Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-714-02 11 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, მ. ახალაძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს ლ. თ-ს საკუთრებას.

ლ. თ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: ბ., ფ., ზ., ბა. ტ-ეებისა და ნ. ფ-ის მიმართ, ქ.თბილისში, ... მდებარე მისი საკუთარი სახლის ორი (28 კვ.მ) ოთახიდან გამოსახლების თაობაზე.

მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელით მოითხოვეს სადავო სახლის ორი ოთახის მესაკუთრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ ბ. ტ-ე თბილისში, ... მდებარე ბინაში ჩაეწერა და ცხოვრება დაიწყო 1959 წელს, ხოლო 1969წ. ივნისში სახლის ნაწილი, კერძოდ, ორი ოთახი იყიდა 7000 მანეთად სახლის მესაკუთრე თ. გ-სგან, (ლ. თ-ს დედა).

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. თ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეები გამოსახლებულ იქნენ თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან, მოპასუხეთა შეგებებული სარჩელი წარმოებით შეწყდა.

ბ, ბა. ტ-ეებმა და ნ. ფ-ემ სააპელაციო საჩივრით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას და მოითხოვეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.

სააპელაციო პალატამ რამდენჯერმე განიხილა აღნიშნული დავა, ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მარტის გადაწყვეტილებით ბ., ბა. ტ-ეების და ნ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 29 სექტემბრის გადაწყვეტილება ბ., ფ., ბა. ტ-ეებისა და ნ. ფ-ის მიმართ თანმყოფ პირებთან ერთად ბინიდან გამოსახლების ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ლ. თ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე ბ., ბა. ტ-ეების და ნ. ფ-ის მიმართ თანმყოფ პირებთან ერთად ბინიდან გამოსახლებაზე უსაფუძვლობის გამო. გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის წარმოების შეწყვეტის ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად ცნო მდგმურებად აპელანტები, რადგანაც მხარეთა შორის ურთიერთობა არ წარმოადგენს ქირავნობის ხელშეკრულებას. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ტ-ეები ბინის მესაკუთრეს უხდიდნენ 5 მანეთს, რაც ბინის ქირად არ ჩაითვლება. ვინაიდან მხარეთა შორის ქირავნობის ხელშეკრულება არ არსებობს, ამიტომ სკ-ს 562-ე მუხლით ლ.თ-ს არ აქვს ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნის უფლება.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ლ. თ-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ლ. თ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით: სააპელციო პალატამ არ გამოიყენა სკ-ს 170-ე მუხლი, რომლის თანახმადაც მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა და განკარგა. ასევე არ გამოიყენა სკ-ს 562-ე მუხლი, რომლის თანახმადაც მოსარჩელეს სურდა შეეწყვიტა ქირავნობის ხელშეკრულება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ.თ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეა ლ.თ-ა. ამ საცხოვრებელი სახლის ორ ოთახში რამდენიმე ათეული წელია ცხოვრობს ტ-ეების ოჯახი. ლ. თ-მ მოპასუხეთა ბინიდან გამოსახლება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ ისინი არ უხდიან ბინის ქირას, მათ მიერ დაკავებული ფართი სჭირდება მესაკუთრის ოჯახს.

სააპელაციო პალატამ ერთი მხრივ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეები არ წარმოადგენენ ლ.თ-ს ბინის დამქირავებლებს, მაგრამ მეორე მხრივ საერთოდ არ დააკვალიფიცირა მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა. ლ.თ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს სკ-ს 170-ე მუხლის საფუძველზე თავისი, როგორც მესაკუთრის, უფლების განხორციელებას და დაცვას. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლის ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა ლ. თ-ს, როგორც მესაკუთრეს, შეუძლია თუ არა, მოითხოვოს მოპასუხეების ბინიდან გამოსახლება მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველზე.

ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. თ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მარტის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.