Facebook Twitter

საქმე # 190100121005174018

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №922აპ-24 ქ. თბილისი

ჩ. გ, 922აპ-24 28 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ჩ-ს, - დაბადებულს … წლის … მარტს, - ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2020 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, გ-ს რაიონის სოფელ ბ-ში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, გ. ჩ. მართავდა ,,მერსედესის“ მარკის ავტომობილს, სახ.№... , მოძრაობის დროს ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, გასწრების დროს, თავის სამოძრაო ზოლში ჩადგომისას მოუცურდა ავტომობილი და შეეჯახა ბორდიურსა და იქვე ქვეითად მყოფ ს. ტ-ს, რომელიც მძიმე, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებებით გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა 2020 წლის 23 დეკემბერს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით:

2.1. გ. ჩ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

2.2. გ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი და 6 თვე. მასვე, 2 წლით ჩამოერთვა საქმიანობის (ა/მანქანის მართვის) უფლება.

2.3. გაუქმდა გ. ჩ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჩ-მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განაჩენით:

4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განაჩენის გაუქმება, გ. ჩ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოიკვლია მსჯავრდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის რელევანტური ყველა ფაქტობრივი ასპექტი; ფაქტებისა და გარემოებების შესწავლისას არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას.

3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა გ. ჩ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, კი ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ გ. ჩ-ს მიერ ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების დარღვევა მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - ს. ტ-ს გარდაცვალებასთან.

4. ბრალდების მხარე გ. ჩ-ს ედავება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც ითვალისწინებს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე მოიცავს ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას; მძიმე შედეგს - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას, ადამიანის სიცოცხლის მოსპობას და მიზეზობრივ კავშირს წესების დარღვევის ფაქტსა და დამდგარ შედეგს შორის. თუ მძღოლს არ დაურღვევია დადგენილი წესი, მოძრაობდა ნებადართული სიჩქარით და გზის ნებადართულ მონაკვეთზე, მაგრამ მძიმე შედეგი მაინც დადგა სხვა მიზეზის გამო და მძღოლმა ამის თავიდან აცილება ვერ შეძლო, მას ასეთი შედეგი არ შეერაცხება. ამასთან, სსკ-ის 276-ე მუხლი ბლანკეტური შინაარსის ნორმაა და ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევის დადგენისას სახელმძღვანელო ნორმატიულ აქტს წარმოადგენს საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“. განსახილველ შემთხვევაში, გ. ჩ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების თანახმად, მის მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოიხატა იმაში, რომ მან არ გაითვალისწინა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რაც მდგომარეობს შემდეგში: მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება.

5. განსახილველ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, 2020 წლის 20 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (დანართი სქემით და ფოტოსურათებით), საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №… და სატრანსპორტო-ავტოტექნიკური ექსპერტიზის №… დასკვნებით უტყუარად დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს და დაცვის მხარეც არ ხდის სადავოდ, რომ 2020 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, გ-ს რაიონის სოფელ ბ-ში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, გ. ჩ. მართავდა, ,,მერსედესის“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით … , მოძრაობის დროს ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, გასწრების დროს, თავის სამოძრაო ზოლში ჩადგომისას მოუცურდა ავტომობილი და შეეჯახა ბორდიულსა და იქვე ქვეითად მყოფ ს. ტ-ს, რომელიც მძიმე, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებებით, გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც 2020 წლის 23 დეკემბერს გარდაიცვალა. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა დაზარალებულ ს. ტ-ს გარდაცვალებასა და ავტოსაგზაო შემთხვევას შორის მიზეზობრივი კავშირი და შესაბამისად, ქმედების კვალიფიკაცია, გ. ჩ-ს მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს თუ ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

6. ამ მიმართებით, საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N… დასკვნაზე (რომლის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა. ბ-ა და დამატებით განმარტა, რომ ს. ტ-ს სიკვდილის მიზეზია პრონქოპლევმონია, თუმცა აღნიშნული არის თუ არა კავშირში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარ ტრავმასთან, ამ კვლევის ფარგლებში მიზეზშედეგობრიობა ვერ დადგინდა და საჭირო გახდა კომისიური ექსპერტიზის ჩატარება), რომლითაც ცალსახად დადასტურდა, რომ ს. ტ-ს სიკვდილის მიზეზია სუნთქვის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა განვითარებული ორმხრივი პრონქოპლევმონიის შედეგად. ექსპერტიზაზე წარდგენილი სტაციონალური მკურნალობის სამედიცინო დოკუმენტაციის და გვამის გამოკვლევით აღინიშნებოდა ტრავმული სისხლჩაქცევა თავის ტვინში, კომა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მარჯვენა ტაბუხის ფოსოს, საჯდომი ძვლის, თეძოს ფრთის, მარცხენა მეორე ნეკნის და ყვრიმალის ძვლის, მარჯვენა და მარცხენა ბარძაყის ძვლების მოტეხილობა, მრავლობითი ექსკორაციები და ჰემატომა მარჯვენა ბარძაყის მიდამოში, დაჟეჟილი ჭრილობა თავის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდგეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოხცლისათვის სახიფათო. ტრავმული დაზიანების სიკვდილის დადგომასთან მიზეზ-შედეგობრიობის დასადგენად საჭიროა ჩატარდეს კომისიური ექსპერტიზა საქმის მასალებზე, თუმცა კომისიური ექსპერტიზის დანიშვნის მიუხედავად, ბრალდების მხარეს სასამართლოში საქმის განხილვისას არ წარმოუდგენია კვლევის შედეგები, რომელიც დაადგენდა გ. ჩ-ს ქმედებასა და ს. ტ-ს გარდაცვალებას შორის მიზეზობრივ კავშირს. ასეთ ვითარებაში, შეუძლებელია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობაზე მსჯჯელობა, რის გამოც ს. ტ-ს სასიკვდილო შედეგი გ. ჩ-ს ბრალად ვერ შეერაცხება და მან პასუხი უნდა აგოს მხოლოდ იმ დაზიანებისათვის, რაც ს. ტ-ს მიადგა, მისი მხრიდან მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის შედეგად.

7. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N… დასკვნით ს. ტ-ს გარდაცვალებასა და ავტოსატრანსპორტო შემთხვევას შორის მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის კომისიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც უტყუარად დადგინდებოდა დაზიანებებსა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, ამასთან, სამედიცინო დასკვნით დგინდება, რომ ს. ტ-ს სიკვდილის მიზეზია სუნთქვის და გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა განვითარებული ორმხრივი პრონქოპლევმონიის შედეგად, სრულიად მართებულია გ. ჩ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 276 მუხლის მე-6 ნაწილიდან ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე გადაკვალიფიცირება, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

8. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, მე-2 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-5 ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დაზარალებული ფიზიკური პირი გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, იმავე პუნქტში აღნიშნულ პირზე ამნისტია გავრცელდება, თუკი ამაზე თანხმობას ამ კანონით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი), ხოლო თუ დაზარალებულ ფიზიკურ პირს ოჯახის ასეთი წევრი არ ჰყავს ან დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ასეთი წევრი ვერ იძებნება, აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე დაზარალებული ფიზიკური პირი გარდაცვლილია, ხოლო საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრის (დედა, მამა, მეუღლე, შვილი) თანხმობა.

10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

11. შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ჩ-ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და შეეფარდოს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად უნდა ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად უნდა დაუდგინდეს 3 წელი და 9 თვე.

12. გასაჩივრებული განაჩენით გ. ჩ-ს, 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რაც ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 1 წლითა და 8 თვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. გ. ჩ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

4. გ. ჩ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

5. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ჩ-ს დანიშნული სასჯელი - 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და მიესაჯოს 3 (სამი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი და 9 (ცხრა) თვე.

6. პირობითი მსჯავრის აღსრულებისას, მსჯავრდებულ გ. ჩ-ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

7. გ. ჩ-ს, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 2 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით.

8. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ. ჩ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.

9. ნივთიერი მტკიცებულებები:

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული პლასტმაისის დეტალი, ანაწმენდები, სისხლის ნიმუში, გ. ჩ-საგან აღებული სისხლის ნიმუში, გ. დ-ნ აღებული სისხლის ნიმუში განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

· ავტომანქანა, რომელიც გადაყვანილია ავტოსადგომზე, გ. ჩ-საგან ამოღებული ტანსაცმელი, ს. ტ-ს ტანსაცმელი (ინახება შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში) დაუბრუნდეს მფლობელს/მესაკუთრეს ანდა ოჯახის სრულწლოვან წევრებს, ხოლო ს. ტ-ს სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

10. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი