საქმე # 180100123007821181
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №757აპ-24 ქ. თბილისი
შ-ი ლ, 757აპ-24 19 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი დოლაკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ლ. შ-ს, - დაბადებულს .. წლის .. მარტს, - ბრალად ედება ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2023 წლის 19 ივლისს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. მ-ში, პ-ის ქუჩაზე მდებარე შპს „ს-ას“ კუთვნილ ჯიხურში, ლ. შ-ი თავს დაესხა ამავე ჯიხურის თანამშრომელს - ა. მ-ს, რომელსაც დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, მოსთხოვა ალკოჰოლური და გაზიანი სასმელების გადაცემა.
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 14 მარტის განაჩენით:
2.1. ლ. შ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
2.2. ლ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 19 ივლისიდან.
2.3. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. შ-მა ჩაიდინა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2023 წლის 19 ივლისს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. მ-ში, პ-ს ქუჩაზე მდებარე შპს „ს-იას“ კუთვნილ ჯიხურში, ლ. შ-მა ამავე ჯიხურის თანამშრომელ ა. მ-ს მოსთხოვა ალკოჰოლური და გაზიანი სასმელების გადაცემა, ხოლო სასმელების გადაცემაზე უარის მიღების შემდეგ იგი დაემუქრა ა. მ-ს ქონების განადგურებით, კერძოდ, შპს „ს-იას“ კუთვნილი ჯიხურის გარე ვიტრინის მინების დაზიანებით და იმის გამო, რომ ლ. შ-ს ხელში ეჭირა დანა, ა. მ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის განაჩენით:
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 14 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი დოლაკიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ლ. შ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ყაჩაღობა საქართველოს სსკ-ში საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავშია მოქცეული, იგი ორობიექტიანი დანაშაულია და ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ასევე საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს/ჯანმრთელობას და მისი საშიშროება ხელყოფის ხასიათშიც ვლინდება; ხოლო ობიექტური მხრივ, ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა. თავდასხმაში, თავის მხრივ, იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. თავდასხმის დროს ძალადობის გამოყენების მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. მისი გამოვლენის ფორმას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. იგი შეიძლება გამოიხატოს სიტყვებით, ჟესტებით ან გარკვეული მოქმედებით, მათ შორის ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით. აღნიშნულის შედეგად დაზარალებულს უნდა გაუჩნდეს საფუძვლიანი ეჭვის, რომ ეს მუქარა რეალიზებული იქნება ქონების გადაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში. მუქარის მიზანი არის დაზარალებულის ნების პარალიზება, ან მისი დათრგუნვა და ამ გზით ქონების დაუფლება. თავდასხმის დროს არ არის სავალდებულო, რომ მუქარის შინაარსი იყოს ყოველთვის დაკონკრეტებული და თავდამსხმელი უშალოდ იმუქრებოდეს, რომ მოკლავს დაზარალებულს ან დაუზიანებს ჯანმრთელობას.
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
9. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება მსჯავრდებულ ლ. შ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის - ყაჩაღობის ჩადენა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
10. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ა. მ-ის ჩვენებაზე, რომლითაც ლ. შ-ის ქმედებაში ყაჩაღობის ობიექტური შემადგენლობის ნიშნები არ იკვეთება. დაზარალებულმა ა. მ-მ ჩვენების მიცემისას ნათლად მიუთითა, რომ ლ. შ-მა წყნარი ტონით უთხრა, მიეცა სასმელი - არაყი და კოკა-კოლა, რომლებიც მან თაროდან ჩამოიღო და მსჯავრდებულს უთხრა, რომ სულ გადასახდელი იყო 22 ლარი, თუმცა ლ. შ-მა მიუგო, რომ ფული არ ჰქონდა და სასმელი ისე გაეტანებინა, რაზეც უარი განუცხადა. აღნიშნულის გამო მომხმარებელმა სთხოვა დაერეკა უფროსთან და ეთქვა, რომ სასმელი მიჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯიხურის ვიტრინებს ჩაამტვრევდა, რის გამოც, მას შეეშინდა, რადგან ერთი და იმავეს ეუბნებოდა პიროვნება, იგი კი მშვიდად უხსნიდა, რომ სასმელებს ვერ გაატანდა. ამ დროს ლ. შ-მა ამოიღო გაშლილი საშუალო ზომის დანა და დაიწყო დემონსტრირება, რის გამოც ძალიან შეეშინდა, ვინაიდან ეგონა, რომ ჯიხურში რაიმეს გაანადგურებდა და მინებს მართლაც დაამსხვრევდა, რაც შემდეგ მისი ასანაზღაურებელი იქნებოდა. ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა ასევე ცალსახად დაადასტურა, რომ იმის შიში არ ჰქონია, ლ. შ-ი პირადად მას, მის ჯანმრთელობას რამეს დაუშავებდა, ვინაიდან, შიგნით, ჯიხურში იყო და ლ. შ-მა ისიც უთხრა - „გაიწიე, შუშები უნდა ჩავამტვრიო და არ მოგხვდეს ეს ნამსხვერევებიო“. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის ჩვენება ცხადყოფს, რომ ლ. შ-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედება შემოიფარგლა მხოლოდ ქონების განადგურების მუქარით, მისი მხრიდან დანის დემონსტრირება არ ემსახურებოდა დაზარალებულზე თავდასხმას, რათა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ალკოჰოლურ და გაზიან სასმელებს, რის გამოც საკასაციო სასამართლოს სააპელაციო პალატის მსგავსად მიაჩნია, რომ ლ. შ-ის ქმედებაში არ დასტურდება ყაჩაღობის შემადგენლობის ობიექტური ნიშნები, რომელიც, თავის მხრივ, ავტომატურად გამორიცხავს ლ. შ-ის მიერ ყაჩაღობის ჩადენას.
11. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების, დაცვის კომპანია „ა-ის“ თანამშრომლების - კ. ს-ის და გ. კ-ის ჩვენებებს, რომელზეც პროკურორი გიორგი დოლაკიძე აპელირებს, მართალია ადასტურებენ, რომ მთვრალ ლ. შ-ს ხელში ეჭირა დანა და მოლარე გოგონას სთხოვდა ალკოჰოლურ სასმელს, რომელიც იყო შეშინებული, თუმცა, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ ეს გარემოებები არაა საკმარისი ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად, მით უფრო რომ თავად დაზარალებულმა ა. მ-მ არ დაადასტურა ლ. შ-ის მხრიდან, დანის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, მის მიმართ სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარის ჩადენა და ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ ალკოჰოლური სასმელების გადაცემაზე უარის მიღების შემდეგ ამოიღო დანა ლ. შ-მა, რომელიც მხოლოდ ჯიხურის ვიტრინის მინების განადგურებით დაემუქრა. გასათვალისწინებელია, რომ „ა-ის“ თანამშრომლები არ ყოფილან იმ ფაქტის თვითმხილველები, რასაც აღწერს დაზარალებული და რაშიც ბრალი ედება ლ. შ-ს. ისინი არ შესწრებიან ა. მ-სა და ლ. შ-ს შორის გამართული საუბრის იმ მონაკვეთს, რა დროსაც ლ. შ-მა, სავარაუდოდ, ჩაიდინა ყაჩაღობა.
12. კასატორი - პროკურორი გიორგი დოლაკიძე ასევე უთითებს უდავოდ ცნობილი მოწმეების - ნ. ჯ-ის, ე. ბ-სა და ვ. ლ-ის ჩვენებებზე და მიიჩნევს, რომ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად, დასახელებული პირების მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია ქმნის ლ. შ-ის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ისინი არ წარმოადგენენ ფაქტის თვითმხილველებს და მათთვის უცნობია თუ როგორ განვითარდა შემთხვევის ადგილზე მოვლენები დანაშაულის ჩადენის დროს. მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა მხოლოდ ლ. შ-ის სიმთვრალის, დანის ქონისა და შეშინებული დაზარალებულის მხრიდან დახმარების თხოვნის ფაქტები, რაც არსებითად სადავო არ არის მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. პატრულ-ინსპექტორების - ვ. ჯ-ისა და ბ. ყ-ის (არ ყოფილან დანაშაულებრივი ქმედების თვითმხილველები) მიერ მოწოდებული ინფორმაცია კი, უკიდურესად არაინფორმატიული და არასაკმარისია თუნდაც იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ ლ. შ-ი დანის დემონსტრირებით, ქონების განადგურებით დაემუქრა ა. მ-ს, რამაც დაზარალებულში საფუძვლიანი შიში გამოიწვია.
13. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად ასევე ყურადღებას ამახვილებს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ წერილობით, ნივთიერ მტკიცებულებებზეც და მიუთითებს, რომ ისინი დაზარალებულის ჩვენებასთან ერთობლივას ქმნიან ერთადერთი დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ 2023 წლის 19 ივლისს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ.მ-ში, პ-ის ქუჩაზე მდებარე შპს „ს-იას“ კუთვნილ ჯიხურში, ლ. შ-მა, ამავე ჯიხურის თანამშრომელს - ა. მ-ს მოსთხოვა ალკოჰოლური და გაზიანი სასმელების გადაცემა, ხოლო მას შემდეგ, როდესაც უარი მიიღო სასმელების გადაცემაზე, ლ. შ-ი დაემუქრა ა. მ-ს ქონების განადგურებით, კერძოდ, შპს „ს-იას“ კუთვნილი ჯიხურის გარე ვიტრინის მინების დაზიანებით და იმის გამო, რომ ლ. შ-ს ხელში ეჭირა დანა, ა. მ-ს შემდეგ გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში. შესაბამისად სახეზეა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა, ხოლო იმ გარემოების შეფასებისათვის, რომ ლ. შ-ი დანის გამოყენებით თავს დაესხა ა. მ-ს, რომელსაც სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, მოსთხოვა ალკოჰოლური და გაზიანი სასმელების გადაცემა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნა, არ არის რელევანტური ყაჩაღობაში ლ. შ-ის ბრალეულობის დადგენის თვალსაზრისით და საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, არ იძლევა არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას.
14. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ლ. შ-ის მიერ ა. მ-ის მიმართ ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.
15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი დოლაკიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი