Facebook Twitter

საქმე # 080100122006591397

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№660აპ-24 3 დეკემბერი, 2024 წელი

ბ-ე პ. , 660აპ-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. წ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 ივნისის განაჩენით:

პ. ბ-ე, დაბადებული 1--- წლის 2 აპრილს, პ/ნ ... , ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 22 ოქტომბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 22 ოქტომბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და პ. ბ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, მიესაჯა – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 27 ივლისის განაჩენით პ. ბ-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 27 ივლისის განაჩენით პ. ბ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, პ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, პ. ბ-ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; ხოლო 20 წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

პ. ბ-ს სასჯელი აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 31 ოქტომბრიდან.

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

პ. ბ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება – 0,1833 გრამი ,,ჰეროინი“, რაც 2022 წლის 22 ოქტომბერს, უკანონოდ გაასაღა ნ. ყ-ე.

პ. ბ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული, მოყავისფრო, ფხვიერი ნივთიერება, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, 0,1833 გრამის ოდენობით. 2022 წლის 22 ოქტომბერს, 600 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა ნ. ყ-ე, რაც იმავე დღეს, შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნ. ყ-ნ ამოიღეს.

პ. ბ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება 0,0774 გრამი ,,ჰეროინი’’, რაც 2022 წლის 26 ოქტომბერს, უკანონოდ გაასაღა ნ. ყ-ე.

პ. ბ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული მცირე ზომის პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც ქიმიური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, მოთავსებული იყო ნარკოტიკულ საშუალება – ,,ჰეროინი,“ 0,0774 გრამის ოდენობით, 2022 წლის 26 ოქტომბერს, 605 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა ნ. ყ-ე, რაც იმავე დღეს, შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნ. ყ-ნ ამოიღეს.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის განაჩენით:

მსჯავრდებულ პ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორები – მსჯავრდებულ პ. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. წ. – ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად, გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება:

2. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. ბ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებები, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა (ორი ეპიზოდად) და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (ორი ეპიზოდად).

3. საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, საგამოძიებო, საპროცესო მოქმედების ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედებათა შედეგად წარმოდგენილი მასალა, – გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით ადასტურებს პ. ბ-ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას, კერძოდ:

4. ნ. ყ-ს ჩვენების თანახმად, მან პ. ბ-ე რამდენიმე წლის წინ გაიცნო. გარკვეული პერიოდში ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ. შემდეგ, ორი-სამი წლის განმავლობაში ერთმანეთი არ უნახავთ. პ. ბ-მ თავად სცადა დაკავშირება და სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღაზიაში, თავისი ტელეფონის ნომერი და წერილი დაუტოვა, სადაც დაკავშირებას სთხოვდა. პ. ბ-ს დაუკავშირდა და ესაუბრა, რა დროსაც პ. დაინტერესდა რას საქმიანობდა და შეხვედრა შესთავაზა. შემდეგ, პ-ს თ-ში, ნ-ს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა. შეხვედრისას, პ. ბ-მ განუმარტა, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მისთვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემა შეეძლო. პ. ბ-საგან ნარკოტიკული საშუალება სამჯერ შეიძინა: პირველად, 600 ლარი თავად მოიძია და პ-ს თ-ში, ნ-ს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა. თანხის გადაცემის შემდეგ პ. წავიდა და ერთმანეთს, დაახლოებით, ერთი საათის შემდეგ შეხვდნენ, რა დროსაც პ. ბ-მ ნარკოტიკული საშუალება გადასცა. შეძენილი ნარკოტიკი პოლიციის განყოფილებაში წარადგინა და გამოძიება დაიწყო. მეორე შეძენისას, 2022 წლის 22 ოქტომბერს, პ. ბ-ს კვლავ ნ-ს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა და მას 600 ლარი დაუტოვა. აღნიშნული თანხა შსს-მ გამოყო. პ. ბ-სთან შეხვედრამდე, იგი სპეციალური საშუალებებით აღიჭურვა. გარკვეულ პერიოდში იმყოფებოდა პ. ბ-სთან ერთად, შემდეგ დაშორდნენ. საღამოს, ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ და პ. ბ-მ თავის საცხოვრებელ ბინაში გადასცა ნარკოტიკული საშუალება. ვინაიდან, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების ღირებულება თავად გადაიხადა, ნარკოტიკული ნივთიერება სრულად მისი საკუთრება იყო. პ. ბ-მ ნარკოტიკული საშუალების გადაცემის შემდეგ, მისი განაწილება სთხოვა და მცირე ნაწილი თავისთვის და ბინაში მყოფი მესამე პირისათვის გადაიყარა. ძირითადი ნაწილი თავად წამოიღო. პ. ბ-ის ბინიდან წამოსვლის შემდეგ, დაახლოებით, ათ წუთში შეძენილი ნარკოტიკული საშუალება გამომძიებელს გადასცა. მესამე შეძენისას, 2022 წლის 26 ოქტომბერს, პ. ბ-ს მობილური ტელეფონით, აპლიკაცია „მესენჯერის“ საშუალებით, დაუკავშირდა და ვინაიდან იმ დროისათვის დასავლეთ საქართველოში იყო, თ-ში ჩასასვლელად კი დრო სჭირდებოდა, – პ. ბ-ს 605 ლარი გადაურიცხა, რათა მის ჩასვლამდე ყველაფერი მოეგვარებინა და ნარკოტიკული საშუალება დაეხვედრებინა. აღნიშნული თანხა, იგივენაირად, გამომძიებლმა გადასცა და ამჯერადაც, სპეციალური საშუალებებით აღჭურვეს. თ-ში ჩასვლამდე პ. ბ-ს უკვე ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა, ნარკოტიკული საშუალება დაახვედრა და თავის ნაქირავებ ბინაში გადასცა, რომლიდანაც მას გარკვეული ნაწილი დაუტოვა.

5. გამომძიებელ ო. ნ-ს ჩვენებით, 2022 წლის 22 ოქტომბერს, ნ. ყ-ს მონაწილეობით მიმდინარეობდა ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის დასრულების შემდეგ დაუკავშირდა ნ. ყ. და აცნობა, რომ პ. ბ-საგან 600 ლარად შეიძინა ნარკოტიკული საშუალება. ნ. ყ-ნ ერთ, ან ორ წუთში მივიდა, რომლისგანაც გადაუდებელი აუცილებლობის წესით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო და მოწმის სახით გამოკითხა. 2022 წლის 26 ოქტომბერს, ანალოგიურად, ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ნ. ყ. და აცნობა თავისი ადგილსამყოფელი, რის შემდეგ, გადაუდებელი აუცილებლობის წესით, მისგან ამოიღო ნარკოტიკული საშუალება და ადგილზევე გამოკითხა, მოწმის სახით.

6. დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ მ. ფ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2022 წლის 22 ოქტომბერსა და 26 ოქტომბერს, გამომძიებლის პატაკის საფუძველზე, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, გასცა 600-600 ლარი, რის თაობაზეც გამომძიებელმა ო. ნ-მ შეადგინა ოქმები.

7. 2022 წლის 22 ოქტომბრის ამოღების ოქმის თანახმად, ნ. ყ-ა წარადგინა და მისგან ამოიღეს, ქაღალდის ფურცელში შეხვეული მოყავისფრო ფხვიერი ნივთიერება, რაც ნ. ყ-ს განმარტებით, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება „სირეცს“, რომელიც მან შეიძინა ფარული საგამოძიებო მოქმედების დროს, პ. ბ-სგან.

8. ქიმიური ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით წონით 0,9362 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას ,,ჰეროინს“ რაოდენობით 0.1833 გრამს.

9. 2022 წლის 26 ოქტომბრის ამოღების ოქმის თანახმად, ნ. ყ-ა წარადგინა და მისგან ამოიღეს მცირე ზომის პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია მოყავისფრო, ფხვიერი ნივთიერება, რაც ნ. ყ-ს განმარტებით, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ,,სირეცს,“ რომელიც მან შეიძინა ფარული საგამოძიებო მოქმედების დროს პ. ბ-სგან.

10. ქიმიური ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, მოყავისფრო, ნივთიერება, ფხვნილის სახით, ნოტიო მდგომარეობაში, წონით 0,3998 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ რაოდენობით 0.0774 გრამს.

11. სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი სახის გარემოებებთან მიმართებით (მათ შორის, ნივთიერების გადაცემის), სააპელაციო სასამართლომ განაჩენში დეტალურად მიმოიხილა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის შინაარსი, რასაც საკასაციო სასამართლო აღარ გაიმეორებს, თუმცა აღნიშნავს, მათი გაანალიზებისა და მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, დადასტურებულია, პ. ბ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხილი ქმედების შემადგენლობის ნიშნები.

12. ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის N... დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. დისკებზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოგამოსახულებებზე დაფიქსირებული გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნების იერსახის გამოსახულება, პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისია. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკებზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოგამოსახულებებსა და ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ, პ. ვ-ს ძე ბ-ს (პ/ნ ... ) სახელზე შევსებულ ელექტრონულ ბარათზე არსებულ ფოტოგამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

13. თავად მსჯავრდებულმა პ. ბ-მ განმარტა, რომ იგი ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელია და ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი არასდროს ყოფილა. ნ. ყ. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, აპლიკაცია „მესენჯერით“ მეუღლეს დაუკავშირდა და მისი მეშვეობით სთხოვა დარეკვა. ნ-მა სთხოვა ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარება, რაზეც მას განუმარტა, რომ აღნიშნული თავადაც სურდა და ვინაიდან, ორივე მომხმარებლები იყვნენ, შესაძენად ერთად წასულიყვნენ. დაუკავშირდა პირს, რომლისგანაც ნარკოტიკული საშუალება უნდა შეეძინათ. მასთან ერთად მივიდნენ. პ. ბ-მ აღნიშნულ პირს ნარკოტიკული საშუალების შესაძენად საჭირო თანხა გადასცა, საიდანაც 100 ლარი თავისი წილი იყო. ნ. ყ-ნ ერთად დათქმულ ადგილზე მივიდა და ნარკოტიკული საშუალება აიღეს, რის შემდეგ თავის საცხოვრებელ ბინაში მივიდნენ. ნარკოტიკული საშუალების ნაწილი, რაც თავად ეკუთვნოდა აიღო, ხოლო ნ-მა თავისი წილიდან გარკვეული ნაწილი მის საცხოვრებელ ბინაში მყოფ მესამე პირს თავისი ინიციატივით გადასცა და წავიდა. დაახლოებით, ხუთი-ექვსი დღის შემდეგ, ნ. ყ. კვლავ დაუკავშირდა, განუცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალების შესაძენ თანხას ანგარიშზე დაურიცხავდა და დახმარებოდა. ნ-ს განუმარტა, რომ ბანკთან პრობლემები ჰქონდა და საბანკო ბარათით არ სარგებლობდა, რის გამოც, ნ-მა თანხა მეუღლის კუთვნილ, ტოტალიზატორ „კ-ს“ ანგარიშზე დაურიცხა. ანგარიშზე ჩარიცხული 600 ლარიდან, მხოლოდ 537 ლარის გამოტანა შეძლო, დაახლოებით, 70 ლარი კი თავად დაამატა, თან ნ-ს განუმარტა, რომ აღებულ ნაროტიკულ საშუალებაში ორივეს თავ-თავიანთი წილი ექნებოდათ. ნარკოტიკული საშუალების აღების შემდეგ თავის საცხოვრებელ ბინაში მივიდნენ. იქ ნარკოტიკული საშუალებიდან თავისი წილი აიღო და მოიხმარა.

14. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან თანხვდენილი, რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და მოცემულ შემთხვევაში, არც დაცვის მხარეს მიუთითებია რაიმე ისეთი სახის არგუმენტსა თუ მტკიცებულებაზე, რომელიც მისი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას დააკმაყოფილებდა.

15. საკასაციო სასამართლო პ. ბ-ს სასჯელთან მიმართებით, მიუთითებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდება ის პირი, რომელმაც, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა), გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა. შესაბამისად, ამ ნაწილში პ. ბ-ე მისთვის დანიშნული სასჯელისგან (თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, ორ ეპიზოდად), უნდა გათავისუფლდეს. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილს, რომელიც აგრეთვე ორ ეპიზოდად აქვს ჩადენილი პ. ბ-ს, რომლის საფუძველზეც, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მისჯილი აქვს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, – მასზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი ვერ გავრცელდება, რადგან აღნიშნულს თავად მოცემული კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი იმპერატიულად გამორიცხავს.

16. როგორც აღინიშნა, პ. ბ-ს განაჩენთა ერთობლიობით (საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილებით) აქვს დანიშნული სასჯელი, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 ივლისის განაჩენით, მას მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა (ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით). ზემოხსენებული ამნისტიის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით, ერთი მეექვსედით შეუმცირდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული მუხლის მოქმედება გავრცელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 ივლისის განაჩენით დანიშნულ სასჯელზეც და იგი 1/6-ით შემცირდა. საბოლოოდ კი, ხსნებული ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელი უნდა შთანთქას ამ განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა, 11 წლით თავისუფლების აღკვეთამ.

17. ამდენად, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი პ. ბ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის განაჩენი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონზე დაყრდნობით, მსჯავრდებულ პ. ბ-ის სასჯელის ნაწილში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მის სასიკეთოდ უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ პ. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის ადვოკატ მ. წ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. პ. ბ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2022 წლის 22 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან იგი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს;

4. პ. ბ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2022 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან იგი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს;

5. პ. ბ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 22 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით.

6. პ. ბ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით.

7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანქთას მეორე და საბოლოოდ, პ. ბ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, მიესაჯოს – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით.

8. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განსაზღვრული 4 წელი პირობითი მსჯავრი გაუქმდეს, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით.

9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 ივლისის განაჩენით პ. ბ-ს მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, პ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, რომელიც აეთვალოს დაკავებიდან – 2022 წლის 31 ოქტომბრიდან.

10. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, პ. ბ-ს 5 წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; ხოლო 20 წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

11. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

ნ. ყ-ს მიერ წარდგენილი, პ. ბ-სგან 2022 წლის 22 ოქტომბერს შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, ნ. ყ-ს მიერ წარდგენილი, პ. ბ-სგან 2022 წლის 26 ოქტომბერს შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, პ. ბ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ორი ერთჯერადი მოხმარების შპრიცი, – განადგურდეს;

პ. ბ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მოყავისფრო ტყავის საფულე მასში მოთავსებული ნივთებით: ერთი ხუთლარიანი კუპიურა, ერთი ათთეთრიანი მონეტა, ერთი კანადური თანხის მონეტა, ერთი უცხოური ვალუტის მოვერცხლისფრო მონეტა ნომინაციით – „1“, პირადობის ელექტრონული მოწმობა გაცემული პ. ბ-ის სახელზე, ლ. ბანკის პლასტიკური ბარათი, მეტრომანის პლასტიკური ბარათი, კ-ს პლასტიკური ბარათი, ცნობა მეთადონის პროგრამაზე რეგისტრაციის შესახებ, ბილაინის სიმბარათის ჩარჩო, ერთი გასაღები, სიგმა-ჯის ბარათი, ექვსი გულსაბნევი, პაკეტში მოთავსებული ექვსი ნივთი, ფურცლის ნაწილები წარწერებით, პ. ბ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, – დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

ნ. ყ-სგან ამოღებული თანხის გადარიცხვის ქვითარი, 2022 წლის 22 ოქტომბრის, პ. ბ-სა და ნ. ყ-ს შეხვედრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები ერთ DVD-R დისკზე, 2022 წლის 26 ოქტომბრის, პ. ბ-სა და ნ. ყ-ს შეხვედრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები ერთ DVD-R დისკზე, პ. ბ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ამსახველი აუდიო-ვიდეო ფაილი, ერთ DVD-R დისკზე, სასამართლოდან გამოთხოვილი 2022 წლის 1 ნოემბრის აღკვეთის ღონისძიების აუდიო და ვიდეოჩანაწერი, სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი ფარული აუდიოჩანაწერები, – შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

12. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი