Facebook Twitter

საქმე # 330100123008093517

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №842აპ-24 ქ. თბილისი

ბ. ა. , 842აპ-24 10 დეკემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენით:

1.1. ა. ბ. , - დაბადებული ... წლის ... თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან და ჯარიმა - 5910 ლარიდან სასჯელის ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 3000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 3000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 24 სექტემბრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ბ-მა ჩაიდინა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2023 წლის 24 სექტემბერს, დაახლოებით 01:30 საათზე, ქ. თ-ი, ა–ს ქუჩის №...-ში, ა. ბ. , ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ქონების განადგურებით დაემუქრა დას - ი. ბ-სა და დედას - ა. ბ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ სახლს გადაწვავდა. ა. ბ-ს მუქარა ი. ბ-მა და ა. ბ-მა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ ქონების განადგურების მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ ა. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ჩ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განაჩენის გაუქმება და ა. ბ-ს გამართლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, რაც შესაძლოა, დაირღვეს, როდესაც დაზარალებულს ემუქრებიან ძალადობრივი ქმედების ჩადენით და მუქარის ფორმა ადრესატს უქმნის მუქარის აღსრულების საფუძვლიან შიშს. ამასთან, მუქარა თავისი ფორმით, განხორციელების ვითარებითა და განმახორციელებელი სუბიექტის გათვალისწინებით ადრესატს უქმნის მუქარის აღსრულების რეალურობის განცდას.

3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულებმა - ა. ბ-მა და ი. ბ-მა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის - შვილისა და ძმის წინააღმდეგ.

4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ა. ბ-ს უდანაშაულობის თაობაზე და ითვალისწინებს, რომ „ოჯახური დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების საფუძველზე“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები №766აპ-19; 627აპ-19). მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულებმა - ა. ბ-მა და ი. ბ-მა ისარგებლეს საქართველოს სსკ-ის 49-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, თუმცა 2023 წლის 24 სექტემბრის მუქარის ფაქტის დასაბუთებულობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებაზე და საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა. ბ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

5. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი N97აპ-20).

6. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ზ. მ-ა და ი. კ-ს ჩვენებები არათუ არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, მათ მიერ თანმიმდევრულად და დეტალურად იხსნება შემთხვევის ადგილზე ნანახი ვითარება. გარდა იმისა, რომ ა. ბ. მათი თანდასწრებითაც ახმოვანებდა მუქარის ტექსტს, ისინი პირდაპირ მიუთითებენ დაზარალებულთა ემოციურ მდგომარეობაზე, რაც, მათივე გადმოცემით, იყო საკმაოდ მძიმე. დაზარალებულები ნერვიულობისგან ვერ საუბრობდნენ, ერთ-ერთ მათგანს გულიც წაუვიდა და დასჭირდა სამედიცინო დახმარება, მათ ეშინოდათ იმდენად, რომ სთხოვდნენ პატრულის თანამშრომლებს, სახლისგან მოშორებით გაეჩერებინათ მანქანა, ისინი არ მიჰყვებოდნენ მათ ა. ბ-ს ადგილსამყოფელთან, აცხადებდნენ, რომ ეშინოდათ, რადგან პოლიციის გამოძახების გამო, შესაძლოა, დაეხოცა ისინი. სწორედ დაზარალებულთა ემოციებისა და განცდილი შიშის ნაწილში პატრულ-ინსპექტორთა ჩვენებები პირდაპირი შინაარსის მტკიცებულებებია, რომლებიც ვერ იქნა გაქარწყლებული დაცვის მხარის არადამაჯერებელი არგუმენტებით.

7. პატრულ-ინსპექტორთა ჩვენებებს თანმიმდევრულად მიჰყვება და ავსებს გამომძიებელ ბ. ნ-ის ჩვენება, რომლის მიხედვით, იგი ა. ბ-ს დაკავებისას გამოცხადდა მისამართზე, სადაც დახვდნენ ი. ბ. და ა. ბ-ი. დაზარალებულთა განმარტებით, ა. ბ. მათ დაემუქრა ქონების განადგურებით. საცხოვრებელ სახლში დაზიანებული იყო სხვადასხვა საოჯახო ნივთი, თეფშები იყო დამტვრეული და კარადა გადაბრუნებული, რის გამოც დაზარალებულ ი. ბ-ს მონაწილეობით, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. შედეგად ამოღებულ იქნა თეფშების ნატეხები. მოწმის ჩვენებით, მან გამოკითხა ი. ბ. და ა. ბ-ი. ი. ბ-ს ჩვენებით, 24 სექტემბერს დაუკავშირდა მისი ძმა - ა. ბ. , რომელმაც სთხოვა გადასულიყო და გადაეტანა ფულადი თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწვავდა მათ საცხოვრებელ სახლს, რის გამოც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში და გამოიძახეს პოლიცია. მისი მისვლისას დაზარალებულები იყვნენ აღელვებული, განერვიულებული და ნამტირალევი, ვინაიდან ეშინოდათ, რომ ა. ბ. მუქარას აღასრულებდა.

8. მომხდარი დანაშაულის ლოგიკური ჯაჭვის შეკვრაში მნიშვნელოვანი როლი აქვთ საქმეზე წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს, კერძოდ, №... და №... შემაკავებელ ორდერებსა და მათ ოქმებს, რომლებშიც აღნიშნულია, რომ ა. ბ-მა ფსიქოლოგიურად იძალადა ი. ბ-ზე და განახორციელა ქონების მოსპობის მუქარა. თავის მხრივ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი იმეორებს საქმეზე დაკითხულ პატრულ-ინსპექტორებისა და გამომძიებლის ნაამბობს ქ. თ-ი, ა–ს ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში არეულობის შესახებ. მასში მითითებულია, რომ 2023 წლის 24 სექტემბერს, გამომძიებელმა ბ. ნ-მა, მოწმე ი. ბ-ს მონაწილეობით, დაათვალიერა ქ. თ-ი, ა-ს ქუჩის №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. საცხოვრებელი სახლის სამზარეულო ოთახში შეინიშნებოდა არეულობა, კერძოდ: იატაკისა და მაგიდის ზედაპირზე მიმოფანტული იყო ჭურჭლის ნამსხვრევები, რომელიც შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის №20 ლუქით.

9. სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“ შესული შეტყობინების აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქალბატონი ესაუბრება ოპერატორს და ითხოვს საპატრულო პოლიციის სწრაფად (ჩქარა) მისვლას. კარნახობს მისამართს (ქ. , ა–ს ქუჩა №--). ოპერატორს ეუბნება თავის ვინაობას და უმარტავს, რომ ძმის - ა. ბ-ს მხრიდან დედამისის და მის მიმართ ადგილი აქვს ბინის დაწვის მუქარას.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულების მიერ განცდილი შიშის დადგენა შეუძლებელია თავად დაზარალებულების სასამართლო ჩვენებით (სუბიექტური ტესტი), ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები განსახილველი დანაშაულის ამ სავალდებულო ნიშნის ფაქტობრივად (ობიექტური ტესტი) დასადასტურებლად, კერძოდ, საქმეზე დაკითხული პატრულ-ინსპექტორები და გამომძიებელი პირდაპირ მიუთითებენ დაზარალებულთა შეშინებულ მდგომარეობაზე, იგივე იკვეთება სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112-ში“ განხორციელებული შეტყობინების ჩანაწერში, სადაც ი. ბ. ითხოვს სამართალდამცველთა მისვლას სწრაფად.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და ასევე, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა ა. ბ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული და განსაზღვრული აქვს სამართლიანი სასჯელი.

12. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

13. საქმის მასალების თანახმად, მსჯავრდებული ა. ბ. ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით.

14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირზე ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ იგი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

15. შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით, რაც შეადგენს 1 წელსა და 3 თვეს.

16. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასამართლო იღებს პირის მიერ მის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემაზე თანხმობის მიცემის შემთხვევაში; სასამართლოს პენიტენციურ დაწესებულებაში/პრობაციის რეჟიმში მყოფი ან არასაპატიმრო სასჯელით მსჯავრდებული პირის პირად საქმეს ამ კანონის ამოქმედებიდან 3 კვირის ვადაში უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება/საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით სასამართლოს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის პირად საქმესთან ერთად უგზავნის მსჯავრდებულის წერილობით თანხმობას მის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემაზე თანხმობის მიცემის თაობაზე; მსჯავრდებულზე ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაში (განაჩენში/განჩინებაში) აღნიშნული უნდა იყოს დამცავი ორდერის გამოცემისა და ამ ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგები. მოსამართლე, მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად, გამოსცემს დამცავ ორდერს ამ კანონით განსაზღვრული ვადით.

17. საქმეში წარმოდგენილია მსჯავრდებულ ა. ბ-ს განცხადება, რომ იგი თანახმაა, მის მიმართ გამოიცეს დამცავი ორდერი.

18. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

19. ამდენად, მსჯავრდებულ ა. ბ-ს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 2 წელსა და 6 თვეს.

20. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ პროპორციულად უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან და ჯარიმა - 5910 ლარიდან, სასჯელის ნაწილი - 10 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 3000 ლარი. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ბ-ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 3000 ლარი. ასევე მსჯავრდებულ ა. ბ-ს მიმართ უნდა გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რა ვადითაც შეუმცირდა სასჯელი, ანუ 3 თვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ა. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ა. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

4. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ა. ბ-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 (ერთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ პროპორციულად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან სასჯელის ნაწილი - 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარი. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 1 (ერთი) თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარი;

6. „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების საფუძველზე, მსჯავრდებულ ა. ბ-ს მიმართ გამოიცეს დამცავი ორდერი 3 (სამი) თვით, შემდეგი პირობებით:

7. ა. ბ-ს (დაბადებული ... წლის ... თებერვალს, პ/ნ ... , მცხოვრები ქ. თ-ი, ა-ს ქუჩის №...-ში) აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება, რომელშიც ცხოვრობენ ი. ბ. (დაბადებული ... წლის ... მარტს, პ/ნ ... , მცხოვრები ქ. თ-ი, ა-ს ქუჩის №...-ში) და ა. ბ-ი (დაბადებული ... წლის ... ოქტომბერს, პ/ნ ... , მცხოვრები ქ. თ-ი, ა-ს ქუჩის №...-ში);

8. ა. ბ-ს აეკრძალოს ი. ბ-სა და ა. ბ-თან, მათ სამსახურებსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ისინი იმყოფებიან;

9. ა. ბ-ს აეკრძალოს ი. ბ-სა და ა. ბ-თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

10. ა. ბ-ს აეკრძალოს თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა;

11. ა. ბ-ს აეკრძალოს იარაღით სარგებლობა;

12. დამცავი ორდერის პირობების დარღვევა გამოიწვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას;

13. დამცავი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე და მოქმედების ვადა აეთვალოს მსჯავრდებულ ა. ბ-ს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე;

14. ა. ბ-ს დაევალოს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა;

15. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი