3კ-709-02 22 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძეE (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: სამემკვიდრეო ვადის გაგრძელება და მემკვიდრედ ცნობა. ბინის მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. შ.-მ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ე. მ.-სა და თ. ზ.-ის წინააღმდეგ და მიოთხოვა საცხოვრებელ ბინაზე სამემკვიდრეო ვადის გაგრძელება, რეალური წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.
ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს 1996წ. 19 ივნისის გადაწყვეტილებით გ. შ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გ. შ.-ე ცნობილ იქნა თბილისში, ... მდებარე ბაბუის, ვ. ზ.-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის 1/3 ნაწილზე მემკვიდრედ და გაუგრძელდა სამკვიდროს მიღების ვადა.
1996წ. 19 სექტემბერს გ. შ.-მ კვლავ მიმართა სარჩელით თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს და მოითხოვა საცხოვრებელი ფართიდან რეალური წილის გამოყოფა. თბილისის Gცუღურეთის რაიონის სასამართლოს 1997წ. 17 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. შ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელე გ. შ.-ს ქ. თბილისში, ... მდებარე თანასაკუთრების სახლიდან რეალურად გამოეყო საცხოვრებელი ოთახი 17’ 76 კვ. მ ფართით და დამხმარე ფართი 5,73 კვ.მ. კუთვნილი 1/3 იდეალური წილის შესაბამისად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1998წ. 27 აგვისტოს ¹292 და 291 დადგენილებებით სასამართლოს ორივე გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე რაიონის სასამართლოს.
თბილისის ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1998წ. 28 სექტემბრის განჩინებით აღნიშნული სამოქალაქო საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად საქმის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოში ხელახალი განხილვის დროს. სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა ვ. ტუვაევამ მოპასუხე გენო შ.-ის მიმართ და მოითხოვა ჩუღურეთის რაიონის აღმასკომისა 1969წ. ¹257 გადაწყვეტილებისა და ასევე ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებების შედეგად ტექინვენტარიზაციის ბიუროში შეტანილი ცვლილებების ბათილად ცნობა.
თბილისის ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999წლის 8 მარტის გადაწყვეტილებით გ. შ.-ის სარჩელი მოპასუხეების ე. მ.-სა და თ. ზ.-ის მიმართ სამემკვიდრეო ვადის გაგრძელების, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ. შ.-ს გაუგრძელდა სამემკვიდრეო ქონების მიღების ვადა ქ. თბილისში, ... მდებარე სახლის ლიტ “ა”-ზე.
ვ. ტ.-ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. იგი ცნობილი იქნა ქ. თბილისი, ... მდებარე სახლის ლიტ “ბ” ფართით 10 კვ.მ. პირველ სართულზე და 12,8 კვ.მ. ფართის მეორე სართულზე ცალკე სესასვლელით, აივნით და დამხმარე სათავსოებით. მესაკუთრედი სასამართლომ გადაწყვეტილება გამიოტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია ის გარემოება,რომ ვ. ტ.-მ ს. კ.-ისაგან იყიდა ქ. თბილისში, ... მდებარე ფართი და გახდა მისი მესაკუთრე.
თბილისის ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. ზ.-მ და ე. მ.-მ. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ასევე გ. შ.-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999წ. 17 აგვისტოს განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვისას რ. ს.-მ 1999 წლის 9 ოქტომბერს შეიტანა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა დაკავებული ფართის მესაკუთრედ ცნობა ან ბინის ქალაქის მუნიციპალურ ფონდში გადაცემა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვა გადაიდო მრავალგზის და საბოლოოდ მისი განხილვა დაინიშნა 2001წ. 28 სექტემბერს. დანიშნულ დროს სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა მოსარჩელე. მოპასუხეების წარმომადგენლის შუამდგომლობით გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. შ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებისა და მემკვიდრედ ცნობის შესახებ. უარი ეთქვა ვ. ტ.-ს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე ... მდებარე საცხოვრებელი სახლის შესახებ. რ. ს.-ს ასევე უარი ეთქვა შეგებებულ სარჩელზე ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ერთ ოთახზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნოა, რომ ვ. ტ.-მ და რ. ს.-მ შინაურული ხელწერილით შეიძინეს სადაო ბინაში საცხოვრებელი ფართი. აქედან არცერთი გამყიდველი ბინის გასხვისების პერიოდში ბინის მესაკუთრე არ ყოფილა, ხოლო ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს 1999წ. 25 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ტ.-ს დაუდასტურდა იურიდიული ფაქტი ... მდებარე ერთი ოთახის ყიდვის შესახებ გაუქმებულია.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ტ.-მ და მ. და რ. ს.-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წლის 3 აპრილის განჩინეით ვ. ტ.-სა და მ. ს.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტები ვ. ტ.-სა და რ. ს.-ისათვის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. ტ.- და მ. ს.-ე საქმეში ჩაბმულნი უნდა ყოფილიყვნენ როგორც მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. სკ-ს 88-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტების განმარტება, რომ ისინი სადავო ბინის მართლზომიერი მფლობელები არიან და სკ-ს 158-ე მუხლის საფუძველზე მესაკუთრეებად უნდა იყვნენ მიჩნეული. სასამართლომ ასევე ვერ გაიზიარა აპელანტების მითითება მათ მიერ დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებეზე, რადგან უძრავი ნივთების შეძენისას სკ ითვალისწინებს გარიგების სანოტარო წესით დამოწმებას და შემძენის რეგისტრაციას საჯარო რეესტრში, რაც გარიგების დადებისას დაცული არ ყოფილა.
თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ვ. ტ.-მ და მ. ს.-მ, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების შემდეგი საფუძვლით: ისინი სადავო ბინის კეთილსინდისიერი შემძენები არიან და წლების განმავლობაში მართლზომიერად ფლობენ აღნიშნულ სდავო ბინას, აქედან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ, რომ საქმის განხილვის დროს გამოყენებული იყოს კანონმდებლობის მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები ანალოგიით ან მათი უფლებების საკითხის გადაწყვეტა მოხდეს კანონმდებლობის ზოგადი პრინციპების შესაბამისად, სამართლის ანალოგიით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ”, რადგან ამ კანონის თანახმად კასატორები ვერ გახდებიან მესაკუთრეები. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად შემძენი ცნობილი იქნება მესაკუთრედ, თუ მხარეებს შორის ურთიერთობა მოწესრიგებულია წერილობითი დოკუმენტით, რომელიც აღიარებს მათ შორის საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობას, მაგრამ მისი ფორმა არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ძალდაკარგულად ჩაითვალა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001წ. 7 ივნისის გადაწყვეტილებით. ამდენად, აღნიშნულ საკითხს კანონი “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ არ ითვალისწინებს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად არ გაიზიარა ვ. ტ.-სა და მ. ს.-ის მოსაზრება სკ-ს 1343-ე მუხლის თანახმად უმკვიდრო ქონების ხაზინაზე გადაცემასთან დაკავშირებით, რადგან მიაჩნია, რომ ასეთი მოთხოვნა აპელანტებს კანონით დადგენილი წესით არ დაუყენებიათ, კერძოდ, სასამართლოში არ შეუტანიათ განცხადება ქონეების უპატრონოდ ცნობის შესახებ სსკ-ს 337-341-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
რაც შეეხება კასატორების მოსაზრებას, რომ სასამართლომ მოცებული დავის გადაწყვეტისას უნდა გამოიყენოს კანონის ანალოგია ანუ ურთიერთობა მოაწესრიგოს კანონმდებლობის მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან კანონმდებლობის ზოგადი პრინციპების შესაბამისად, უსაფუძვლოა, რადგან სსკ-ს მე-7 მუხლის თანახმად თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი კანონის არ არსებობს სასამართლო ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული სადავო ურთიერთობების მომწესრიგებული კანონი არსებობს, სამოქალაქო კოდექსის (1964წ. რედაქციით) 239 მუხლი ითვალისწინებს მოცემული დავის გადაწყვეტის წესს, კერძოდ, სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადასტურებულ უნდა იქნეს სანიტარო წესით და რეგისტრირებული უნდა იქნეს სახალხო დეეპუტატების ადგილობრივი საბჭოს აღმსრულებელ კომიტეტში სამი თვის ვადაში სანიტარო წესით დადასტურების დღიდან. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას და ვერ გამოიყენებს კანონის ან სამართლის ანალოგიას.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ტ.-სა და მ. ს.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 აპრილის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.