Facebook Twitter

საქმე # 330141224010170033

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №237I-24 19 დეკემბერი, 2024 წელი

თ-ძე ზ, 237I-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. თ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 აგვისტოს განაჩენით:

1.1. ზ. თ-ს, - დაბადებულის … წელს, - ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებზე და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 14 ნოემბრიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. თ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 8 ივლისის №02/21/შ/პ-034 გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ ზ. თ-ს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით და დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 6120 საათი. იგი 2021 წლის 9 ივლისს გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.

5. 2024 წლის 1 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის აღსრულების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ ზ. თ-ის პირადი საქმე.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. თ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

7. მსჯავრდებულ ზ. თ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენით დანიშნული და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 8 ივლისის №02/21/შ/პ-034 გადაწყვეტილებით შეცვლილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 6120 საათი შეუმცირდა ერთი მეექვსედით და მოსახდელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 5100 საათი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 8 ივლისის №02/21/შ/პ-034 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. თ-მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი-მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა; მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

3. მოცემულ შემთხვევაში, ზ. თ-ძე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, რაზეც არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი−მე-3 მუხლები და რომელიც, იმავდროულად, არ არის მითითებული ამავე კანონის მე-7 მუხლში.

4. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზ. თ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის 1/6-ით შემცირების თაობაზე, რასაც სადავოდ არც კასატორი მიიჩნევს.

5. რაც შეეხება ზ. თ-ის მოთხოვნას, რომ მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ” 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი (7 წლით თავისუფლების აღკვეთა), ნაცვლად სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 8 ივლისის №02/21/შ/პ-034 გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის შემცირებისა, – საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 8 ივლისის №02/21/შ/პ-034 გადაწყვეტილებით (მსჯავრდებულ ზ. თ-ს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით და დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 6120 საათი) საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის სახე, რომლის მიმართაც კასატორი ითხოვს ამნისტიის გამოყენებას, შეიცვალა. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს სასჯელზე, რომელიც საჩივრის განხილვის დროისათვის აღარ არსებობას.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ზ. თ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი