გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ ბს-234-223(კ-06) 5 ივლისი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ვაჩაძე (მომხსენებელი)
ნ. სხირტლაძე‚
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: სანივთე ქონების კომპენსაცია.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 4 აპრილს ა. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოპასუხისთვის 1208,08 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, იგი თავდაცვის სამინისტროსი 1996წ. 5 აგვისტოდან მუშაობდა. თავდაცვის სამინისტროს გააჩნდა მოსარჩელის დავალიანება, კერძოდ _ 2000წ. კუთვნილი ხელფასი _ 90,57 ლარი, კვებისა და სანივთე ქონების კომპენსაცია _ 1169,43 ლარი, სულ _ 1208,08 ლარი, რაც მისთვის უნდა აენაზღაურებინა.
სასამართლო სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი ცნო სახელფასო დავალიანების ნაწილში, ხოლო კვებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ნაწილში არ დაეთანხმა მოსარჩელეს იმ მოტივით, რომ მან ვერ წარმოადგინა მტკიცებულება ფორმა-ტანსაცმლის შეძენის თაობაზე და, ამასთან, ამ ნაწილში მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს (თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს უფლებამონაცვლე) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005წ. 27 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 38,65 ლარის გადახდა; ა. ს-ს უარი ეთქვა მოპასუხისათვის კვებისა და სანივთე კომპენსაციის ანაზღაურებაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ გაშვებულ იქნა კვებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის მოთხოვნის სამწლიანი ვადა, რის გამოც სკ-ის 129-ე მუხლის საფუძველზე მას უარი ეთქვა აღნიშნული თანხის ანაზღაურებაზე.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელემ არ წარმოადგინა მტკიცებულება სამხედრო ფორმის საკუთარი ხარჯებით შეძენის თაობაზე და, რომ ფორმის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა მოპასუხეს სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ა. ს-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
აპელანტის განმარტებით, მან არ იცოდა, რომ მის სასარჩელო მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადა ვრცელდებოდა. აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის მე-12 მუხლის თანახმად, კვებისა და სანივთე ქონების კომპენსაცია სახელმწიფო ვალს წარმოადგენდა.
2006წ. 9 იანვრის სასამართლო სხდომაზე აპელანტმა დააზუსტა სააპელაციო საჩივარი და მიუთითა, რომ, ვინაიდან დაკმაყოფილდა სარჩელი სახელფასო დავალიანების ნაწილში _ 38,65 ლარის ოდენობით, შესაბამისად, მის მოთხოვნას წარმოადგენდა გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სანივთე ქონების და კვების კომპენსაცია _ 1169 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 9 იანვრის გადაწყვეტილებით ა. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005წ. 27 ივლისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კვებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 1169,43 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში იყო თავდაცვის სამინისტროს ეროვნული აკადემიის საფინანსო განყოფილების უფროსის 2005წ. 4 აპრილის ¹388 ცნობა, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელის სახელფასო დავალიანება შეადგენდა 38,65 ლარს, ხოლო კვების კომპენსაცია _ 90,57 ლარს. საქმეში წარმოდგენილი თავდაცვის სამინისტროს ეროვნული აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ბაზის უფროსის 2005წ. 1 აპრილის ¹378 ცნობით კი სანივთე ქონების კომპენსაცია 1117,51 ლარს შეადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა კვებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ნაწილში არ იყო ხანდაზმული, ვინაიდან სკ-ის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა თავდაცვის სამინისტროს ეროვნული აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ბაზის უფროსის 2005წ. 1 აპრილის ¹378 ცნობისა და თავდაცვის სამინისტროს ეროვნული აკადემიის საფინანსო განყოფილების უფროსის 2005წ. 4 აპრილის ¹388 ცნობის გაცემით, რითაც აღიარებულ იქნა კვებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანების _ 1169,43 ლარის არსებობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 9 იანვრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ხოლო ა. ს-მა სასამართლოს არ წარუდგინა სანივთე ქონების საკუთარი ხარჯებით შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულებანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 8 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006წ. 8 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2006წ. 14 ივნისამდე.
