Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-705-02 11 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, მ. ახალაძე

დავის საგანი: სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, სამკვიდრო მოწმობის და საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. წნორში, ... მდებარე სახლი ირიცხებოდა ნი. შ-ის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1990წ. 19 მარტს. ნი. შ-ს დარჩა ორი მემკვიდრე: მეუღლე – ე. ჩ-ი და შვილი პირველი ქორწინებიდან ნ. შ-ი. 1993წ. 28 ოქტომბერს წნორის ნოტარიუსის მიერ გაცემულ იქნა სამკვიდრო მოწმობა ნ. შ-ის სახელზე. 1994წ. 12 ნოემბერს ნ. შ-მა სადავო საცხოვრებელი სახლი მიყიდა ვ. ქ-ს.

ე. ჩ-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში ნ. შ-ის და ვ. ქ-ის მიმართ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების, სამკვიდრო მოწმობის და ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების, სადავო საცხოვრებელი სახლის 2/3 ნაწილის მიკუთვნებისა და ნივთების დაბრუნების შესახებ.

მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ, ბოლოს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2000წ. 30 მაისის გადაწყვეტილებით ე. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოსარჩელეს გაუგრძელდა სამკვიდროს მიღების ვადა. იგი სამკვიდრო ქონებაზე ცნობილ იქნა მემკვიდრედ ნ. შ-თან ერთად თანაბარი უფლებით. არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა სახლის ნასყიდობის გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში, რადგან ვ. ქ-ი ჩაითვალა კეთილსინდისიერ შემძენად. ნ. შ-ს ე. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის ხვედრი ქონების ღირებულების გადახდა. არ დაკმაყოფილდა ე. ჩ-ის მოთხოვნა ნივთების დაბრუნების შესახებ.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ე. ჩ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 15 მარტის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 31 აგვისტოს განჩინებით ე. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 15 მარტის განჩინება აწ გარდაცვლილ ნი. შ-ის სამკვიდრო ქონებიდან ე. ჩ-ის ხვედრი ქონების ღირებულების ანაზღაურების ნაწილში გაუქმდა და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას, ხოლო დანარჩენ ნაწილში განჩინება დატოვებულ იქნა უცვლელად.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 აპრილის გადაწყვეტილებით შეიცვალა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2000წ. 30 მაისის გადაწყვეტილება ნ. შ-ისათვის ე. ჩ-ის სასარგებლოდ მისი ხვედრი ქონების ღირებულების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. არ დაკმაყოფილდა ე. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნა კუთვნილი წილის დაბრუნების თაობაზე.

მოცემული სასამართლო გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “ბ” პუნქტით დამტკიცებას არ საჭიროებს ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის 2001წ. 31 აგვისტოს განჩინებით დადგენილი იქნა, რომ ქ-ი არის კეთილსინდისიერი შემძენი და არ არსებობს ამ უკანასკნელისაგან სადავო ქონების გამოთხოვის პირობები. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა ნ. შ-ზე ე. ჩ-ის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ოდენობა, რის გამოც უნდა განსაზღვრულიყო სადავო სახლის ღირებულება, საიდანაც განისაზღვრებოდა მოსარჩელე ჩ-ის კუთვნილი ½1/2 წილი.

სააპელაციო სასამართლომ ე. ჩ-ს დაავალა წარმოედგინა სათანადო მტკიცებულება სადავო ქონების ღირებულების მითითებით, ასეთივე დავალება მიეცა ნ. შ-ის წარმომადგენელსაც. მხარეებმა ვერ წარმოადგინეს სათანადო მტკიცებულება. გარდა აღნიშნულისა, აპელანტმა ე. ჩ-მა განმარტა, რომ იგი კატეგორიულად უარს აცხადებს სადავო სახლის ½ წილის ღირებულების მიღებაზე. მან მოითხოვა სადავო სახლის დაბრუნება.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსკ-ს 248-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს არა აქვს უფლება მიანიჭოს მხარეს იმაზე მეტი, რაც არ მოუთხოვია.

მოცემული სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ჩ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მას კანონიერად ეკუთვნის სადავო საცხოვრებელი სახლიდან ¾ წილი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ე. ჩ-ის მეუღლის ნი. შ-ის, საკუთრებას წარმოადგენდა ქ. წნორში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი; იგი გარდაიცვალა 1990წ. მარტში. მას დარჩა ორი პირველი რიგის კანონით მემკვიდრე: მეუღლე – ე. ჩ-ი და ვაჟიშვილი პირველი ქორწინებიდან _ ნ. შ-ი. 1993წ. ოქტომბერში ნ. შ-მა მამის მთელ დანაშთ ქონებაზე გაიფორმა სამკვიდრო მოწმობა და ქ. წნორში, ... მდებარე მთელი საცხოვრებელი სახლი აღრიცხა მის საკუთრებაში. ნ. შ-მა ქ. წნორში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი 1994წ. ნოემბერში მიჰყიდა ვ. ქ-ს. ამჟამად, სადავო საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეა ვ. ქ-ი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 31 აგვისტოს განჩინებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 15 მარტის განჩინება აწ გარდაცვლილი ნი. შ-ის სამკვიდრო ქონებიდან ე. ჩ-ის ხვედრი ქონების ღირებულების ანაზღაურების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას. დანარჩენ ნაწილში კი სააპელაციო პალატის განჩინება დარჩა უცვლელად.

აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ე. ჩ-ის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ მას კანონიერად ეკუთვნის სადავო საცხოვრებელი სახლის ¾ ნაწილი, რადგან ამჟამად კანონიერ ძალაშია სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2000წ. 30 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ე. ჩ-ის სარჩელს უარი ეთქვა ნ. შ-სა და ვ. ქ-ს შორის სადავო საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ და ვ. ქ-ი კეთილსინდისიერ შემძენად იქნა ცნობილი.

სააპელაციო სასამართლოს 2002 წ. 18 აპრილის სხდომაზე ე. ჩ-მა უარი განაცხადა სადავო საცხოვრებელი სახლიდან კუთვნილი წილის ფულად კომპენსაციაზე. მან მოითხოვა მხოლოდ სამკვიდრო ბინა ნატურით, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსკ-ს 248-ე მუხლი, რომლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატას მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და ე. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 აპრილის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.