გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-707-02 10 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, ლ. გოჩელაშვილი
სარჩელის საგანი: დავალიანების დაფარვა.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს “მ. მ. კ." განცხადებით (ფულადი თანხის დავალიანების გადახდის შესახებ) მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ 1994წ. 2 იანვარს სააქციო საზოგადოება “ს." გააფორმა კაპიტალური მშენებლობის ტიპური საიჯარო ხელშეკრულება. საიჯარო ხელშეკრულება ითვალისწინებდა გარკვეული სამუშაოების შესრულებასაც. მათ მხრივ ხელშეკრულება სრულყოფილად შესრულდა, შესრულებული სამუშაო კი მიღება-ჩაბარების აქტით ჩაბარდა მოპასუხეს, მაგრამ ხელშეკრულებების შესაბამისად მოპასუხემ ანაზღაურება არ მოახდინა. დავალიანებამ შეადგინა 18446346000 კუპონი.
მოპასუხესთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ მოახდინეს კუპონის გადაანგარიშება ლარებში, რის შემდეგაც მოპასუხის ვალმა შეადგინა 68080 ლარი. თანხის უქონლობის გამო მოპასუხემ თანხმობა განაცხადა, გადაეცა შესაბამისი ღირებულების ტექნიკა. 1996წ. 10 სექტემბერს მოპასუხე “ს." სამეთვალყურეო საბჭომ განიხილა აღნიშნული საკითხი და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზემოთ მითითებული ვალის სანაცვლოდ გადაეცა იმავე ღირებულების 10 ერთეული ტექნიკა. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხემ პირობა მაინც არ ასრულებდა. 2000წ. 3 ივლისს მოპასუხემ მოითხოვა იმ ამწის დაბრუნება, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გადასაცემ ტექნიკაში იყო მითითებული და დროებით მათ ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
განმცხადებელმა მოითხოვა სს “ს." 68080 ლარის დაკისრება.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიოონული სასამართლოს 2001წ. 6 აგვისტოს გადახდის ბრძანებით სს “ს." შპს “მ. მ. კ." სასარგებლოდ დაეკისრა 68080 ლარი.
2001წ. 20 აგვისტოს სს “ს." შესაგებლით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქმის სასარჩელო წესით განხილვა.
რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 აგვისტოს განჩინებით შესაგებელი მიღებულ იქნა წარმოებაში და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი და მოპასუხეს გადასახდელად დაეკისრა 57916 ლარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 მარტის გადაწყვეტილევბით დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა მხარეებს შორის 1994 წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მაგრამ სარჩელის წარდგენის ხანდაზამულობის ვადა გასული იყო. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ, მართალია, 1996 წელს სს “ს." სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით საზოგადოებამ კრედიტორის სასარგებლოდ იკისრა სამუშაოების ღირებულების სანაცვლოდ მანქანა-დანადგარების გადაცემა, მაგრამ მოპასუხეს ამ დოკუმენენტის შესაბამისად წარმოეშვა არა ფულადი ვალდებულების ანაზღაურების ვალდებულება, არამედ, სააქციო საზოგადოებისათვის გამოუყენებული, გარკვეული ცვეთის მქონე მანქანა დანადგარების გადაცემის ვალდებულება, ხოლო მოსარჩელეს შესაბამისად წარმოეშვა ამ მანქანა-დანადგარების მოთხოვნის უფლება, რის შესახებაც სააქციო საზოგადოების სხდომის ოქმში იყო მითითებული, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელეს სასამართლოს წინაშე არ დაუყენებია. სსკ-ს 248-ე მუხლის თანახმად კი სასამართლო უფლებამოსილი არ არის, მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
2002წ. 30 აპრილს შპს “მ. მ. კ.-...."-მა საკასაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:
კასატორმა მიუთითა, რომ მოცემული საქმის განხილვისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამოყენებული ყოფილიყო ახალი სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომლის შესაბამისადაც სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა ამ კატეგორიის საქმეებზე 3 წელია. სასამართლომ კი, როცა სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია, გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლი (1964წ.), რომლის შესაბამისდაც ხანდაზმულობის ვადა 1 წელია, ანუ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
კასატორმა ასევე მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასათანადო შეფასება მისცა სს “ს." სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მოხდა ვალის _ 68080 ლარის _ არსებობის აღიარება, აღნიშნული არ მიუთითებს იმაზე, რომ იგი ვალდებული იყო, ვალდებულება შეესრულებინა მხოლოდ ნატურით, რადგან ვალდებულების აღიარების ოქმში მკაფიოდაა მითითებული იმის შესახებ, რომ მოპასუხე აღიარებდა ზემოთ მოთითებული ოდენობის ვალის არსებობას და მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით მოსარჩელე თანახმა იყო, მანქანა-დანადგარები მიეღო თანხის სანაცვლოდ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო პროცესზე შპს “მ. მ. კ.-..."-ის დირექტორმა და მისმა წარმომადგენელმა განაცხადეს, რომ ისინი უარს აცხადებენ სარჩელზე, მოითხოვეს საქმის წარმოების შეწყვეტა.
მოწინააღმდეე მხარემ თანხმობა განაცხადა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
სსკ-ს 272-ე მუხლის “გ" პუნქტის შესაბამისად მხარეთა განცხადებით ან სასამართლოს ინიციატივით საქმის წარმოება შეწყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
მოცემულ შემთხვევაში, რადგან მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, სასამართლო უფლებამოსილია, დააკამყოფილოს იგი და საქმის წარმოება შეწყვიტოს.
იმის გათვალისწინებით, რომ კასატორს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით საერთო ჯამში უნდა გადაეხადა 2315 ლარი, მაგრამ საკასაციო საჩივარზე უკვე გადახდილი ჰქონდა 300 ლარი, ხოლო სსკ-ს 49-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა" პუნქტის შესაბამისად სასამართლო ხარჯების ოდენობა განახევრდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ სსკ-ს 48-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო საჩივარზე სახელმწიფიო ბაჟის სახით გადასახდელი თანხა შემცირდეს 300 ლარამდე, რაც უკვე ფაქტობრივად გადახდილი აქვს კასატორს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ' პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 მარტის გადაწყვეტილება და შპს “მ. მ. კ.-..."-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოება შეწყდეს.
საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ სასამართლოსათვის მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე იმავე საფუძლვით არ შეიძლება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.