¹ 3კ-708-02 13 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე,მ. ცისკაძე
დავის საგანი: მფლობელობის დადგენა და უკანონო ხელშეშლის აღკვეთა (ძირითად სარჩელში), მფლობელობის შეწყვეტა (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
შ. მ.-მ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ლ. კ.-ს მიმართ და მოითხოვა ქ. გორში, ... მდებარე საცხოვრებელ ბინაზე კეთილსინდისიერ მფლობელად ცნობა და მცირეწლოვან შვილებთან ერთად იზოლირებული საცხოვრებელი ფართის გამოყოფა. მოსარჩელის განმარტებით, იგი მოპასუხე ლ. კ.-სთან 1995 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მეუღლეები ცხოვრობდნენ ქ. გორში, ... მდებარე ბინაში, რომელიც ირიცხება აწ გარდაცვლილი ლ. კ.-ს მამის, გ. კ.-ს, სახელზე. მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. მხარეები ხასიათის შეუთავსებლობის გამო განქორწინდნენ.
ლ. და ლე. კ.-ებმა შეგებებული სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე შ.მ.-ის მიმართ და მოითხოვეს საცხოვრებელ ფართზე მოსარჩელის მფლობელობის უფლების შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე, ფაქტობრივად აღარ ცხოვრობდა სადავო ბინაში.
გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შ. მ.-ის სარჩელი ქ. გორში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მფლობელობის დადგენისა და უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის თაობაზე. დაკმაყოფილდა ლ. და ლე. კ.-ების შეგებებული სარჩელი. შ. მ.-ის მფლობელობა სადავო სახლზე ჩაითვალა შეწყვეტილად.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს: შ. მ.-ის მიერ სახლზე მფლობელობის შეწყვეტა მისი ნების გამოვლენის საფუძველზე მოხდა, თანახმად სკ-ს 159-ე მუხლისა მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.
მოცემული სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. მ.-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 აპრილის განჩინებით შ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დავა სკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილით უნდა გადაწყდეს, რომლის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) და არ დაუშვას სხვა პირის მიერ ამ ქონებით სარგებლობა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. გორის, ... მდებარე სახლი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე აღირიცხა ლ. კ.-ს სახელზე და იგი არის აღნიშნული სახლის მესაკუთრე. მოსარჩელემ კი შეწყვიტა ბინაში ცხოვრება და საცხოვრებლად გადავიდა თავის მშობლებთან, რითაც უარი განაცხადა ნივთის ფაქტობრივ ბატონობაზე, რამაც გამოიწვია მფლობელობის შეწყვეტა.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შ. მ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ შ. მ.-ს ნებაყოფლობით არ დაუთმია ნივთზე ფაქტობრივი მფლობელობა, ის იძულებით იყო გამოძევებული სადავო სახლიდან.
კასატორის განმარტებით, სკ-ს 153-158-ე მუხლების შესაბამისად იგი უფლებამოსილია, აღიდგინოს კეთილსინდისიერი მფლობელის უფლებები.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ. გორში, ... მდებარე სახლი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე აღრიცხულია კასატორის დედამთილის, ლე. კ.-ს სახელზე და იგი სახლის მესაკუთრეს წარმოადგენს.
შ. მ.-ე 1995 წლიდან ლ. კ.-სთან ქორწინების შემდეგ მიყვანილ იქნა სადავო სახლში, სადაც ცხოვრობდა 2000წ. თებერვლამდე. 2000წ. თებერვლიდან მან შეწყვიტა ბინაში ცხოვრება და საცხოვრებლად გადავიდა მშობლებთან.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ იგი კეთილსინდისიერი, მართლზომიერი მფლობელია. სკ-ს 159-ე მუხლის შესაბამისად კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს.
მფლობელის კეთილსინდისიერება სუბიექტური შეფასების საგანს წარმოადგენს და მასში ვლინდება პირის დამოკიდებულება ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლებისადმი. მამამთილის ან დედამთილის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბინის ფლობის ფაქტი არ არის მფლობელობის მართლზომიერი, კანონიერი საფუძველი. მართლზომიერ მფლობელობას შეიძლება მაშინ ჰქონდეს ადგილი, როცა მფლობელობას საფუძვლად მესაკუთრის კეთილი ნება კი არა, სამართლის ნორმატიული ნების საფუძველზე დამყარებული “კანონიერი” ნება უდევს, როცა ასეთი ურთიერთობის იურიდიული საფუძველი კანონიდან ან გარიგებიდან გამომდინარეობს.
განსახილველ შემთხვევაში შ. მ.-ის მფლობელობა სადავო სახლზე შეწყვეტილია, მას არ გააჩნია მფლობელობის სამართლებრივი საფუძველი და სკ-ს 160-ე მუხლის თანახმად არაა უფლებამოსილი, ახალ მფლობელს წაუყენოს პრეტენზია მისი მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთის ან აღდგენის მოთხოვნით, მაშინ, როცა ახალი მფლობელი მესაკუთრეა და მფლობელობის უკეთესი უფლება გააჩნია. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ნორმას, რომელიც მფლობელს უფლებას აძლევს, მესაკუთრეს მოსთხოვოს ფართის იზოლირებულად გამოყოფა.
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონიერად გაიზიარა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ვინაიდან სკ-ს 168-ე მუხლის თანახმად ნივთის მფლობელობა წყდება მესაკუთრის პრეტენზიის გამო, თუ ეს უკანასკნელი მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
სკ-ს 172-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. განსახილველ შემთხვევაში შ. მ.-ეს არ გააჩნია ნივთის ფლობის იურიდიული საფუძველი, რის გამოც მისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შ. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელი.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.