Facebook Twitter
3კ-718-02

3კ-718-02 4 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია, თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ა.-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეების ნ. და ა. ღ.-ების გამოსახლება ქ. თბილისში, ... ბინიდან შემდეგი საფუძვლით: 2001წ. 7 მაისს შეიძინა სადავო ბინა, ბინის მესაკუთრე გ. კ.-საგან. საჯარო რეესტრში დარეგისტრილდა ბინის მესაკუთრედ. მიუხედავად მისი მოთხოვნისა, მოპასუხეები, რომლებსაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უკავიათ ბინა არ ანთავისუფლებენ უკანონოდ დაკავებულ ფართს.

მოპასუხეებმა ა. რ.-ემ და ნ. ღ.-მა სარჩელი არ ცნეს და განაცხადეს, რომ სადავო ბინაში იმყოფებიან კანონის საფუძველზე. მათ 2000წ. 18 აპრილს შუამავლის მეშვეობით გაასესხეს 1200 აშშ დოლარი ერთიწ. ვადით იმ პირობით, რომ მსესხებელი გ. ა.-ი ვალდებული იყო, სესხის ვალდებულების ვადის განმავლობაში დაეთმო ბინა, რომლის მისამართადაც მითითებულია ... ქ. თბილისი. სესხის ხელშეკრულება დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ. მოპასუხეებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული ბინა რეგისტრირებული იყო აწ გარდაცვლილი ი. ვ.-ის სახელზე. მისმა შვილმა თ. ვ.-მ სამკვიდროს მიღების ვადის გასვლამდე გაყიდა სადავო ბინა ნ. ა.-ეზე, რისი უფლებაც მას არ ჰქონია. მოპასუხეებმა მოითხოვეს საქმეში მესამე პირად გ. ა.-ის ჩართვა, ხოლო მისი ადგილსამყოფელის დადგენამდე საქმის შეჩერება.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ა.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეები ნ. ღ.-ი და ა. რ.-ე გამოსახლდნენ ნ. ა.-ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული ბინიდან, მდებარე ... ქ. თბილისში. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ა.-ე კეთილსინდისიერად ვარაუდობდა, რომ იმ დროისათვის, როცა ბინა დასჭირდებოდა პირადად, არ შეექმნებოდა ბინის გამოთავისუფლების პრობლემა, რადგანაც მიაჩნდა, რომ ბინაში მცხოვრებნი იყვნენ სათანადო უფლების მქონე მდგმურები. ნ. ა.-ე კეთილსინდისიერ მყიდველს წარმოადგენს, რადგან მან შეიძინა ბინა გ. კ.-სგან, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ბინის მესაკუთრედ. რეესტრის მონაცემების მიმართ სკ-ს 312-ე მუხლის I ნაწილის თანახმად მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმპცია, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ღ.-მა და ა. რ.-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 21 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: ნ. ა.-ისა და გ. კ.-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებულია სანოტარო წესით და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, რითაც დაცულია სკ-ს 183-ე მუხლის მოთხოვნები, რომელიც ითვალისწინებს უძრავი ნივთების საკუთრების შეძენის წესს. დღეისათვის სადავო ბინა ნათელა ა.-ის საკუთრებაა. სკ-ს 170-172-ე მუხლების თანახმად ნ. ა.-ეს, როგორც ბინის მესაკუთრეს, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება აქვს. რაც შეეხება გ. ა.-სა და რ.-ეს შორის დადებულ სესხის ხელშეკრულებას, სააპელაციო სასამართლოს აზრით, იგი ცალკე დადებული გარიგებაა, მასში განსაზღვრულია მხარეთა ურთიერთვალდებულებები და მათ არანაირი კავშირი არა აქვთ გ. კ.-სა და ნ. ა.-ეს შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებასთან.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ნ. ღ.-მა და ა. რ.-ემ, რომლითაც მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 27 თებერვლის განჩინების გაუქმება და ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სკ-ს 551-ე მუხლი, რომლის თანახმად გამქირავებელი თავის თავზე იღებს იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც არსებობდა დამქირავებელსა და ქვემოქირავნეს შორის. ბინის მესაკუთრე კ.- ვალდებული იყო, ჯერ ქვემოქირავეებთან მოეგვარებინა პრობლემები და შემდეგ გაესხვისებინა ბინა მოსარჩელეზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ სადავო ბინა ირიცხება მოსარჩელე ნ. ა.-ის სახელზე. აღნიშნული დადგენილია საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების ასლით, რომლის მიხედვითაც სადავო ბინა 2001წ. 7 მაისს ნ. ა.-ემ შეიძინა გ. კ.-საგან. ხელშეკრულება დამოწმებულია სანოტარო წესით და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. სკ-ს 183-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამდენად, სადავო ბინის შეძენის დროს ნ. ა.-ეს დაცული აქვს სკ-ს 183-ე მუხლით გათვალისწინებული წესი და იგი რეგისტრირებულია სადავო ბინის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ სკ-ს 172-ე მუხლის შესაბამისად სწორად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ბინის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ, რადგან აღნიშნული მუხლის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს, რომ მათ მესაკუთრისაგან ჰქონდა მიღებული სადავო ბინით სარგებლობის უფლება, ხოლო გ. ა.-ი, რომელმაც ისინი სადავო ბინაში საცხოვრებლად შეუშვა, სადავო ბინის მესაკუთრედ არსად ყოფილა რეგისტრირებული, იგი არ იყო უფლებამოსილი, განეკარგა სადავო ბინა.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას არ გაუთვალისწინებია სკ-ს 551-ე მუხლი ქვექირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გარანტიების თაობაზე, რადგან ნ. ღ.-ისა და ა. რ.-ის მიერ 2000წ. 18 აპრილს სესხის ხელშეკრულება დადებულია გ. ა.-თან, რომელიც ბინის მესაკუთრე არ ყოფილა. პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ა.-სა და რ.-ეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება არის ცალკე დადებული გარიგება, მასში განსაზღვრული ურთიერთვალდებულებები დამოუკიდებლად არსებობენ და მათ არანაირი კავშირი არა აქვთ გ. კ.-სა და ნ. ა.-ეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ღ.-ისა და ა. რ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 თებერვლის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.