Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-729-02 11 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, მ. ახალაძე

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. კ-მა 1999წ. ივლისში მ. გ-ეს შესთავაზა შეეძინა მისი ბინა. მ. გ-ეს რადგანაც ბინის სრული თანხა _ 7000 აშშ დოლარი არ ჰქონდა, რ. კ-ს შეუთანხმდა ფული ნაწილ-ნაწილ მიეცა. მ. გ-ემ ბინის მესაკუთრეს გადაუხადა ბინის ღირებულების ნაწილი, მაგრამ რ. კ-მა დამატებით კიდევ 4000 აშშ დოლარი მოითხოვა. მ. გ-ე დამატებითი თანხის გადახდაზე არ დათანხმდა.

მ. გ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში მოპასუხე რ. კ-ის მიმართ და მოითხოვა ქ. ქუთაისში, ... მდებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 20 ივლისის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელს მოპასუხე რ. კ-თან ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის თაობაზე ეთქვა უარი. მ. გ-ის მიერ რ. კ-ისადმი გადახდილი 2000 აშშ დოლარი ჩაითვალა ბედ და უარი ეთქვა მოსარჩელეს მის დაბრუნებაზე, ხოლო მოსარჩელე მ. გ-ის მიერ მოპასუხისათვის გადაცემული 3000 აშშ დოლარი ჩაითვალა ვალდებულების შესრულების ნაწილად და დაუბრუნდა მოსარჩელეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. გ-ემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 მარტის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 20 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გ-ის მიერ კ-ისადმი გადახდილი 2000 აშშ დოლარი ჩაითვალა “ბედ” და უარი ეთქვა მოსარჩელეს მის დაბრუნებაზე, ხოლო მოსარჩელე მ. გ-ის მიერ მოპასუხისათვის გადაცემული 3000 აშშ დოლარი ჩაითვალა ვალდებულების შესრულების ნაწილად და დაუბრუნდა მოსარჩელეს. რ. კ-ს მ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ხუთი ათასი აშშ დოლარის გადახდა. მ. გ-ის სარჩელზე მოპასუხე რ. კ-თან ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის თაობაზე უარის თქმის ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 20 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ სკ-ს 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სკ-ს 323-ე მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. იმავე კოდექსის 328-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ მ. გ-ესა და რ. კ-ს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ სანოტარო წესით. სკ-ს 59-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით კი, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება.

“ბე” წარმოადგენს ხელშეკრულების დადების ფაქტის მტკიცებულებას. იგი ძირითადი ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებაა. რამდენადაც არ არსებობს ძირითადი ვალდებულება გ-ესა და კ-ს შორის, არ არსებობს მათ შორის დამატებითი ვალდებულებაც “ბეს” სახით. ამიტომ, გ-ის მიერ გადახდილი 5000 დოლარი, რომელსაც კ-ი არ უარყოფს, სააპელაციო სასამართლომ “ბედ” არ მიიჩნია.

სკ-ს 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად კ-მა უნდა დაუბრუნოს გ-ეს მისგან მიღებული 5000 აშშ დოლარი.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2000 დოლარის კ-ისათვის გადაცემა არ დასტურდება საქმის მასალებით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 მარტის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრები შეიტანეს მ. გ-ემ და რ. კ-მა.

მ. გ-ე საკასაციო საჩივრით მოითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სსკ-ს 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ასევე გვერდი აუარა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. კერძოდ, ნოტარიუსში მ. გ-ის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც იგი წერდა, რომ რ. კ-ისათვის გადახდილი ჰქონდა 7208 დოლარი. ეს განცხადება მ. გ-ის მიერ გაკეთებული იყო ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე დავის დაწყებამდე, რაც საფუძველი გახდა იმისა, რომ ნოტარიუსს დროებით შეეჩერებინა ბინის გაფორმება სხვა პირზე.

რ. კ-ი თავისი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ საფუძვლებზე: სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა მხარეთა შორის დადებული გარიგება “ბეს” თაობაზე ფორმის დაუცველად დადებულ გარიგებად, რადგანაც მოცემულ ფაქტს არც ერთი მხარე არ უარყოფს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, რ. კ-ის და მ. გ-ის საკასაციო საჩივრების მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, რ. კ-ის საკუთრებას წარმოადგენს ქ. ქუთაისში, ... მდებარე სამოთახიანი ბინა. იგი ზეპირი ფორმით შეუთანხმდა მ. გ-ეს კუთვნილი ბინის მიყიდვის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მესაკუთრეს მ. გ-ემ გადაუხადა ბინის ღირებულების ნაწილი – 5000 აშშ დოლარი. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს რ. კ-ის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ მ. გ-ის მიერ მისთვის მიცემული თანხა წარმოადგენს “ბეს” და ამიტომ ეს თანხა მას უნდა დარჩეს. სკ-ს 421-ე მუხლის თანახმად “ბედ” მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით ადასტურებს ხელშეკრულების დადების ფაქტს. ვინაიდან მხარეთა შეთანხმება “ბეს” თაობაზე წარმოშობს მომავალი ხელშეკრულების, მოცემულ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ვალდებულებას, ამიტომ სკ-ს 327-ე მუხლის მესამე ნაწილის მეორე წინადადების თანახმად ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზედაც. რ. კ-ს და მ. გ-ეს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინათ სანოტარო წესით და რეგისტრაციაში უნდა გაეტარებინათ საჯარო რეესტრში, რადგან 323-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. რ. კ-სა და მ. გ-ეს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება და შეთანხმება “ბეს” თაობაზე არ გაუფორმებიათ სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია მათი შეთანხმება ბათილად სკ-ს 59-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად. ამ ნორმის თანახმად ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება. სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორედ გამოიყენა სკ-ს 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომკრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ამდენად, რ. კ-ს სწორედ დაეკისრა მ. გ-ის სასარგებლოდ ბათილი გარიგების საფუძველზე მიღებული 5000 აშშ დოლარის გადახდა.

დაუსაბუთებელია მ. გ-ის საკასაციო საჩივრის მოტივი იმის შესახებ, რომ მან რ. კ-ს გადაუხადა 7000 აშშ დოლარი და ეს დასტურდება საქმის მასალებით. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ს 102-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მართალია, მოწმის სახით პროცესზე დაკითხულმა ნოტარიუსმა განმარტა, რომ მ. გ-ემ ნოტარიუსში წარადგინა განცხადება იმის თაობაზე, რომ რ. კ-ს გადაუხადა ბინის ღირებულება 7208 აშშ დოლარი და ეს ბინა სხვა პირზე არ გაესხვისებინა, მაგრამ მ. გ-ემ გადაუხადა თუ არა რ. კ-ს 7208 აშშ დოლარი, არ იცის. სააპელაციო სასამართლომ ნოტარიუსი ე. გ-ის განმარტება არ ჩათვალა იმის მტკიცებულებად, რომ მ. გ-ემ გადაუხადა 7208 აშშ დოლარი რ. კ-ს. სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. გ-ეს ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 მარტის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.