2006წ. 7 ივნისს ა. ს-მა უზენაეს სასამართლოში წარადგინა მოსაზრება თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე და აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი იყო დაუშვებელი, რადგან არ აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 14 ივნისის განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა 2006წ. 5 ივლისს მხარეთა დასწრების გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა. ს-ი თავდაცვის სამინისტროსი 1996წ. 5 აგვისტოდან მუშაობდა. თავდაცვის სამინისტროს გააჩნდა მოსარჩელის დავალიანება, კერძოდ: 2000წ. კუთვნილი ხელფასი _ 38,65 ლარი, კვების კომპენსაცია _ 51,92 ლარი, სულ _ 90,57 ლარი და სანივთე ქონების კომპენსაცია _ 1117,51 ლარი, სულ კი _ 1208,08 ლარი, რაც მოსარჩელეს არ მიუღია.
სკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას იმის შესახებ, რომ სკ-ის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა თავდაცვის სამინისტროს ეროვნული აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ბაზის უფროსის 2005წ. 1 აპრილის ¹378 ცნობის გაცემით, რომლითაც აღიარებულ იქნა სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანების _ 1117,51 ლარის არსებობა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ბაზის უფროსის მიერ 2005წ. 1 აპრილის ¹378 ცნობის გაცემა ვერ ჩაითვლება თავდაცვის სამინისტროს მიერ სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანების _ 1117,51 ლარის არსებობის აღიარებად და იგი საჯარო ინფორმაციის გაცემას წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) შესაბამისად, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანებასთან მიმართებაში არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის 137-ე მუხლი.
სკ-ის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა და ვალდებულ პირს _ თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირის _ ა. ს-ის წინაშე არც პროცენტის ან ავანსის გადახდით, არც გარანტიის გაცემით არ უღიარებია 2001-2002-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს და კასატორის ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ ა. ს-ი მოითხოვს 2001-2002-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაციას, რაც სამართლებრივად პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს, მის მიერ სარჩელი კი აღძრულია 2005 წელს, ანუ 2001წ. სანივთე ქონების კომპენსაციის ნაწილში _ სკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის დარღვევით, ხოლო 2002-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის ნაწილში _ აღნიშნული ვადის ფარგლებში. ამიტომ, ა. ს-ის სარჩელის ნაწილობრივი საფუძვლიანობის მატერიალური დეტერმინაცია და შესაბამისად, მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოხდეს 2002-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაციასთან მიმართებაში მოსარჩელის მიერ სკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის დაცვის და არა მოპასუხის მიერ ვალის აღიარებით ხსენებული ვადის შეწყვეტის მოტივით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა კვების კომპენსაციის ნაწილში არ არის ხანდაზმული, ვინაიდან სკ-ის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა თავდაცვის სამინისტროს ეროვნული აკადემიის საფინანსო განყოფილების უფროსის 2005წ. 4 აპრილის ¹388 ცნობის გაცემით, რითაც აღიარებულ იქნა კვების კომპენსაციის დავალიანების _ 51,92 ლარის არსებობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 9 იანვრის გადაწყვეტილება 2001წ. სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ს-ის სარჩელი სანივთე ქონების კომპენსაციის _ 1117,51 ლარის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაეკისროს მხოლოდ 2002-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის _ 732,03 ლარის გადახდა, 2001წ. სანივთე ქონების კომპენსაციის _ 385,48 ლარის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვას, კვების კომპენსაციის _ 51,92 ლარის ანაზღაურების ნაწილში კი გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საპროცესო სკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 9 იანვრის გადაწყვეტილება კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში დარჩეს უცვლელად;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 9 იანვრის გადაწყვეტილება 2001წ. სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. ა. ს-ის სარჩელი სანივთე ქონების კომპენსაციის _ 1117,51 ლარის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაეკისროს 2002-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის _ 732,03 ლარის გადახდა, 2001წ. სანივთე ქონების კომპენსაციის _ 385,48 ლარის ანაზღაურებაზე კი მოსარჩელეს უარი ეთქვას;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.