Facebook Twitter
3კ-715-02

3კ-715-02 4 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 28 იანვარს შპს “...-მა” სარჩელით მიმართა სასამართლოს ფ. კ.-ის მიმართ და მოითხოვა მისი გამოსახლება ბინიდან მდებარე ... ქ. თბილისში. აგრეთვე ზიანის ანაზღაურება 1904 ლარისა და 39 თეთრის ოდენობით.

საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა თ. მ.-ი.

1999წ. 21 დეკემბერს ფ. კ.-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს “...-ის” მიმართ და მოითხოვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და თანხის 1920 აშშ დოლარის დაბრუნება.

2000წ. 29 ნოემბერს თ. მ.-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: ფ. კ.-ისა და შპს “...-ის” მიმართ და მოითხოვა თბილსში ... მდებარე ბინის გამოთავისუფლება და დავალიანების გადახდა.

აღნიშნული სამი სარჩელი გაერთიანდა ერთ წარმოებად. მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2001წ. 12 ოქტომბერს. აღნიშნულის შესახებ მხარეებს ეცნობათ და უწყებები ჩაბარდათ სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. Mმოსამზადებელი სხდომა ფ. კ.-ის შუამდგომლობის საფუძველზე რამდენჯერმე გადაიდო. ბოლოს, 2001წ. 30 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ფ. კ.-ი, თ. მ.-ი და მისი წარმომადგენელი გ. გ.-ე, საქმე მთავარ სხდომაზე განსახილველად საოქმო განჩინებით დაინიშნა 2001წ. 14 ნოემბერს. სხდომის დღე გამოცხადებულ მხარეებს ეცნობათ, რაც დადასტურდა ოქმის ბოლოს მათი ხელმოწერებით. ასევე სათანადო წესის მიხედვით გაფრთხილებულ იქნა შპს “...-ის” დირექტორი ა. ა.-ე (გაეგზავნა უწყება).

2001წ. 14 ნოემბერს მთავარ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ ფ. კ.-ი და შპს “...-ის” დირექტორი ა. ა.-ე. სასამართლომ თ. მ.-ის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ფ. კ.-ი თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა თბილისში, ... მდებარე ბინიდან. ამავე სხდომაზე კომპანია “...-ის” სარჩელი ფ. კ.-ის მიმართ ბინიდან გამოსახლებისა და თანხის დაკისრების შესახებ და ფ. კ.-ის სარჩელი კომპანია “...-ის” მიმართ თანხის დაბრუნების შესახებ მხარეთა გამოუცხადებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ფ. კ.-მ იმ საფუძვლით, რომ მას სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი ჰქონდა. კერძოდ, წარმოადგინა სამედიცინო ცნობა სადაც მითითებულია, რომ იგი 2001წ. 14 ნოემბერს ავად იყო დიაგნოზით _ მწვავე რესპირატორული დაავადება. აღნიშნული გარემოების გამო, მან მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. ფ. კ.-მ საჩივარში განმარტა, რომ იგი 2001წ. 14 ნოემბერს გამოცხადდა სასამართლოში, მაგრამ მაღალი სიცხის და აგრეთვე იმის გამო, რომ ა. ა.-ე არ იყო სხდომაზე სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის მიხედვით გამოძახებული, არ დაესწრო სასამართლო სხდომას.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 დეკემბრის განჩინებით ფ. კ.-ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ. კ.-მ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 1 აპრილის განჩინებით საპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა 2001წ. 24 დეკემბრის განჩინება.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ფ. კ.-ისთვის ცნობილი იყო 2001წ. 14 დეკემბრის სხდომის დღე, რაც სხდომის ოქმის ბოლოს მისი ხელმოწერით დასტურდება. ასევე მიიჩნია, რომ მწვავე რესპირატიული დაავადებით მას შეეძლო სხდომაზე გამოცხადება და საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია, აპელანტი სხდომის დღეს გაფრთხილებული არ ყოფილა გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ, მაგრამ მან ამის შესახებ იცოდა მანამდე არაერთხელ გაგზავნილი სასამართლო უწყებიდან.

საოლქო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა ფ. კ.-მ და საკასაციო საჩივრით მოითხოვს მის გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ს 241-ე მუხლი. აგრეთვე განმარტავს, რომ, მართალია, მისთვის ცნობილი იყო 2001წ. 14 დეკემბრის სხდომის დღე, მაგრამ სასამართლოს იგი არ გაუფრთხილებია სსკ-ს 72-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტით დადგენილი წესის მიხედვით, რითაც დაარღვია სკ-ს 233-ე მუხლის მოთხოვნა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2001წ. 30 ოქტომბერს, მოსამზადებელ სხდომაზე, საოქმო განჩინებით საქმე მთავარ სხდომაზე განსახილველად დაინიშნა 2001წ. 14 ნოემბერს. აღნიშნულის შესახებ სხდომაზე გამოცხადებულ მხარეებს _ ფ. კ.-ს, თ. მ.-ს და მის წარმომადგენელ გ. გ.-ს ეცნობათ, რაც დადასტურებულია სხდომის ოქმის ბოლოს მათი ხელმოწერებით. ა. ა.-ს, რომელიც არ გამოცხადდა, სათანადო წესის მიხედვით გაეგზავნა სასამართლო უწყება.

საქმის მასალებით (სხდომის ოქმით) ასევე დადგენილია, რომ 2001წ. 30 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე მხარეები არ იქნენ გაფრთხილებულნი გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ.

სსკ-ს 393-ე მუხლით გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა მიღებული, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ს 233-ე მუხლის I ნაწილის “ა”ქვეპუნქტი, ე.ი. გამოუცხადებელი მხარე არ იქნა გაფრთხილებული სსკ-ს 72-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტით დადგენილი წესის მიხედვით.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ფ. კ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 აპრილის განჩინება და საქმე დაბრუნდეს ხელახლა განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.