გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-730-02 3 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. წიქვაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ბ-ემ 2001წ. 2 სექტემბერს სარჩელით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს სანატორიუმ “მ-ის” წინააღმდეგ სამუშაოზე აღდგენისა და მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ.ბ-ის სარჩელი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მ.ბ-ე ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 6 ივნისის გადაწყვეტილებით აღდგენილი იყო სამუშაოზე, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი სანატორიუმ “მ-ის” დირექტორის ა.ბ-ის 2001წ. 2 ივლისის ¹13 ბრძანებით და მოსარჩელეს აუნაზღაურდა განაცდურიც, ხოლო შემდგომ სასამართლოში სარჩელის შეტანის დროისათვის იგი არ იყო გათავისუფლებული სამუშაოდან. მისი სამუშაოდან მოსალოდნელი დათხოვნის შესახებ ბრძანება სასამართლომ კანონიერად ჩათვალა, თუმცა სარჩელის აღძვრის დროისათვის მოსალოდნელ გათავისუფლებაზე მსჯელობა უსაფუძვლოდ მიიჩნია.
სასამართლომ ასევე გაითვალისწინა, რომ მ.ბ-ეს აუნაზღაურდა უკანონოდ გათავისუფლების დროს ხელფასის განაცდური და რომ გათავისუფლებით მორალური ზიანი მას არ განუცდია და უარი უთხრა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე.
მ. ბ-ემ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სამუშაოზე აღდგენა, შტატების შემცირების შესახებ ბრძანებისა და პროფკავშირის თანხმობის გაუქმება, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 აპრილის განჩინებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ.ბ-ე სანატორიუმ “მ-ის” დირექტორის ა.ბ-ის ბრძანებით 2000წ. 01 დეკემბრიდან გათავისუფლებული იქნა სამუშაოდან რის გამოც მან სარჩელით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 მარტის გადაწყვეტილებით მ.ბ-ის სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული. მისივე სააპელაციო საჩივრის განხილვის შემდეგ ქუთაისის საოლქო სასამართლომ 2001წ. 6 ივნისის გადაწყვეტილებით მ.ბ-ე აღადგინა სამუშაოზე და დააკისრა მოპასუხეს ხელფასის განაცდურის ანაზღაურება. საოლქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სისრულეში იქნა მოყვანილი სანატორიუმ “მ-ის” დირექტორის 2001წ. 2 ივლისის ¹13 ბრძანებით, მ.ბ-ე აღდგენილ იქნა სამუშაოზე და აუნაზღაურდა განაცდური, რასაც ადასტურებს თვითონ მ.ბ-ეც. შემდგომში, სანატორიუმის პასუხისმგებელი მორიგის საშტატო ერთეულის უქონლობის და არასაკმარისი დაფინანსების გამო სანატორიუმის დირექციამ მიზანშეწონილად ჩათვალა მ.ბ-ის გაფრთხილება მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ და მისი გათავისუფლების ნებართვისთვის მიმართა “მ-ის” პროფ. ჯგუფს. 2001წ. 7 აგვისტოს გაიმართა სს “მ-ის” პროფჯგუფის სხდომა, რომელმაც დირექციას მისცა თანხმობა შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მ.ბ-ის სამუშაოდან გათავისუფლებაზე.
სს “მ-ის” დირექტორის 2001წ. 8 აგვისტოს ¹15 ბრძანების I პუნქტი, რომლის მიხედვით საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე გადაწყდა მ.ბ-ის გათავისუფლება სამუშაოდან 2001წ. 10 ოქტომბრიდან. მ.ბ-ეს შეტყობინება, მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ პირადად ჩაბარდა 2001წ. 15 აგვისტოს. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციის მიერ დაცული იქნა მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მუშაკს უნდა ეცნობოს ორი თვით ადრე, რაც უნდა დაადასტუროს მუშაკმა ხელმოწერით. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად მ.ბ-ე არ იყო სამუშაოდან გათავისუფლებული ბრძანებით, მან წინასწარ 2001წ. 7 სექტემბერს მიმართა სარჩელით სასამართლოს სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით.
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს შკკ-ს 204-ე მუხლის I პუნქტი, რომლის მიხედვით სამუშაოდან დათხოვნის საქმეთა გამო მუშაკს შეუძლია მიმართოს სასამართლოს დათხოვნის ბრძანების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში და დადგენილად ცნო, რომ მ. ბ-ე შტატების შემცირებასთან დაკავშირებით სამუშაოდან იქნა გათავისუფლებული სს “მ-ის” დირექტორის 2001წ. 18 ოქტომბრის ბრძანებით, რომელიც სარჩელის შეტანის დროისათვის არ არსებობდა და, რომელიც მ.ბ-ის მიერ დღემდე არ ყოფილა გასაჩივრებული.
აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ. მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მ.ბ-ემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცება, რომელიც დადასტურებდა, რომ მას მიადგა მორალური ზიანი მოპასუხე ა.ბ-ის ბრალეული ხელყოფის შედეგად და ვერ განსაზღვრა, თუ რა მოგება დაკარგა ა.ბ-ის ბრალეული ქმედებით.
მ.ბ-ემ საოლქო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, მოითხოვს მის გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.
კასატორის მოსაზრებით მისი განთავისულებისას მოპასუხემ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 37-ე, 421-ე, 422-ე და 96-ე მუხლის მოთხოვნები, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული. კასატორს მიაჩნია ასევე, რომ იგი სარგებლობდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების როგორც რეპრესირებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მ.ბ-ეს მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ შეტყობინება პირადად ჩაბარდა 2001წ. 15 აგვისტოს. მ.ბ-ემ სარჩელით სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლოს მიმართა 2001წ. 2 სექტემბერს. მოსარჩელე შტატების შემცირებასთან დაკავშირებით სამუშაოდან იქნა განთავისუფლებული სს “მ-ის” დირექტორის 2001წ. 18 ოქტომბრის ბრძანებით, რომელიც სარჩელის შეტანის დროისათვის არ არსებობდა.
დადგენილია, რომ მოსარჩელის გათავისუფლების ნებართვისათვის მოპასუხემ მიმართა სს “მ-ის” პროფჯგუფს. 2001წ. 7 აგვისტოს გაიმართა პროფჯგუფის სხდომა, რომელმაც მისცა თანხმობა დირექციას შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. სამუშაოდან მოსალოდნელ გათავისუფლებაზე შეტყობინება მოსარჩელეს ჩაბარდა 2001წ. 15 აგვისტოს. ამდენად, მოპასუხის მიერ დაცული იყო შრომის კანონთა კოდექსის 37-ე და 422 (1) მუხლების მოთხოვნები.
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს მიიჩნევს სავალდებულოდ, რადგან კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოპასუხე საზოგადოების პროფჯგუფი არის უკანონოდ შექმნილი, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს, რადგან აღნიშნული საკითხი არ ყოფილა სარჩელის საგანი. არ ყოფილა ასევე სარჩელის საგანი მოსარჩელის შრომითი უზრუნველყოფის გარანტიები (შკკ-ს 421 მუხლი) და მასთან ანგარიშსწორების საკითხი (შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლი) შესაბამისად, მოპასუხის მიერ შრომის კანონთა კოდექსის 421-ე და 96-ე მუხლების დარღვევაზე სასამართთლო ვერ იმსჯელებს, რადგან სსკ-ს 406-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა ან ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია.
სარჩელის საგანს წარმოადგენდა სამუშაოზე აღდგენა, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული სასამართლოს მიერ, რადგან იმ პერიოდში მოსარჩელე ჯერ კიდევ არ იყო სამუშაოდან განთავისუფლებული. საკასაციო პალატა თვლის, რომ რადგან მოსარჩელე ბრძანებით ჯერ კიდევ არ იყო გათავისუფლებული სასამართლომ მართებულად უთხრა უარი სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მესამე ნაწილით, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 11 აპრილის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.