Facebook Twitter

საქმე # 330100122005790336

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №865აპ-24 ქ. თბილისი

ბ-ი გ. , 865აპ-24 28 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძისა და მსჯავრდებულ გ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ბ-ს, - დაბადებულს ... წლის ... აპრილს, - ბრალად ედება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა; გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ადევნება, ესეიგი პირადად პირის უკანონო თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული და სხვა საშუალებით, ასევე სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 1 ოქტომბრიდან 2022 წლის 2 აპრილის ჩათვლით პერიოდში გ. ბ-ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ როგორც ქალი, მიაჩნდა უუფლებოდ და მის საკუთრებად, სისტემატურად მიდიოდა ქ. თ-ში, ა-ს ქუჩის №...-ში მდებარე მაღაზია „ს-ნ“ და ქ. თ-ში, დ. დ-ი, ს. მ-ს ქუჩის №...-ში მდებარე მ. ბ-ს საცხოვრებელ სახლთან, უთვალთვალებდა ამ უკანასკნელს, ხვდებოდა ზემოაღნიშნულ ადგილებზე, დაჰყვებოდა გადაადგილებისას და ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას ტელეფონისა და სოციალური ქსელის საშუალებით, უკონტროლებდა გადაადგილებას, პირად ურთიერთობებს, ჩაცმის სტილსა და გარეგნობას. აღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია მ. ბ-ს ფსიქიკური ტანჯვა, რამაც აიძულა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი, კერძოდ, სამსახურიდან გამოსვლამდე წინასწარ ათვალიერებს გამოსასვლელს, სპეციალურად რამდენიმე საათით გვიან ასრულებს სამსახურს და ტრანსპორტს სხვა ადგილზე ხვდება.

· 2015 წლის 3 ივნისს და 2015 წლის 3 ივლისს, ქ. თ-ში, დ. დ-ში, მ-ს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, 2015 წლის 14 აგვისტოს, ქ. თ-ში, დ. დ-ში, გ. ბ-ს ქუჩის №...-ში, ბინა №...-ში ყოფნისას და 2016 წლის 3 მაისს, ქ. თ-ში, დ. დ-ში, ს. მ-ს ქუჩის №... , ბინა №...-ში ყოფნისას გ. ბ-მა, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ მ. ბ-ე მიაჩნდა მის საკუთრებად და როგორც ქალს, აღიქვამდა უუფლებოდ, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე უკანონოდ გადაიღო მისი და მ. ბ-ის სექსუალური აქტის ამსახველი ფოტოები, რომელიც შემდგომში უკანონოდ შეინახა კუთვნილ მობილურ ტელეფონსა და პორტატულ კომპიუტერში.

· 2018 წლის 18 აგვისტოს, 2018 წლის 20 დეკემბერსა და 2019 წლის 18 მაისს, ქ. თ-ში, დ. დ-ში, მ-ს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას გ. ბ-მა, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ მ. ბ-ე მიაჩნდა მის საკუთრებად და როგორც ქალს, აღიქვამდა უუფლებოდ, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე უკანონოდ გადაიღო მისი და მ. ბ-ს სექსუალური აქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რომელიც შემდგომში უკანონოდ შეინახა კუთვნილ მობილურ ტელეფონსა და პორტატულ კომპიუტერში.

· 2022 წლის 2 თებერვალს, ქ. თ-ში, დ. დ-ში, გ. ბ-ს ქუჩა №...-ში, ბინა №...-ში ჩატარდა გ. ბ-ის ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ამ უკანასკნელის კუთვნილი „HP“-ის ფირმის პორტატული კომპიუტერი, რომელშიც უკანონოდ იყო შენახული, მის მიერვე უკანონოდ მოპოვებული მისი და მ. ბ-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 თებერვლის განაჩენით:

2.1. გ. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. გ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2.3. გაუქმდა გ. ბ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 13 აპრილის განჩინებით გ. ბ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს თანხის - 10000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით გ. ბ-ს (პირადი №...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თ-ში, გ-ს ქუჩა №... , ბინა №... -ში (საკადასტრო კოდით ... ) თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით დადებული ყადაღა უნდა მოიხსნას მოიხსნას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ბ-მა ჩაიდინა ადევნება, ესეიგი პირადად პირის უკანონო თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული და სხვა საშუალებით, ასევე სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. 2021 წლის 1 ოქტომბრიდან 2022 წლის 2 აპრილის ჩათვლით პერიოდში, გ. ბ-ი სისტემატურად მიდიოდა ქ. თ-ში, ა-ს ქუჩის №...-ში მდებარე მაღაზია „ს-თან“ და ქ. თ-ში, დ. დ-ში, ს. მ-ს ქუჩის №...-ში მდებარე მ. ბ-ს საცხოვრებელ სახლთან, უთვალთვალებდა ამ უკანასკნელს, ხვდებოდა ზემოაღნიშნულ ადგილებზე დაჰყვებოდა გადაადგილებისას და ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას ტელეფონისა და სოციალური ქსელის საშუალებით. აღნიშნულმა ქმედებებმა მ. ბ-ს ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, რამაც აიძულა, მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი, კერძოდ, სამსახურიდან გამოსვლამდე წინასწარ ათვალიერებს გამოსასვლელს, სპეციალურად რამდენიმე საათით გვიან ასრულებს სამსახურს და ტრანსპორტს სხვა ადგილზე ხვდება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის განაჩენით:

4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორმა - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: გ. ბ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5.1. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ა-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. ბ-ს გამართლება ასევე საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო დანარჩენ ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვება.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

7. საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გ. ბ-ს ბრალდების ეპიზოდი:

7.1. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის ეპიზოდთან მიმართებით და უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში პროკურორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გ. ბ-ის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტს, კერძოდ:

7.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით, კომპიუტერული ექსპერტიზის შედეგად “HP” ფირმის პორტატული კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაციის ამსახველი დისკის - გახსნისა და დათვალიერების შესახებ ოქმით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ექსპერტიზის №... დასკვნით, დაზარალებულ მ. ბ-ის ჩვენებით დადასტურდა, რომ გ. ბ-საგან ამოღებულ კომპიუტერში მართლაც შენახულია მ. ბ-ის შიშველი სხეულისა და ასევე, გ. ბ-სა და მ. ბ-ს ინტიმური ურთიერთობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. საგულისხმოა, რომ აღნიშნულს სადავოდ არ ხდის დაცვის მხარეც. თუმცა, დაზარალებულის ჩვენების საპირისპიროდ, გ. ბ-ი განმარტავს, რომ მ. ბ-სათვის ცნობილი იყო მათი სექსუალური აქტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის გადაღების ფაქტი და აღნიშნული ხდებოდა თავად მ. ბ-ს ინიციატივითა და მოთხოვნით. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, იკვეთება შემდეგი მოცემულობა - ერთი მხრივ, დაზარალებულმა მ. ბ-მ კატეგორიულად უარყო, რომ მასსა და გ. ბ-ს შორის შემდგარი სექსუალური აქტების ფოტო-ვიდეო გადაღება მოხდა მისი თანხმობით, ხოლო მეორე მხრივ, გ. ბ-მა განმარტა, რომ აღნიშნული ცნობილი იყო მ. ბ-სათვის და უფრო მეტიც, იღებდა თავად მ. ბ-ს ინიციატივითა და მოთხოვნით.

7.3. საქმის მასალების თანახმად, ბრალდება გ. ბ-ს ედავება მ. ბ-ს წინასწარი თანხმობის გარეშე 2015 წლის 3 ივნისის, 2015 წლის 3 ივლისის, 2015 წლის 14 აგვისტოს, 2016 წლის 3 მაისის სექსუალური აქტის ამსახველი ფოტოებისა და 2018 წლის 18 აგვისტოს, 2018 წლის 20 დეკემბრისა და 2019 წლის 18 მაისის სექსუალური აქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვებას და შემდგომში შენახვას. თუმცა, როგორც დაზარალებულ მ. ბ-ს ჩვენებით დასტურდება, იგი მსჯავრდებულს დაშორდა 2021 წლის აგვისტოში და აღნიშნულ პერიოდამდე მათ შორის ურთიერთობა იყო ნებაყოფლობითი. ამასთან იმ ფაქტს, რომ ფოტო-ვიდეო მასალის გადაღების პერიოდში, მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის ურთიერთობა იყო ნორმალური, ადასტურებს ის გარემობაც, რომ მათ ჰქონდათ ერთობლივი ბიზნესი. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, ასევე ყურადღებას ამხვილებს უდავოდ ცნობილ ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნასა და ვიდეოჩანაწერების შინაარსზე და აღნიშნავს, რომ ნაკლებად სარწმუნოა, რომ გ. ბ-სა და მ. ბ-ს შორის შემდგარი სექსუალური აქტის ფოტო და ვიდეოგადაღება მომხდარიყო მ. ბ-ს ნებართვის გარეშე.

7.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

7.5. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მოცემულ ეპიზოდში საქმეზე არ არის წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

8. გ. ბ-ს მსჯავრდების ეპიზოდი (საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება):

8.1. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე განაჩენში წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გ. ბ-სათვის სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხული ბრალის დასადასტურებლად.

8.2. დაზარალებულ მ. ბ-ს ჩვენებით, 2021 წლის აგვისტოში დაშორდა გ. ბ-ს, თუმცა იგი არ ანებებდა თავს, კერძოდ, სისტემატურად უთვალთვალებდა. აღნიშნულის გამო ვერ გადაადგილდებოდა თავისუფლად და ცდილობდა, სამსახურში მარტო არასდროს ყოფილიყო; ასევე იძულებული იყო, მსჯავრდებულისათვის თავის არიდების მიზნით, შეეცვალა სამუშაო საათები (დაესრულებინა დაახლოებით ნახევარი საათი ადრე ან გვიან). გარდა ამისა, როგორც საკუთარი ტელეფონის ნომრის, ასევე მეგობრის მობილური ნომრიდან და სხვადასხვა საკომუნიკაციო აპლიკაციების მეშვეობით, გ. ბ-ი უგზავნიდა მას შეტყობინებებს, რის გამოც იძულებული გახდა ყველგან დაებლოკა იგი, რის შემდეგაც გ. ბ-მა მიწერა ელექტრონული მეილის მეშვეობით. გარდა ამისა, იმის მიმანიშნებლად, რომ იმყოფებოდა მ. ბ-ის სამუშაო ადგილას, გ. ბ-ი თავისი კუთვნილი კომპანიის ანგარიშზე თანხების ჩარიცხვის ელექტრონულ ქვითრებს, რომელთა დანიშნულებაში, გარდა სხვა გაურკვეველი სიტყვებისა, მითითებული იყო „გ. ბ-ი“ და „მ.“, „სმს“ შეტყობინების სახით უგზავნიდა მ. ბ-ს, რომლის გახსნის შემდეგ ქვითარზე მითითებული კოდის მეშვეობით დგინდებოდა, რომ თანხა ირიცხებოდა „ს-ს“ წინ განთავსებული „ს-ს ბ-ს“ სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით. დაზარალებულის განმარტებით, გ. ბ-ის თითოეული ქმედება ფსიქოლოგიურად თრგუნავდა და აშინებდა, მით უფრო, წარსულში მისი მხრიდან ფიზიკური ძალადობის გამო, არ იცოდა, რას მოიმოქმედებდა კიდევ გ. ბ-ი, რის გამოც აწუხებდა სუიციდური ფიქრებიც კი, ეშინოდა მარტო დარჩენის და ძირითად დროს სამსახურში ატარებდა.

8.3. დაზარალებულ მ. ბ-ს ჩვენება შეესაბამება 2022 წლის 2 თებერვლის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმთს, რა დროსაც დათვალიერდა ქ. თ-ში, დ. დ-ში, ე.წ. ბ-ს დასახლებაში, ს. მ-ის ქუჩა, სადაც №... კორპუსის გარე ქუჩის მე-... კედელზე საღებავით წარწერილია: „მ-ს მიყვარხარ! პკნ“. ასევე №... კორპუსის გარე კედელზე არის წარწერა შავი ფერის საღებავით: „მ-ს მიყვარხარ პკნ“. ასევე, ამავე ქუჩაზე ამსვლელ გზაზე მარცხენა მხარეს №... მოყვითალო-მოთეთრო ფერის საცხოვრებელ კორპუსზე შავი ფერის საღებავით წარწერილია: „მ-ს მიყვარხარ ძალიან .“ ამავე კორპუსის ზედა მხარეს კორპუსის კედლის გაყოლებაზე არის მიშენებული კედელი, სადაც შავი ფერის საღებავით არის წარწერა: „მ-ს მიყვარხარ“, „ცუნცულა მაპატიე პკნ“. აღნიშნული წარწერა გადაშლილია საღებავით, თუმცა გარკვევით ჩანს წარწერები. დაზარალებულმა მ. ბ-მ დაადასტურა, რომ კედელზე არსებული წარწერები არის სწორედ ის მოფერებითი სახელები და ინიციალები, რასაც იგი და გ. ბ-ი ეძახდნენ ერთმანეთს.

8.4. ის ფაქტი, რომ გ. ბ-ს მიერ ჩადენილი სისტემატიური თვალთვალითა და არასასურველი კომუნიკაციის დამყარებით დაზარალებული მ. ბ-ე განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას დადასტურებულია სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადგინდა, რომ მ. ბ-მ გ. ბ-ს მხრიდან ჩადენილი ქმედებების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

8.5. საგულისხმოა ასევე ის გარემოებაც, რომ დაზარალებულის სამუშაო ადგილას („მ-ში“) ხშირად ყოფნის ფაქტი დაადასტურა თავად მსჯავრდებულმა გ. ბ-მა. მითუმეტეს იმ პირობებში, რომ მ. ბ-სთან დაშორების შემდეგ გ. ბ-მა 2021 წლის შემოდგომაზე, საერთო ბიზნესის წილი მიჰყიდა მ. ბ-ს და მათ აღარ ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობა. რაც შეეხება მსჯავრდებულ გ. ბ-ს მეგობრის - მოწმე დ. ლ-ს ჩვენებას, რომლის თანახმად, 2021 წლის აგვისტოდან 2022 წლის აპრილამდე პერიოდში, გ. ბ-ი მასთან მიდიოდა სამსახურში, რომელიც მდებარეობს ,,მ-ში“, რა დროსაც გ. ბ-ი არასდროს შესულა ,,ს-ში“, აღნიშნული ჩვენება არ ეწინააღმდეგება დაზარალებულის ჩვენებას, რადგან მოწმე დ. ლ-ს ჩვენებით, გ. ბ-ი მასთან მიდიოდა სამუშაო საათებში - 9:00 საათიდან 19:00 საათამდე დროის პერიოდში, ხოლო მ. ბ-ე ჩვენებაში მიუთითებს მაღაზია ,,ს-ს“ სამუშაო საათების დასრულების დროისათვის თვალთვალსა და ადევნების ფაქტებზე.

9. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდების იმ ნაწილზე, რომლითაც ბრალდება გ. ბ-ს ედავება ადევნების ჩადენას - გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას ამ საკითხთან მიმართებით და მასზე დამატებით აღარ იმსჯელებს.

10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142); ამ შემთხვევაში საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. ბ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

12. გ. ბ-ს მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა:

12.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

12.2. საქმეზე არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ, ბ-სათვის საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი ვერ ჩაითვლება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან აშკარად შეუსაბამოდ, ვინაიდან სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად მიიღეს მხედველობაში მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ხასიათი, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და გ. ბ-ს განუსაზღვრეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

13. აქვე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მართალია, გ. ბ-მა მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაული „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადამდე - 2024 წლის 1 ივლისამდე - ჩაიდინა, ასევე ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მასზე ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი, თუმცა ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძისა და მსჯავრდებულ გ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი