, რომ გოგონას ,,მოტაცებული ქალისათვის“ დადგენილი წესებით უნდა ემოქმედა, რასაც კანონთან არაფერი აქვს საერთო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელები უსამართლოა, რადგან მსგავსი კატეგორიის დანაშაულის ხასიათის, ქმედების ჩადენის დისკრიმინაციული მოტივის, დაზარალებულის ასაკის, მსჯავრდებულების ქმედებებით გაწვეული შედეგის – ა. შ–ს გარდაცვალებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულებს უნდა განესაზღვროთ ჩადენილი დანაშაულების სანქციით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელი, მაქსიმალური ვადით.
3. მსჯავრდებულ ნ. მ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი – ლ. ც–ი თავისი საკასაციო საჩივრით ითხოვს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და ნ. მ–ის უდანაშაულოდ ცნობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ნ. მ–ს მსჯავრად შეერაცხა თავისი დისშვილის ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა, თუმცა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით წარდგენილი ბრალდებები გამოირიცხა სრულად. გამოიკითხა არაერთი მოწმე, რომელთაგან უკლებლივ ყველამ აღნიშნა, რომ ნ. მ–ს ყოველთვის თბილი ურთიერთობა ჰქონდა აწ გარდაცვლილ ა. შ–სთან, რომელსაც სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობოდა და მასზე არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად არასდროს უძალადია. მოწმეთა მონათხრობით დადგინდა, რომ ა. შ–მა ნიშნობისას იყო ძალიან ბედნიერი, ცეკვავდა, მხიარულობდა და ძალიან უხაროდა ის, რაც მის თავს ხდებოდა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ნიშნობის ფოტოსურათებიც ცხადყოფს, რომ ა. შ–ს მიმართ არანაირი იძულება ან ძალადობა არ ყოფილა და იგი ნამდვილად ბედნიერი იყო. ასევე დადასტურებულია, რომ ნიშნობის დროს ოჯახებმა დადეს პირობა, რომ ქორწილი მხოლოდ ა. შ–ს სრულწლოვანების შემდეგ შედგებოდა. რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობას, დადგენილია, რომ ა. ს–ი, სამართალდამცავებისათვის შეტყობინების შემთხვევაში, ნ. და ე. მ–ებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, რის გამოც, ვერ შეძლეს სათანადო ორგანოებისათვის მიმართვა. აქედან გამომდინარე, ნ. მ–ზე ამ ხასიათის ზეწოლის გამო, კანონმდებლობა არ ავალდებულებდა მას, რომ საპირწონედ დაედო საკუთარი ან ოჯახის წევრების სიცოცხლე ან ჯანმრთელობა.
4. მსჯავრდებულ ე. მ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი – ა. ბ–ი თავისი საკასაციო საჩივრით ითხოვს, გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ე. მ–ს წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დააკმაყოფილებდა ე. მ–ს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობისათვის. გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სასამართლოში დაკითხულ არცერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ ე. მ–ა აიძულებდა ქალიშვილს, პირიქით – დაადასტურეს, რომ იგი კატეგორიული წინააღმდეგი იყო ა. შ–ს 18 წლამდე დაქორწინების, თუმცა გოგონამ თავად გადაწყვიტა, როგორც ნიშნობა, ასევე – ი-ში დარჩენა, მაშინ, როდესაც დედამისი მის წამოყვანას ცდილობდა. ა. შ–მამ ბიძის რჩევა გაითვალისწინა და დარჩენა გადაწყვიტა. აქედან გამომდინარე ე. მ–ს ბრალეულობა არსად იკვეთება. მოწმის სახით დაკითხულმა ა. შ–ს სკოლის დირექტორმა, კლასის ხელმძღვანელმა და მასწავლებლებმა დაადასტურეს, რომ გარდაცვლილი იყო ძალიან მოაზროვნე გოგონა და, დიდი ალბათობით, შეეძლო ბიძის რჩევის საფუძველზე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება. სხვა მოწმეების მსგავსად, მკვლელობაში მსჯავრდებულის ბიცოლამ – კ. ა–მ – და მისმა შვილმა – ბ. ა–მა – აღნიშნეს, რომ დედა კატეგორიული წინააღმდეგი იყო ქალიშვილის ა. ს–სთან დარჩენისა და ა. შ–მას გადაწყვეტილების შემდეგ ტირილით დატოვა იქაურობა, ხოლო მკვლელობაში მსჯავრდებულის ბიძამ – ა. ა–მა – დაადასტურა, რომ ე. მ–ს თქმით, მისი ქალიშვილი ვერ იქნებოდა ბედნიერი და ეტყობოდა, რომ არ უნდოდა ა. შ–ს ა. ს–სთან დარჩენა. კასატორის მტკიცებით, დანაშაულის შეუტყობინებლობასთან მიმართებით, ერთი მხრივ, საერთოდ არ არის დადგენილი, იყო ეს არასრულწლოვნის მოტაცება თუ ,,სიურპრიზი“ დანიშნულისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, მოტაცების დადასტურების შემთხვევაშიც კი, გამორიცხულია ე. მ–ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რამეთუ მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ იგი იყო ზეწოლისა და მუქარის მსხვერპლი.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის განაჩენით:
5.1. ნ. მ–ი, – დაბადებული 19.. წლის 22 ოქტომბერს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1501-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, ნ. მ–ს სასჯელად განესაზღვრა – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა – 2023 წლის 11 ოქტომბრიდან.
5.2. ე. მ–ა, – დაბადებული 19.. წლის 5 დეკემბერს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1501-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და, საბოლოოდ, ე. მ–აას სასჯელად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა – 2023 წლის 11 ოქტომბრიდან.
6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. მ–მ და ნ. მ–მა ჩაიდინეს: გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ქორწინების იძულება, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ე. მ–მ ასევე –ოჯახის წევრის მიმართ) და დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგით:
6.1. არასრულწლოვნის – 2009 წლის 2 სექტემბერს დაბადებული – ა. შ–ს დედა – ე. მ–ა და ბიძა – ნ. მ–ი, მიიჩნევდნენ, რომ ა–ს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენისა და არჩევანის უფლება. იგი უნდა დამორჩილებოდა მათ გადაწყვეტილებას, დაოჯახებულიყო ადრეულ ასაკში, მასზე გაცილებით უფროს, მატერიალურად შეძლებულ მამაკაცზე. ამ მიზნით, ეგანა და ნ. მ–ებმა, ა. შ–ს შეურჩიეს საქმრო – 19.. წელს დაბადებული ა. ს–ი – რომელთან ქორწინებაზე უარი აღიქმებოდა ოჯახის შეურაცხყოფად და შერცხვენად. აღნიშნულის გამო, 2022 წლის შემოდგომაზე, ა. შ–მა, ეგანა და ნ. მ–ებმა აიძულეს, დათანხმებოდა ა. ს–ზე დაქორწინებას და მითითებულ პერიოდში, დ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ უ–ში მდებარე ე. მ–ს საცხოვრებელ სახლში, ე. მ–ს, ნ. მ–სა და სხვა პირების თანდასწრებით, არასრულწლოვანი ა. შ–მა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, დანიშნა ა. ს–მა. აღნიშნულის შემდეგ, 2023 წლის ზაფხულში, ა. ს–მა ა. შ–ს, ცოლად შერთვის მიზნით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და მიიყვანა ს–ს რაიონის სოფელ ლ–ში მდებარე ბიძის – ა. ა–ს – საცხოვრებელ სახლში, ხოლო ა. შ–მა იძულებითი ქორწინებისგან თავის დასაღწევად, გაიპარა. აღნიშნულის მიუხედავად, იმავე დღეს, ე. და ნ. მ–ებმა, ა. შ–მა, ა. ს–ზე იძულებითი ქორწინების მიზნით, დააბრუნეს ზემოაღნიშნულ საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით აიძულეს, დაქორწინებულიყო ა. ს–ზე და გამხდარიყო მისი მეუღლე.
6.2. 2023 წლის ზაფხულში, დ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ უ–ში მცხოვრებ, არასრულწლოვან ა. შ–ს, ა. ს–მა ქორწინების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და მიიყვანა ს–ს რაიონის სოფელ ლ–ში მდებარე, ბიძის – ა. ა–ს – საცხოვრებელ სახლში, სადაც არასრულწლოვანს უზღუდავდა თავისუფალი გადაადგილებისა და მოქმედების შესაძლებლობას. აღნიშნულის მიუხედავად, ა. შ–მ მოახერხა საცხოვრებელი სახლის სააბაზანოდან გაპარვა და უცხო პირის მობილური ტელეფონით დედამისთან, ე. მ–სთან დარეკვა. ა–მა დედას შეატყობინა ა. ს–ს ქმედების შესახებ. აღნიშნულის თაობაზე, ასევე ცნობილი გახდა ა–ს ბიძის – ნ. მ–სთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ ეგანა და ნ. მ–ებისთვის ცნობილი იყო არასრულწლოვანი ა. შ–ს მიმართ ა. ს–ს მიერ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის – თავისუფლების უკანონო აღკვეთის – შესახებ, რაც მათ არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს.
7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ხატია გოგრიჭიანმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და მსჯავრდებულებისათვის მაქსიმალურად მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ასევე – მსჯავრდებულ ნ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ლ. ც–მა და მსჯავრდებულ ე. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ა. ბ–მა, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აგვისტოს განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
11. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კასატორების საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივრებშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში, რასაც სრულად იზიარებს და ეთანხმება საკასაციო სასამართლო. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).
12. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების არგუმენტებს, რომელთა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რამეთუ თითქოსდა, სასამართლომ, ერთი მხრივ, არასრულფასოვნად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მსჯავრდებულების ქმედებებს არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ხოლო, მეორე მხრივ, გამოიყენა ისეთი სასჯელები, რომლებიც არ შეესაბამება ნატიკ და ე. მ–ების პიროვნებებსა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, მასში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ნ. და ე. მ–ების მიერ მათთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, ხოლო მსჯავრდებულებისათვის შეფარდებული სასჯელები – კანონიერი და სამართლიანია.
14. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნიან უტყუარ და საკმარის საფუძველს ნ. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1501-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ისევე როგორც – ე. მ–ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1501-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისათვის. სააპელაციო სასამართლომ ა. შ–მას მიმართ ნ. და ე. მ–ების ქმედებები მართებულად შეაფასა, როგორც იძულება, რამეთუ იმ ვითარებამ, რომელშიც იმყოფებოდა ა. შ–მა (13 წლის, უცხო გარემოში, როდესაც დედა, რომელსაც უნდა დაეცვა ბავშვის ინტერესები და ბიძა, შუაღამისას, გამთენიამდე მიმდინარე ხანგრძლივი საუბრებით, ზემოქმედებდნენ მასზე, ტრადიციული და სტერეოტიპული შეხედულებებით თრგუნავდნენ მის ნებას) შექმნა არასრულწლოვანზე იძულების რეალური გარემო და აიძულა, შეესრულებინა მისი ნების საწინააღმდეგო მოქმედება – დაქორწინებულიყო მისთვის არასასურველ კაცზე და ცხოვრება გაეგრძელებინა იმ სივრცეში, სადაც მასზე ზემოქმედებისათვის მოწყვლადი გარემო იყო შექმნილი. ამდენად, ე. მ–მ და ნ. მ–მა ქორწინება აიძულეს არასრულწლოვან ა. შ–ს, რითაც ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1501-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
15. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით და თავად ფაქტით, რომ ა. შ–ს მკვლელობამდე არც ე. მ–ს და არც ნ. მ–ს სამართალდამცავი ორგანოებისათვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის თაობაზე, უკვე იძლევა მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, რამეთუ არ დადგენილა სარწმუნო მოტივი, რის გამოც, მსჯავრდებულებმა ვერ შეძლეს შესაბამისი ორგანოებისთვის შეტყობინება. რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას, თითქოსდა მსჯავრდებულებს ა. ს–ი ემუქრებოდათ, რასაც ცხადყოფს დაზარალებულის უფლებამონაცვლის – ი. შ–სა – და მოწმის – რ. ა–ს – ჩვენებებიც. აღსანიშნავია, რომ ხსენებული მოწმეები გადმოსცემენ მხოლოდ ე. მ–ს განმარტებებს, შესაბამისად, გარდა იმისა, რომ ამ კუთხით მათი მონათხრობი ზოგადი და ბუნდოვანია, იგი ასევე ირიბია და არ იძლევა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას. თავის მხრივ, დადგენილია, რომ ე. მ–მ ჯერ კიდევ მაშინ იცოდა შვილის „მოტაცების“ ამბავი, როდესაც მ–ში სასეირნოდ წასვლის შემდეგ, მისი ქალიშვილი ა. ს–მა წაიყვანა, თუმცა მიუხედავად ამისა, არც მაშინ და არც შემდგომ პერიოდში, არ უცდია შესაბამისი ორგანოებისთვის შეტყობინება, არამედ – თვითონ წავიდა შვილთან შესახვედრად და საქმის კურსში ჩააყენა ნ. მ–ი. უსაფუძვლო და გაუმართლებელია დაცვის მხარის მტკიცება, თითქოსდა, მსჯავრდებულების ამგვარი ქმედება განაპირობა იმან, რომ პოლიციაში მისვლა, გამოძიების დაწყება და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დიდ დროს წაართმევდათ, მით უფრო, როდესაც ე. მ–ა შვილთან შინ აღარ დაბრუნებულა და არც შემდგომში უცდია სამართალდამცავებთან დაკავშირება. ამდენად, ე. მ–მ და ნ. მ–მა, რომლებიც ფლობდნენ სარწმუნო ინფორმაციას ა. ს–ს მიერ არასრულწლოვანი ა. შ–სთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის თაობაზე, შეგნებულად არ შეატყობინეს კომპეტენტურ ორგანოებს, რითაც ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
16. ბრალდების მხარის მიერ სადავოდ გამხდარ სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
17. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – მსჯავრდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე, 531-ე და 58-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ასევე – დანაშაულის მოტივის (გენდერული შეუწყნარებლობა) და მიზნის, ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის, ქმედებების განხორციელების სახის, ხერხის, ე. მ–ს მიერ ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენის, ხოლო ნ. მ–ს წარსული ნასამართლობის მხედველობაში მიღებით, მსჯავრდებულებს განუსაზღვრა ჩადენილი დანაშაულების სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა, რომელიც კანონიერი და დასაბუთებულია.
18. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1501-ე და 376-ე მუხლებით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირმა ჩაიდინა ამ კანონის პირველი-მე-4 მუხლებით განსაზღვრული დანაშაულის შეუტყობინებლობა) და, შესაბამისად, ნ. მ–ს მიმართ, რომელსაც ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1501-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შეუტყობინებლობა, რომელიც, თავის მხრივ, არ არის მოცული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი-მე-4 მუხლებით) დასჯადი ქმედებები, ისევე, როგორც – ე. მ–ს მიმართ, რომელსაც ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1501-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლისთ გათვალისწინებული დანაშაულის შეუტყობინებლობა, რომელიც, თავის მხრივ, არ არის მოცული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი-მე-4 მუხლებით) დასჯადი ქმედებები, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ ვრცელდება.
19. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის, მსჯავრდებულ ნ. მ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ც–სა და მსჯავრდებულ ე. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ–ს საკასაციო საჩივრები;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი