საქმე # 020100123007074104
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №869აპ-24 ქ. თბილისი
ც-ნი გ, 869აპ-24 19 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძისა და მსჯავრდებულ გ. ც-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. გ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ც-ს, - დაბადებულს … წლის … ნოემბერს, - ბრალად ედება ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა; ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად; ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა; ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2023 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ე-ში, რ. ა-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები - გ. ც-ნი და გ. პ-ნი, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ რ. და გ. ა-ბს. კონფლიქტის დროს გ. ც-მა განზრახ მოკვლის მიზნით თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა გ. ა-სა და ო. ა-ის მიმართ. მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გ. ა-ძე გარდაიცვალა, ხოლო ო. ა-ს ასცდა ნასროლი ტყვიები და გადაურჩა სიკვდილს;
· 2023 წლის 1 იანვარს, საღამოს საათებში, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ე-ში, მ. ა-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა გ. ც-მა და გ. პ-მა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ხელი და ფეხი რამდენჯერმე დაარტყეს სხეულის სხვადასხვა არეში გ. ა-ს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად;
· 2023 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ე-ში, რ. ა-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. პ-მა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა გ. ც-მა და გ. პ-მა, ხელი და ფეხი რამდენჯერმე დაარტყეს სხეულის სხვადასხვა არეში გ. ა-ს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი;
· 2023 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ე-ში, რ. ა-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები - გ. ც-ნი და გ. პ-ნი, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ რ. და გ. ა-ბს. კონფლიქტის დროს გ. ც-ნი თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ადგილზე მყოფ შ. ა-ს და გ. ა-ს, რომლებსაც გაუჩნდათ მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში;
· საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა გ. ც-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა - ვაზნები, რომლის გამოყენებითაც 2023 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ე-ში, განახორციელა რამდენიმე გასროლა გ. ა-ს და ო. ა-ის მიმართ, რის შედეგადაც გ. ა-ძე გარდაიცვალა;
· 2023 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ე-ში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი გ. ც-ნი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, რომლის გამოყენებითაც განახორციელა რამდენიმე გასროლა გ. ა-ის და ო. ა-ს მიმართ, რის შედეგადაც გ. ა-ძე გარდაიცვალა.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 სექტემბრის განაჩენით:
2.1. გ. ც-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (გ. ა-ის მიმართ ძალადობის ეპიზოდი) და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. გ. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ც-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 2 იანვრიდან.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განაჩენით:
3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ვახტანგ ნიქაბაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: გ. ც-ის დამნაშავედ ცნობა ასევე საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (გ. ა-ის მიმართ ძალადობის ეპიზოდი) და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდება.
4.1. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. ც-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. გ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: გ. ც-ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. სხვა ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვება.
4.2. მსჯავრდებულ გ. ც-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. გ-მ შესაგებლით მოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (გ. ა-ის მიმართ ძალადობის ეპიზოდი) და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გ. ც-ის ბრალდების ეპიზოდი:
6.1. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, გ. ა-ს მიმართ ძალადობისა და გ. ა-ის და შ. ა-ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ეპიზოდებთან მიმართებით და უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში პროკურორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გ. ც-ის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენის ფაქტს, კერძოდ:
6.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი და დადასტურებულია 2023 წლის 1 იანვარს, საღამოს საათებში, მ. ა-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში მომხდარ კონფლიქტში გ. ც-ის მონაწილეობისა და მის მიერ გამოძიებით დადგენილ სხვა პირთან ერთად, ჯგუფურად, გ. ა-ის ცემის ფაქტი, ასევე 2023 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 23 საათზე, რ. ა-ის საცხოვრებელ სახლთან მომხდარი კონფლიქტის დროს შემთხვევის ადგილზე გ. ც-ის ყოფნისა და მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტი, რაც მსჯავრდებულმა თავადაც არ უარყო, მაგრამ აღნიშნული მტკიცებულებებიდან პირდაპირ არცერთი მიუთითებს, რომ გ. ც-მა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა გ. ა-ისა და ო. ა-ის მიმართ, მათი განზრახ მოკვლის მიზნით.
6.3. გ. ც-ის მიმართ ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ეპიზოდში წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეფუძნებოდა შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების - გარდაცვლილი გ. ა-ის მამიდების - შ. და ო. ა-ისა და მამის - რ. ა-ის გამოკითხვის გზით მიღებულ ინფორმაციებს, რომლებიც ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენაში ამხელდნენ გ. ც-ს და პირდაპირ მიუთითებდნენ მასზე, როგორც ამ დანაშაულის ჩამდენ პირზე; თუმცა მათ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარყვეს გამომძიებლისათვის მიწოდებული ინფორმაცია და განმარტეს, რომ გ. ც-ი შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ უნახავთ. არც სასამართლო სხდომაზე დაკითხულ რომელიმე სხვა მოწმეს დაუდასტურებია გ. ც-ის მიერ გ. ა-ისა და ო. ა-ის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისა და გ. ა-ს დაჭრის ფაქტი. სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეების - გ. ა-სა და რ. პ-ის გამოკითხვის ოქმები, რომლებითაც ასევე არ დასტურდება გ. ც-ის მიერ გ. ა-ისა და ო. ა-ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა. შემთხვევის შემსწრე მოწმე თ. ხ-მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ა-ის ოჯახში მისულმა ნახა მიწაზე დაგდებული გ. ა-ძე და გ. პ-ნი. ამ დროს მივიდა გ. ც-ნი, რომელმაც აიღო გ-ან ახლოს დაგდებული იარაღი, მიწის მიმართულებით გაისროლა და შემდეგ ყანაში გადააგდო. მას არ დაუნახავს ვინ ესროლა დაჭრილებს და ვერ იტყვის, რომ გ. ც-მა ესროლა გ. ა-ს და გ. პ-ნს.
6.4. რაც შეეხება მოწმეების - მ. ა-ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებასა და მოწმე ი. წ-ის გამოკითხვის გზით მიღებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გ. ა-ს გ. ც-მა ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან, ამ ნაწილში მათი ჩვენებები ირიბია, ვინაიდან მ. ა-ძე და ი. წ-ძე არ არიან აღნიშნული ფაქტის თვითმხილველები და გადმოსცემენ სხვა პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
6.6. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ერთ-ერთ მასრაზე აღმოჩნდა გ. ც-ს ბიოლოგიური მასალა, არ არის საკმარისი დასკვნისათვის, რომ კონფლიქტის დროს მან გაისროლა გ. ა-სა და ო. ა-ის მიმართ და რომ მის მიერ გასროლილი ტყვიით დაიჭრა სასიკვდილოდ გ. ა-ძე. ბრალდების მხარის ეს ვერსია არ არის დადასტურებული თუნდაც ერთი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებით.
6.7. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარეს, გარდა დაზარალებულ გ. ა-ის გამოკითხვის ოქმისა, არ წარმოუდგენია სხვა მტკიცებულება, არც პირდაპირი და არც ირიბი ხასიათის, რომელიც დაადასტურებდა, რომ გ. ც-ნმა 2023 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ე-ში, რ. ა-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. პ-ნსა და გ. პ-ან ერთად ჯგუფურად, სხეულის სხვადასხვა არეში ხელისა და ფეხის რამდენჯერმე დარტყმით ცემა გ. ა-ძე, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი. მხოლოდ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი კი ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
6.8. ამასთან, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გ. ა-ძე არ გამოცხადებულა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, რის გამოც ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაცია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, საჯაროდ იქნა წაკითხული სასამართლო სხდომაზე.
6.9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. ამდენად, მხოლოდ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. ც-ს მიერ გ. ა-ის მიმართ ძალადობის ჩადენას საქმის მასალებში არ მოიპოვება.
6.10. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა შ. ა-მ არ დაადასტურა გ. ც-ის მიერ მის მიმართ სიცოცხლის მოსპობით დამუქრების ფაქტი და განმარტა, რომ იგი შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ უნახავს. სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ. ც-ის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენას, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
6.11. რაც შეეხება გ. ა-ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას, ამ ნაწილში წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი, ხოლო სხვა მტკიცებულება, არც პირდაპირი და არც ირიბი ხასიათის, რომელიც დაადასტურებდა, რომ გ. ც-ნი კონფლიქტის დროს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა გ. ა-ს, საქმეში არ მოიპოვება. მხოლოდ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი კი ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
7. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გ. ც-ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (გ. ა-ის მიმართ ძალადობის ეპიზოდი) და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
8. გ. ც-ს მსჯავრდების ეპიზოდი (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები):
8.1. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე განაჩენში წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გ. ც-ის სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით შერაცხული ბრალის დასადასტურებლად, კერძოდ:
8.2. მოწმეების - მ. ა-ის, მ. ა-სა და თ. ხ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2023 წლის 1 იანვარს, საღამოს საათებში, მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ გ. ც-ნი და გ. პ-ნი გავიდნენ ეზოდან ქუჩაში, სადაც იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს. მოწმე თ. ხ-ის ჩვენებით დასტურდება, რომ მან, ა-ს ოჯახში მისულმა, პირადად დაინახა, როგორ გაისროლა გ. ც-მა. რომელმაც აიღო მიწაზე მწოლიარე გ. ა-ან ახლოს დაგდებული იარაღი, რომლითაც გაისროლა მიწის მიმართულებით და შემდეგ აღნიშნული იარაღი ყანაში გადააგდო. მოწმე გ. ა-ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ მან დაინახა შემთხვევის ადგილზე მყოფი გ. ც-ნი, რომელსაც ხელში ეჭირა ავტომატი, რომლითაც უმისამართოდ, რამდენჯერმე გაისროლა ჰაერში. მოწმე რ. პ-ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, რ. ა-ის საცხოვრებელ სახლთან მომხდარი ჩხუბის დროს მან დაინახა, რომ გ. ც-ნს ხელში ეკავა გრძელლულიანი შაშხანა, საიდანაც რამდენჯერმე გაისროლა.
8.3. მსჯავრდებულმა გ. ც-მა ჩვენების მიცემისას არ უარყო, რომ მან შემთხვევის ადგილზე ნამდვილად გაისროლა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და განმარტა, რომ უგონო მდგომარეობაში მყოფი გ. ა-ის გვერდით იდო ავტომატი, რომელიც მან აიღო და დაცალა, რათა არავის აეღო, შემდეგ კი აღნიშნული ავტომატი ყანაში გადააგდო.
8.4. მოწმე ს. ხ-ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) ირკვევა, რომ იგი მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში სამმართველოს (მ-ია) უფროსის პოზიციაზე. გ. ც-ნი მსახურობდა სოფელ ნ-ში მდებარე №5 სასაზღვრო სექტორზე, რადიო-ოპერატორის პოზიციაზე და მას შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, მიმაგრებული ჰქონდა 5.45 მმ-იანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი AK-74, რომელიც გაიცემოდა მასზე დროებით სარგებლობაში, სექტორის დასაცავ მონაკვეთზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, ხოლო არასამუშაო პერიოდში ზემოაღნიშნული იარაღი ინახებოდა სექტორზე არსებულ დაცულ შეიარაღების ოთახში. გარდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისა, გ. ც-ს არ ჰქონდა უფლება ეტარებინა ცეცხლსასროლი იარაღი.
8.5. გ. ც-ის ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა მ. ვ-ის საკარმიდამო ეზოში განთავსებული, მისთვის გ. ც-ის მიერ მიბარებული „CHEVROLET TRACKER“-ის მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით ....), რა დროსაც ავტომანქანის სალონის წინა მოპირკეთებაში არსებული სათავსოდან ე.წ. „ბარდაჩოკიდან“ ამოღებული ერთი ცალი ვაზნა მოთავსდა მუყაოს კონვერტში, ხოლო, თავის მხრივ, აღნიშნული კონვერტი შეიფუთა ერთ სპეციალურ პაკეტში №FCD10161722, რომელზეც გაკეთდა ხელმოწერები და დაესვა თარიღები. ოქმის სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა, მათ შორის, თავად მ. ვ-მა, რომელსაც ოქმზე რაიმე შენიშვნა ან განცხადება არ გაუკეთებია.
8.6. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბალისტიკური ექსპერტიზის №... დასკვნით დადგენილია, რომ 2023 წლის 2 იანვარს, ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით....) დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ვაზნა (პაკეტი №FCD10161722) წარმოადგენს სტანდარტულ ქარხნული წესით დამზადებულ 7,62 მმ კალიბრის, სიმონოვის კარაბინების (სკს), კალაშნიკოვის კონსტრუქციის აკა-47 მოდელის ავტომატური, მათი მოდიფიკაციისა და რიგი კალიბრით და კონსტრუქციით შესაბამისი იარაღებისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას, ე.წ. მგეზავ ვაზნას („ტრასერი“), რომელიც ვარგისი იყო სროლისათვის გამოსაყენებლად.
8.7. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ თერთმეტ ცალ მასრაზე (ობ. №10-17,19-21) აღმოჩნდა ადამიანის ბიომასალა. ობ. №11-14,16,17,20-ის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. №12,16-ის პროფილების ერთ-ერთი წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს - უცნობს №2. ობ. №12-ის პროფილის მეორე წილი ეკუთვნის გ. ც-ნს.
9. ამდენად, დაცვის მხარის მოსაზრება, რომ, თითქოს მსჯავრდებულ გ. ც-ს არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან და ეწინააღმდეგება როგორც მოწმეთა ჩვენებებს, ისე საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებს.
10. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იმსჯელებს გ. ც-ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გ. ა-ის მიმართ ძალადობის ეპიზოდი) მსჯავრდების კანონიერებაზე, ვინაიდან განაჩენი ამ ნაწილში დაცვის მხარეს არ გაუსაჩივრებია.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძისა და მსჯავრდებულ გ. ც-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. გ-ას საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი