საქმე # 200100123007148033
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №864აპ-24 ქ. თბილისი
ბ-ე ბ. 864აპ-24 10 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 ნოემბრის განაჩენით:
1.1. ბ. ბ-ე, - დაბადებული ... წლის ... მაისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ბ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 2 მარტიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ბ-მ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
· თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 დეკემბრის განაჩენით ბ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის განაჩენით ბ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით.
· ბ. ბ-მ, ნასამართლევი იყო რა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენისათვის, 2023 წლის 27 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე, უკანონოდ შეაღწია ა-ს რაიონის სოფელ ზ-ი მდებარე ა. ო-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ ავტოფარეხში, საიდანაც ცდილობდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა ა. ო-ს კუთვნილ ელექტროშედუღების აპარატს. მან სათავსოდან ქუჩაში გამოაგორა ელექტროშედუღების აპარატი და საკუთარ სამთვალა მოტოციკლზე აპირებდა მის მოთავსებას. ამ ვითარებაში იგი შენიშნა ა. ო-მ და ბ. ბ-ს არ მისცა ელექტროშედუღების აპარატის მოპარვის საშუალება. ქურდობით ა. ო-ს, შესაძლოა, მისდგომოდა 200 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
· 2023 წლის 27 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე ა-ს რაიონის სოფელ ზ-ი მდებარე ა. ო-ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ. ბ-მ ხელი რამდენჯერმე დაარტყა ა. ო-ს სხეულის სხვადასხვა არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ ბ. ბ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ბ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და ბ. ბ-ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით; სხვა ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ბ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბ. ბ-ის მხრიდან ა. ო-ს ცემის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ა. ო-სა და მოწმეების - ბ. ა-ს და გ. ქ-ს ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
3. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ბ. ბ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. საქმეზე წარმოდგენილია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა: დაზარალებულ ა. ო-სა და მოწმეების - ბ. ა-ს, გ. ქ-ს, ტ. ნ-სა და სხვათა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად უტყუარ და საკმარის ერთობლიობას, კერძოდ:
4. დაზარალებულმა ა. ო-მ და შემთხვევის საღამოს მისივე საცხოვრებელ სახლში მყოფმა პირებმა - ბ. ა-მ და გ. ქ-მ ერთმანეთის იდენტურად დაადასტურეს, რომ 2023 წლის 27 თებერვალს, ღამის საათებში, ა. ო-ს სახლში ქეიფისას ბ. ა-მ თქვა, რომ გარეთ ყოფნისას ხმაური შემოესმა. ჯერ ა. ო. გავიდა გარეთ, დაახლოებით ორ წუთში კი მას უკან გაჰყვნენ ბ. ა. და გ. ქ. ა. ო-მ გარეთ გასვლისას ნახა, რომ ეზოს ჭიშკარი იყო ღია, მის თანასოფლელ ბ. ბ-ს ეზოდან გარეთ გაეტანა შედუღების აპარატი და ედო გვერდით, რის გამოც მათ შორის მოხდა დაპირისპირება. თავდაპირველად ბ. ბ-მ დაარტყა, რის შედეგად ა. ო-მ ტკივილი იგრძნო, ძირს დაეცა და ხელი მოტოროლერს ჩამოარტყა. ასევე, სახლიდან ეზოში გამოსულმა ბ. ა-მ და გ. ქ-მ დაინახეს, რომ ბ. ბ-ე ურტყამდა ა. ო-ს, ხოლო მათ გვერდით იდო ელექტროშედუღების აპარატი.
5. დაზარალებულ ა. ო-ს, ასევე მოწმეებს - გ. ქ-სა და ბ. ა-ს საქმეზე სამართალწარმოების მიმდინარეობის არცერთ ეტაპზე არ მიუთითებიათ ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებზე, რაც მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა. მოწმეებმა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე, მათ შორის ქმედების ჩადენის თარიღსა და დროზე, ადგილზე, შემთხვევის ადგილზე მათ თვალწინ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს სრულყოფილად და ურთიერთთანხვედრილად. მოწმე გ. ქ-მ ერთმანეთისგან გამიჯნა ა. ო-ს სახლში ქეიფისა და მის (გ. ქ-ს) სახლში ბ. ბ-ის სტუმრობის ფაქტებიც და მიუთითა, რომ ბ. ბ-ე მამამისის სანახავად მათთან სახლში მივიდა 2023 წლის 27 თებერვლამდე ორი დღით ადრე.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულ ა. ო-ს, ასევე მოწმეების - გ. ქ-სა და ბ. ა-ს ჩვენებებს ამყარებს მათივე მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლებშიც მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის იდენტურადაა ასახული: დაზარალებულ ა. ო-ს საცხოვრებელი სახლის ეზოს რა ნაწილში მდებარეობს ავტოფარეხი, სად იყო მოთავსებული დაზარალებულის კუთვნილი ელექტრო შედუღების აპარატი, შემთხვევის ღამეს ავტოფარეხიდან რა ტერიტორიაზე ჰქონდა გადაადგილებული ხსენებული აპარატი ბ. ბ-ს და სად იძალადა მან ფიზიკურად ა. ო-ზე.
7. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ განვითარებულ მსჯელობას - თუ ვის კუთვნილებას წარმოადგენდა ა. ო-ს საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში მოთავსებული ელექტროშედუღების აპარატი, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, თავდაპირველად აღნიშნავს, რომ დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტაცია, თუ რატომ არის ნივთის მესაკუთრის დადგენა აქტუალური იმ პირობებში, თუკი ბ. ბ-ის პოზიციიდან გამომდინარე, იგი შემთხვევის ღამეს საერთოდ არ შესულა ა. ო-ს ეზოში, ავტოფარეხში და იქიდან ელექტრო შედუღების აპარატის დაუფლება არ უცდია. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ გამოძიების ეტაპზე დაცვის მხარემ ჯერ განავითარა ვერსია, თითქოსდა ბ. ბ-ს თანასოფლელმა ტ. ნ-ც მისცა კუთვნილი ელექტროშედუღების აპარატის სახლიდან წაღების უფლება, თუმცა როგორც გამოძიების, ასევე საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაიკითხა მოწმე ტ. ნ. , რომელმაც მიუთითა, რომ კუთვნილ ელექტროშედუღების აპარატს ინახავს სახლში და იგი არც ა. ო-სთვის და არც ბ. ბ-სთვის არ უთხოვებია.
8. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. ბ-ის ქმედებაში გამოკვეთილია მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ყველა სავალდებულო ნიშანი, რისი გათვალისწინებითაც, მისი მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - კანონიერია და განსაზღვრული აქვს სამართლიანი სასჯელი.
9. ამასთან, ვინაიდან ბ. ბ-მ მსჯავრად შერაცხული დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, მის მიმართ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.
10. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისულფების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
11. შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ ბ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით, რაც შეადგენს 5 წელს. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ბ. ბ-ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ბ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ბ. ბ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
· სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და შეეფარდოს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
· სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა (ორიათასი) 2000 ლარი.
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. ბ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2023 წლის 2 მარტიდან.
6. ნივთიერი მტკიცებულებები:
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ელექტროშედუღების აპარატი, რომელიც ინახება ა. ო-სთან, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდის ნიმუშები აღებული კარიდან და ელექტროშედუღების აპარატის სახელურიდან, რომელიც ინახება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, განადგურდეს.
7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი