საქმე # 330100123007751280
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№1086აპ-24 28 ნოემბერი, 2024 წელი
ტ-ი თ. 1086აპ-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ბეგიაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ. ტ-ს ბრალად დაედო, რომ მან ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის, იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19.178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით);
1.1. თ. ტ-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 აპრილის განაჩენით, თ. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის განაჩენით თ. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განაჩენით თ. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განაჩენით თ. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის;
1.2. 2023 წლის 7 ივლისს, დაახლოებით, 16:00 საათიდან 17:00 საათამდე, თ-ი, გ-ს, მე-6 მ/რაიონის, №... კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო საკუთრებისთვის ოთხჯერ ნასამართლევმა თ. ტ-მა სცემა ტ. მ-ე, კერძოდ, რამდენჯერმე მუშტი დაარტყა სახის და ფეხი – წელის არეში, რა დროსაც სცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად, დაუფლებოდა მის კუთვნილ ფასეულ ნივთებს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 მარტის განაჩენით:
2.1. თ. ტ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19.178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
2.2. თ. ტ-ი, დაბადებული ... წლის ... სექტემბერს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან – 1 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ტ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 8 ივლისიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორი – პროკურორი მარიამ ბეგიაშვილი ითხოვს თ. ტ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილიდან საქართველოს სსკ-ის 19.178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირებას და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
5. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ პროკურორის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განაჩენში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, უნდა შევიდეს ცვლილება.
2. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ტ-მა ჩაიდინა არა – ტ. მ-ის ძარცვის მცდელობა (საქართველოს სსკ-ის 19.178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი), არამედ ცემა (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი).
3. საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ქმედების გადაკვალიფიცირების ნაწილში და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებით, მათ შორის – მოწმეების ნ. ჯ-სა და შ. მ-ს ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით, უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით, დასტურდება თ. ტ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, კერძოდ:
4. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულ ტ. მ-ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, იგი გადაადგილდებოდა ხელჯოხით, მარჯვენა თვალით ვერ ხედავდა, მარცხენა თვალით კი – ნაწილობრივ. 2023 წლის 7 ივლისს, აფთიაქში წამლების შესაძენად გავიდა. მივიდა სალაროსთან და უთხრა, თუ რა წამლები სურდა. ამ დროს აფთიაქში, დაახლოებით, 45-50 წლამდე მამაკაცი შევიდა. დაზარალებულმა შეიძინა წამლები, რომლებიც შარვლის მარცხენა ჯიბეში ჩაიდო და აფთიაქიდან გავიდა. ამის შემდეგ, ზემოხსენებული მამაკაცი უკან გაჰყვა, დაეწია, გაუყარა ხელი მარცხენა მკლავში და უთხრა, რომ სახლში წაიყვანდა, რაზეც უარი მიიღო. მამაკაცმა ხელი გაუშვა. შემდეგ კვლავ დაეწია, უკნიდან ხელი მოჰკიდა, შემოაბრუნა და კვლავ შესთავაზა სახლში წაყვანა. როდესაც დაზარალებული შებრუნდა, უცნობმა მამაკაცმა შეაგინა და ხელი ძლიერად დაარტყა სახეში მარცხენა მხარეს, დაახლოებით, ხუთჯერ, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. დარტყმის შედეგად წაიქცა და ბორდიურის გვერდით დაქანებულ ადგილზე ჩაგორდა. აღნიშნულმა მამაკაცმა წაქცეულს დაარტყა ფეხი წელის არეში, შემდეგ დაიხარა, ჩაუყო ხელი შარვლის მარცხენა ჯიბეში, ამოიღო წამლები, დახედა და იქვე დაყარა. ცემის დროს სახესა და ტანზე იფარებდა ხელებს, რა დროსაც ხელებზეც მოხვდა. დაიწყო ყვირილი, ჯოხი მოუქნია თავდამსხმელს და დაარტყა. ქუჩაში მოძრაობდნენ ადამიანები, რომლებიც მის ყვირილზე შეჩერდნენ. მამაკაცს შეეშინდა და გაიქცა. იმ მომენტში პერანგის ჯიბეში ედო 50 ლარი. ყვირილზე მივიდა მცხობელი, ფეხზე წამოაყენა, რის შემდეგაც წავიდა სახლში. სახლში მისვლისას, ყველაფერი შვილიშვილს, კ. მ-ეს მოუყვა, რომელმაც დარეკა ,,112-ის“ სამსახურში და მომხდარის შესახებ აცნობა. ცემის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, კერძოდ, სახეზე, თავსა და ორივე ხელის მტევნებზე.
5. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2023 წლის 7 ივლისს, დაზარალებულ ტ. მ-სთან ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. დაზარალებულმა მიუთითა ადგილზე, სადაც დაეწია აფთიაქიდან გამოყოლილი მამაკაცი. ხელი მოჰკიდა და შემოატრიალა. ამ დროს უცნობმა მამაკაცმა, რომელმაც მანამდე სახლში წაყვანა შესთავაზა, ამჯერად შეაგინა და სახეში მარცხენა მხარეს დაარტყა ხელი. ბორდიურთან დაქანებულ ადგილზე დაეცა. აღნიშნულმა მამაკაცმა ფეხი ჩაარტყა წელის არეში. დარტყმების შედეგად განიცადა ტკივილი. შემდეგ უცნობმა მამაკაცმა ხელი შარვლის მარცხენა ჯიბეში ჩაუყო და აფთიაქში ნაყიდი წამლები ამოაცალა, შეათვალიერა და უკან მიაყარა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს რაიმე ნივთი ან საგნები არ აღებულა.
6. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 11.07.2023 წელს პირადი შემოწმებისას, ტ. მ-ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (07.07.2023 წელი).
7. მოწმე ნ. ჯ-ა განაცხადა, რომ მუშაობს თ-ი, გ-ს მე-... მ/რაიონის ... კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხობში. 2023 წლის 7 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე სამსახურში იყო, რა დროსაც განწირული ხმა მოესმა. გავიდა გარეთ, თუმცა, პირველ გასვლაზე ვერავინ დაინახა. შემდეგ კვლავ გაიგონა ხმა, გავიდა საცხობიდან და ნახა, რომ ... კორპუსის გვერდით, ბუჩქებთან წაქცეული იყო ასაკოვანი მამაკაცი. მამაკაცს სისხლი მოსდიოდა, ძირს ეგდო ქუდი და აფთიაქის ბარათი. მამაკაცმა უთხრა, რომ აფთიაქიდან უკან გაჰყვა მამაკაცი, ზოლებიანი მაისურით, რომელმაც დაარტყა ხელი, ჯიბეში ხელი ჩაუყო და გაიქცა. მამაკაცი ააყენა და გამოიყვანა ტროტუარზე. ამ დროს ელოდებოდა მომხმარებელი და საცხობში წავიდა. მამაკაცი, ზოლებიანი მაისურით არ დაუნახავს.
8. მოწმე შ. მ-მ განაცხადა, რომ 2023 წლის 7 ივლისს, 16:00 საათიდან 17:00 საათამდე, მცირეწლოვან შვილებს ასეირნებდა. მან დაინახა ასაკოვანი მამაკაცი ხელჯოხით, რომელსაც ესაუბრებოდა შუახნის მამაკაცი. მამაკაცს ეხურა შავი კეპი და ეცვა მაისური შავი და ლურჯი ზოლებით. ახალგაზრდა მამაკაცმა რამდენჯერმე დაარტყა ასაკოვან კაცს, რომელიც გადავარდა ბუჩქებში. მამაკაცი ითხოვდა შველას. მოძალადე მამაკაცი გაჰყვა უკან და გააგრძელა ცემა. ფიზიკურად ვერ დაეხმარებოდა, ვინაიდან, ბავშვი ეჭირა ხელში. ამ დროს საცხობიდან გამოვარდა მამაკაცი, ქალბატონებიც მოგროვდნენ. დარბაზში მყოფი პირი არის სწორედ ის პიროვნება, რომელმაც სცემა ასაკოვან მამაკაცს. ამოცნობის დროს დანამდვილებით ამოიცნო ბრალდებული.
9. ამოცნობის ოქმის თანახმად, 2023 წლის 8 ივლისს, შ. მ-მ ამოიცნო თ. ტ-ი და განმარტა, რომ თ. ტ-ი არის ის პიროვნება, რომელმაც 2023 წლის 7 ივლისს, გ-ს მე-... მ/რაიონის ... კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სცემა ასაკოვანი მამაკაცს, რომელსაც დაარტყა სახეში რამდენჯერმე და შემდეგ ჩავარდა ეს პიროვნება კორპუსთან.
10. მოწმე კ. მ-მ განაცხადა, რომ არის დაზარალებულის შვილიშვილი. 2023 წლის 7 ივლისს, ბაბუას, ტ. მ-ს თავსა და ხელზე ჰქონდა სილურჯეები. იფიქრა, რომ დაეცა. ბაბუამ უთხრა, რომ აფთიაქიდან გაჰყვა უცნობი მამაკაცი, რომელმაც შესთავაზა სახლში წაყვანა, რაზედაც განუცხადა უარი. უცნობმა მამაკაცმა კვლავ შესთავაზა, სახლში წაყვანა. ბაბუამ გააგრძელა გზა, მამაკაცი დაეწია, შემოატრიალა და დაარტყა ხელი. ტ. მ-ე წაიქცა და დაგორდა ბუჩქების მხარეს. იქაც ჩაჰყვა, დაუწყო ფეხებით ცემა, ჩაუყო ჯიბეში ხელი და ამოაცალა წამლების შეკვრა, რომელიც ესროლა, დაიშალა და დაიფანტა; მოქალაქეებმა შეუგროვეს წამლები და მიიტანა სახლში. ტ. მ-ს თანხა ჯიბეში ედო. მოწმემ დარეკა „112“-ში, ჯიბეში ხელის ჩაყოფა და წამლების ამოღება დააკავშირა ძარცვასთან, რაც უთხრა ოპერატორს.
11. შპს „პ-ნ“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, კადრში ფიქსირდება ხანშიშესული, მოხუცებული მამაკაცი, ტ. მ-ე. იგი ნელი ნაბიჯით უახლოვდება „პ“-ს აფთიაქს, ჯოხის დახმარებით ადის აფთიაქის წინ არსებულ კიბეებზე და შედის აფთიაქის სივრცეში. შემდგომ, კადრში ჩნდება შუა ხნის მამაკაცი, რომელსაც აცვია ლურჯი ჯინსის შარვალი, თეთრი და ლურჯი ზოლებით გაწყობილი მოკლემკლავიანი მაისური, მუქი ფერის საზაფხულო ქუდი ე.წ. „კეპი“, მარცხენა მაჯაზე უკეთია მაჯის საათი, ხოლო ორივე მკლავის მტევანი მოხატული აქვს ტატუირებით. აღნიშნული პიროვნება არის თ. ტ-ი. აფთიაქიდან გამოდის ტ. მ-ე, რომელსაც მარჯვენა ხელში უკავია კვლავ ხელჯოხი და მასთან ერთად – ცელოფნის პარკი. იგი ჩადის აფთიაქის წინ არსებულ კიბის საფეხურებზე, რა დროსაც, აფთიაქის კარიდან გამოდის თ. ტ-ი, რომელიც სწრაფი ნაბიჯით ჩადის კიბეებზე, ეწევა ტ. მ-ს და ორივე ერთად გადიან კამერის ხედვის არიდან. მეორე კამერის ჩანაწერში, ჩანაწერის დროით 16:22:15 საათზე, აფთიაქის სივრციდან გამოდის ტ. მ-ე, რომელიც ნელი ნაბიჯითა და ხელჯოხის დახმარებით ჩადის აფთიაქის კიბეებიდან. მალევე, აფთიაქიდან გამოდის თ. ტ-ი, რომელიც უახლოვდება ტ. მ-ს მარჯვენა მხრიდან და მარჯვენა მკლავზე ჰკიდებს ხელს, რის შემდეგაც აყოვნებს ტ. მ-ს და ხელების დემონსტრირებით იწყებს მასთან საუბარს. 16:22:46 საათზე, თ. ტ-ი მარცხენა ხელს კვლავ ჰკიდებს ტ. მ-ს და მარჯვენა ხელის დემონსტრირებითა და საუბრით აგრძელებს მასთან ერთად გადაადგილებას ფეხით მოსიარულეთა ბილიკის გასწვრივ, ისე რომ, თ. ტ-ს ხელი მოკიდებული აქვს ტ. მ-ზე და ხელით მიჰყავს. 16:23:02 საათზე, ტ. მ-ე აშვებინებს თ. ტ-ს ხელს და ჩერდებიან იქვე საფეხმავლო ბილიკზე, სადაც თ. ტ-ი, კვლავ ხელების დემონსტრირებით იწყებს ტ. მ-სთან საუბარს, რის შემდეგაც 16:23:10 საათზე ტ. მ-ე აგრძელებს გზას ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე, რომელსაც უკნიდან ასევე ნელი ნაბიჯით მიჰყვება თ. ტ-ი. ორივე ერთად აგრძელებენ ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე გადაადგილებას შ. მ-ს ქუჩის საავტომობილო გზის მიმართულებით, რის შემდეგაც, ჩანაწერის დროით 16:24:00 საათზე, ქრებიან კამერიდან.
12. შემდეგ ჩანაწერში ფიქსირდება აფთიაქის შიდა სივრცე. 16:06:03 საათზე აფთიაქის სივრცეში შედის ტ. მ-ე, რომელიც მარცხენა მხრიდან რიგით მე-2 სალაროსთან, სადაც იწყებს მოლარესთან საუბარს. ჩანაწერის დროით 16:16:47 საათზე, კადრში შემოდის თ. ტ-ი, რომელიც პირდაპირ მიდის სალარო მაგიდის მიმართულებით და ჩერდება ტ. მ-ის მარცხენა მხარეს, რიგით პირველი სალაროს გვერდით, მენეჯერისა და საწყობის ოთახში შესასვლელ სივრცეში, რის შემდეგაც, 16:20:55 საათზე, იწყებს ტ. მ-სკენ მოძრაობას და ჩერდება მის მარცხნივ პირველი სალაროს პირდაპირ. ჩანაწერის დროით 16:21:45 საათზე, ტ. მ-ე იღებს ხელჯოხს, იწყებს გასასვლელი კარისკენ მოძრაობას და 16:22:17 საათზე გადის აფთიაქის სივრციდან. ჩანაწერის დროით 16:22:22 საათზე, თ. ტ-ც იწყებს გასასვლელი კარისკენ მოძრაობას და 16:22:33 საათზე, გადის აფთიაქის სივრციდან.
13. ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებსა და ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ, ... . ... წელს დაბადებულ თ. ტ-ს (პ/ნ ...) სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე ასახულ ფოტო გამოსახულებაზე, დაფიქსირებულია ერთი და იმავე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
14. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ერთი მხრივ, დეტალურად მიმოიხილა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (რასაც სრული მოცულობით საკასაციო პალატა აღარ გაიმეორებს), ხოლო, მეორე მხრივ, მათ შინაარსზე დაყრდნობით, შესაბამისი არგუმენტების მითითებით, მართებულად დაადგინა, რომ თ. ტ-ს ტ. მ-ის ძარცვის მცდელობა არ ჩაუდენია. მოწმეები, რომლებიც შემთხვევის ადგილის მიმდებარედ იმყოფებოდნენ, არ მიუთითებენ ქმედების ძარცვად დაკვალფიცირებისათვის აუცილებელ ელემენტებზე. მოწმე ნ. ჯ-ს მამაკაცი ზოლებიანი მაისურით არ დაუნახავს, ხოლო მოწმე შ. მ-მ მიუთითა და აღწერა მხოლოდ ცემის ფაქტი. თავად დაზარალებულის ჩვენება არის გამოქვეყნებული და შესაბამისად, უშუალოდ ძარცვის მცდელობის ნაწილში, მხოლოდ მის შინაარსზე დაყრდნობა, სხვა მტკიცებულებით გამყარების გარეშე, ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას, რომელშიც პირდაპირ მითითებულია, რომ არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული სახის მტკიცებულება დაედოს.
15. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის შინაარსზე დაყრდნობით, მიაჩნია, რომ ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და იგი უნდა დარჩეს ძალაში.
16. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელს, მასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდება ის პირი, რომელმაც საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
17. განსახილველ შემთხვევაში, დაცვის მხარემ წარმოადგინა კ. მ-ის განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ იგი აწ გარდაცვლილი დაზარალებულის, ტ. მ-ის შვილიშვილია და როგორც მისი უახლოესი ნათესავი, თანხმობას აცხადებს თ. ტ-ის მიმართ ,,ამნისტიის კანონის“ გამოყენების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული ,,ამნისტიის კანონის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დაზარალებული ფიზიკური პირი გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, იმავე პუნქტში აღნიშნულ პირზე ამნისტია გავრცელდება, თუკი ამაზე თანხმობას ამ კანონით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი), ხოლო თუ დაზარალებულ ფიზიკურ პირს ოჯახის ასეთი წევრი არ ჰყავს ან დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ასეთი წევრი ვერ იძებნება, აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება. ამდენად, მოცემული კანონი პირდაპირ, ამომწურავი ფორმით ჩამოთვლის თუ ვის გულისხმობს იმ პირთა წრეში, დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში, თანხმობის გაცხადება შეუძლიათ. მოცემული ჩამონათვალის შინაარსი არ იძლევა მასში აგრეთვე სხვა პირის მოაზრებს შესაძლებლობას. დამატებით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ დაცვის მხარე ამ შემთხვევაში, არ ასაბუთებს არც იმ ფაქტს, რომ დაზარალებულ ფიზიკურ პირს ოჯახის ასეთი (ესე იგი კანონში უშუალოდ მოხსენიებული) წევრი არ ჰყავს ან, რომ დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ასეთი წევრი ვერ იძებნება.
19. აღსანიშნავია, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით შეუმცირდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. განსახილველ შემთხვევაში, შესაბამისი თანხმობის კანონით დადგენილი წესით წარმოუდგენლობის პირობებში, თ. ტ-ის მიმართ უნდა გავრცელდეს მოცემული მუხლით დადგენილი შეღავათი. შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობების არსებობის გამო, ამავე, მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შეღავათი უნდა გავრცელდეს თ. ტ-ის მიმართ ყველა იმ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილზე (თავისუფლების აღკვეთის ის ნაწილი, რომელიც პირობითად იყო ჩათვლილი), სადაც სასჯელი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 67-ე და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე იყო დანიშნული (იგულისხმება: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის, 2017 წლის 23 ივნისისა და 2019 წლის 30 მაისის განაჩენები).
20. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განაჩენითა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, შემცირებული პირობითი მსჯავრი 2 წელი და 6 თვე და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის ჩადენისათვის, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე განსაზღვრულ 10 თვით თავისუფლების აღკვეთას), ნაწილობრივ, პროპორციული ფორმით, უნდა მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან, 10 თვით თავისუფლების აღკვეთა (ნაცვლად 1 წლით თავისუფლების აღკვეთისა, რაც სააპელაციო სასამართლოს ჰქონდა დამატებული) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ტ-ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.
21. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, თ. ტ-ის მიმართ შემცირებული, ზემოხსენებული სასჯელის სახე და ზომა (თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით) არის სამართლიანი და მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების შესაბამისი.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განაჩენში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონზე დაყრდნობით, მსჯავრდებულ თ. ტ-ის სასიკეთოდ უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ბეგიაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. თ. ტ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19.178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
თ. ტ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის განაჩენით თ. ტ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისათვის შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილია პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და თ. ტ-ს განესაზღვროს – 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განაჩენით თ. ტ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისათვის შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილია პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და თ. ტ-ს განესაზღვროს 4 წელი და 2 თვე თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, იმავე, გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის განაჩენითა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 2 წელი და 1 თვე პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა სრულად შთანთქას წინა განაჩენითა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 2 წელი და 1 თვე და საბოლოოდ, თ. ტ-ს განესაზღვროს 4 წელი და 2 თვე თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განაჩენით თ. ტ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისათვის შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილია პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და საბოლოოდ, თ. ტ-ს განესაზღვროს 1 წელი და 8 თვე თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობითად, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განაჩენითა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, საბოლოოდ დანიშნული პირობითი მსჯავრი 4 წელი და 2 თვე.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენითა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან პროპორციულად შემცირებული 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილია პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ტ-ს განესაზღვროს 2 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
7. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განაჩენითა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, საბოლოოდ შემცირებული პირობითი მსჯავრი 2 წელი და 6 თვე და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო, განაჩენით დანიშნულ სასჯელს (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის ჩადენისათვის განსაზღვრულ 10 თვით თავისუფლების აღკვეთას), ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან, 10 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ტ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალოს, დაკავებიდან 2023 წლის 8 ივლისიდან;
8. საქმეში არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, მისი შენახვის ვადით;
- ქუდი და მაისური დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს/მფლობელებს;
9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი