Facebook Twitter

საქმე # 080100122006396813

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №774აპ-24 ქ. თბილისი

დ-ე ვ. , 774აპ-24 10 დეკემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. დ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის განაჩენით:

1.1. ვ. დ-ე, - დაბადებული ... წლის ... ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 20 სექტემბრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. დ-მ ჩაიდინა ქურდობა, ეს იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2022 წლის 13-18 სექტემბრის დროის მონაკვეთში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ვ. დ-მ უკანონოდ შეაღწია მ. მ-ს ბინაში, მდებარე ქ-ი, დ-ს გამზ. N...-ში, საიდანაც ფარულად დაეუფლა ოქროს სამკაულებს, საათებს და სხვა ნივთებს. დაზარალებულს მიადგა 24810 ლარის ქონებრივი ზიანი.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მაისის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. ვ. დ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 20 სექტემბრიდან

4. კასატორმა - მსჯავრდებულმა ვ. დ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მაისის განაჩენის გაუქმება და გამართლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით: დაზარალებულ მ. მ-სა და მოწმეების - პ. ხ. , გ. კ-ს, გ. დ-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ნივთის ამოცნობის ოქმებით, დაკავების ოქმი, დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, გამოძიების აღრიცხვის ბარათით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით) უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ. დ-მ ნამდვილად ჩაიდინა მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედება, რისი გათვალისწინებითაც, მისი მსჯავრდება წარდგენილი კვალიფიკაციით - კანონიერია.

3. ამასთან, ვინაიდან ვ. დ-მ მსჯავრად შერაცხული დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, მის მიმართ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.

4. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, ვ. დ-ს სასჯელი დაენიშნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რაზეც წინაპირობების (განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არქონა და დაზარალებულის თანხმობა) არსებობისას, ვრცელდება ზემოხსენებული ამნისტიის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ მსჯავრდებულს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის არ დანიშვნია სასჯელი, კერძოდ: მისთვის მსჯავრად შერაცხული კვალიფიკაცია მოიაზრებს ქურდობის ჩადენას ბინაში უკანონო შეღწევით (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით), რაზეც ამნისტიის კანონის პირველი-მე-3 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება. შესაბამისად, კანონმდებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, დაზარალებულის თანხმობის არსებობა/არარსებობის მიუხედევად, ვ. დ-ს მიმართ დანიშნული ერთიანი სასჯელის მხედველობაში მიღებით, არ არსებობს ამნისტიის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის გავრცელების საფუძველი. თუმცა საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახეზეა ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წინაპირობა, კერძოდ:

6. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

7. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ვ. დ-ის მიმართ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის მოქმედება და მას ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი, ვინაიდან მასზე არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და ამასთან, არ ჩაუდენია დანაშაული, რომელიც მითითებულია ამ კანონის მე-7 მუხლში.

8. შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ ვ. დ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და მას მოსახდელად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ვ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ვ. დ-ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯოს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ ვ. დ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. ვ. დ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

6. ვ. დ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 20 სექტემბრიდან;

7. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები:

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის ნიმუშები, ორი ცალი გულანა, ერთი ცალი ბოქლომი, ანაწმენდები, ხელის კვლები, ვ. დ-ის სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული გულანა, გასაღები, მეტალის ხელსაწყოები (ე.წ. ატმეჩკები), ვ. დ-ის სუნისა და ნერწყვის ნიმუშები, ვ. ბ-ს სუნისა და ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს;

· ვ. დ-ის სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული 3 ცალი საათი, მონეტები, ბლოკნოტი, დანა, ორი ცალი სიგარეტის კოლოფი დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;

· DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილია ვ. დ-ის სახლის ჩხრეკის მიმდინარეობა, CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი