Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-711-02 13 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება (ძირითად სარჩელში), ბინის პრივატიზაციის უფლების მიღება (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 12 იანვრის აქტის საფუძველზე საქართველოს სასაზღვრო ძალების სასაზღვრო რაზმმა “ახალციხემ” მიიღო რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარის ყოფილი საუწყებო ბინები და მთელი სამხედრო დასახლება. აღნიშნული ბინები განაწილდა სასაზღვრო რაზმ “ახალციხის” სამხედრო მოსამსახურეებზე.

1999წ. 18 აგვისტოს ¹49 ორდერის საფუძველზე კაპიტან ა. ბ-ს გამოეყო სამსახურებრივი დანიშნულების ოროთახიანი ბინა, რომელიც თვითნებურად დაკავებული ჰქონდა რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარის ყოფილი მოსამსახურის მეუღლეს ფ. ქ-ეს.

სასაზღვრო რაზმ “ახალციხის” უფროსმა ბ. ზ-მა სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ფ. ქ-ის მიმართ და მოითხოვა მისი გამოსახლება სადავო ბინიდან. საქმეში მესამე პირად მითითებულ იქნა ა. ბ-ი.

მოპასუხე ფ. ქ-ემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის ყოფილ სამხედრო მოსამსახურესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში მიიღეს ზემოთ აღნიშნული საუწყებო ბინა, რომელშიც ცხოვრობს დღემდე არასრულწლოვან შვილთან ერთად. მისმა მეუღლემ მიატოვა ოჯახი და საცხოვრებლად გადავიდა სხვაგან.

ფ. ქ-ემ შეგებებულ სარჩელში ითხოვს სადავო ბინის პრივატიზაციის უფლების მინიჭებას საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. აგვისტოს ¹603 დადგენილების საფუძველზე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 1999წ. 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ახალციხის სასაზღვრო რაზმის უფროსის სარჩელი მოპასუხე ფ. ქ-ის სადავო ბინიდან გამოსახლების შესახებ, მისთვის სხვა მუდმივი საცხოვრებელი ფართის გამოყოფის გარეშე, დაკმაყოფილდა, თუმცა სასამართლომ გაითვალისწინა მოპასუხის მძიმე საბინაო პირობები და მოსარჩელეს დაევალა მოპასუხისათვის დროებით, 1999-2000 წლების ზამთრის პერიოდში, საცხოვრებლად ვარგისი ფართის გამოყოფა. ფ.ქ-ის შეგებებული სარჩელი სადავო ბინის პრივატიზაციის შესახებ არ დაკმაყოფილდა. საქმე არაერთგზის იქნა განხილული სხვადასხვა სასამართლოს ინსტანციების მიერ და ბოლოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეიცვალა ახალციხის რაიონული სასამართლოს 1999წ. 14 დეკემბრის გადაწყვეტილება: გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხა აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები და სასამართლოს მითითება დახურული ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებთა მდგომარეობის სასწრაფოდ შესწავლის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ორდერი, რომლის გაცემის გადაწყვეტილებასაც იღებს სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომის მიცემის შესახებ საწარმოს, დაწესებულების ადმინისტრაცია. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცემა ორდერი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც საცხოვრებელ სახლში შესახლების ერთადერთი საფუძველია. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფ. ქ-ეზე გაცემული არ არის ორდერი, რის გამოც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტს უფლება აქვს, გამოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ბინა. ასევე, სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა გაზიარებული ფ.ქ-ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, რადგან მას არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ მოპოვებული აქვს სადავო ფართის პრივატიზაციის უფლება, რადგან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილების მე-17 პუნქტის თანახმად ბინის პრივატიზაციის უფლება აქვთ გენერლებსა და ადმირალებს, რომელთაც მიიღეს ბინები უვადო სარგებლობით, ასევე _ ოფიცერთა შემადგენლობას, რომლებმაც ბინები მიიღეს სამსახურებრივი დანიშნულებით ათიწ. სამსახურის ვადის გავლის შემდეგ. ფ.ქ-ე არ განეკუთვნება ოფიცერთა შემადგენლობას და მას პრივატიზაციის უფლება არა აქვს მოპოვებული.

ფ. ქ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სადავო ფართზე დამქირავებლის სტატუსით სარგებლობის უფლების მინიჭება. ფ. ქ-ე თავის საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ იმდროინდელი სასაზღვრო რაზმის ხელმძღვანელობა თავის არც ერთ თანამშრომელზე არ გასცემდა ორდერს, პასპორტში აკეთებდა ჩაწერას, მაგრამ სააპელაციო პალატის მიერ კი აღნიშნული არ იქნა გაზიარებული.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტს 1999წ. 12 იანვრის აქტის საფუძველზე გადაეცა რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარების საბინაო ფონდი.

1999წ. 18 აგვისტოს ¹49 ორდერის საფუძველზე კაპიტან ა.ბ-ს გამოეყო სამსახურებრივი დანიშნულების ოროთახიანი ბინა. აღნიშნული ბინა თვითნებურად დაიკავა რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარის ყოფილი მოსამსახურის მეუღლემ ფ. ქ-ემ, რომელსაც საქართველოს სასაზღვრო ჯარებთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.

ფ. ქ-ე მუშაობდა შპს “ახალციხის ფოსტის” ¹4 განყოფილებაში საფოსტო განყოფილების უფროსად და ემსახურებოდა ახალციხის სასაზღვრო რაზმს. აღნიშნული სამსახური მიეკუთვნება საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს შპს “.. ..-ს” და არა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრუქტურას.

მოსარჩელე ახალციხის სასაზღვრო რაზმი, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სტრუქტურას წარმოადგენს მოითხოვს მოპასუხე ფ. ქ-ის გამოსახლებას მის მიერ დაკავებული ბინიდან, მოპასუხე ფ.ქ-ე კი _ პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმებას სადავო ბინაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოს ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად პუნქტის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. მოცემულ დავაში მოსარჩელე სასაზღვრო რაზმი “ახალციხე” წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ამდენად იგი არის ადმინისტრაციული ორგანო. ამავე მუხლის, ამავე მუხლის I ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული გარიგება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ პირთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება. კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ადმინისტრაციულ ორგანოსთან სამართლებრივი ურთიერთობა, ხოლო დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი გარიგების დადება, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეს განეკუთვნება და იგი განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

პალატა თვლის, რომ ვინაიდან დავაში ერთ-ერთ მხარეს ადმინისტრაციული ორგანოს _ თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეული ახალციხის სასაზღვრო რაზმი წარმოადგენს _ პროცესუალური სუბიექტების მიხედვითაც აღნიშნული საქმე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებული სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული დავაა და მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების თანახმად. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი გამოტანილია სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებზე დაყრდნობით; ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია; “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლით განისაზღვრა საოლქო სასამართლოს კოლეგიები და პალატები მათი შემადგენლობის წესი, მოსამართლის სხვა კოლეგიის ან პალატის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობა, ამ წესის დარღვევით სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის არა განსჯადი საქმის განხილვა შესაბამისად იწვევს საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც სკ-ს 394-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ფ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.