Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-731-02 25 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინაში შესახლება და ალიმენტის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ჭ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ლ. მ-ის, ჟ. მ-ისა და ნ. ლ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლისათვის ლ. მ-ისათვის ალიმენტის დაკისრება 400 აშშ დოლარის ოდენობით, აგრეთვე ქ. ბათუმში ... 15,6 კვმ. ფართობის ოთახში შვილებთან ერთად შესახელება შემდეგი საფუძვლით: 1994 წელს ქორწინების რეგისტრაციის გარეშეE ცოლად გაჰყვა მოპასუხე ლ. მ-ეს. გათხოვების დღიდან ცხოვრობდა მოპასუხეების მეუღლის მშობლების გ. მ-ისა და ნ. ლ-ის ბინაში მდებარე ... ქ. ბათუმში. 1996 წელსა და 1998 წელს მათ შეეძინათ ორი შვილი. 2001 წელს ლ. მ-ემ გამოაგდო ბინიდან შვილებთან ერთად. მოსარჩელის განცხადებით იგი არის პედაგოგი, მუშაობს ბათუმის ¹20 საშუალო სკოლაში და მისი ხელფასი საკმარისი არ არის ბავშვების აღსაზრდელად, ხოლო მოპასუხე ლ. მ-ე არის მეზღვაური, მუშაობს ტანკერ “ნ. ს-ზე”, რომელიც ეკუთვნის ფირმა “კ. შ-ს” და აქვს მაღალი ანაზღაურება.

მოპასუხეებმა ნ. ლ-მ და ჟ. მ-ემ სარჩელი არ ცნეს და განაცხადეს, რომ მოსარჩელე თ. ჭ-სა და მოპასუხე ლ. მ-ეს არ უმსჯელიათ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, მოსარჩელემ სასამართლოს მას შემდეგ უნდა მიმართოს, თუ მშობლები ვერ შეთანხმდებიან ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე. ლ. მ-ე არ საჭიროებს სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასა და ალიმენტის გადახდის იძულებას. რაც შეეხება სარჩელის მოთხოვნას ბინაში შესახლების თაობაზე, მოპასუხეებმა განაცხადეს, რომ 1992წ. 21 ოქტომბერს განხორციელდა აღნიშნული ბინის პრივატიზება მათი ქალიშვილის ლ. მ-ის სახელზე. ბინის ძირითად დამქირავებელს წარმოადგენდა ლ. მ-ე, ხოლო ოჯახის წევრთა და მასთან ერთად მცხოვრებ პირებს წარმოადგენდა ჟ. (გ.) მ-ე, ნ. ლ-ა და ქ. შ-ე. აღნიშნულ ჩამონათვალში არ ფიგურირებს მოსარჩელის შვილების მამა ლ. მ-ე, აქედან გამომდინარე, ლ. მ-ეს იმ დროისათვის არ გააჩნდა რაიმე უფლება სადავო ბინასთან დაკავშირებით. 1992წ. 2 დეკემბერს ლ. მ-ემ ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინა გაასხვისა, აჩუქა დედას ნ. ლ-ს, რომელიც დღეისათვის წარმოადგენს ბინის ერთადერთ მესაკუთრეს. მოსარჩელის მოთხოვნა ბინაში შესახელების შესახებ მოკლებულია ყოველგვარ იურიდიულ საფუძველს და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ლ. მ-ეს დაეკისრა შვილების ს. და გ. მ-ეების სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის 500 ლარის ოდენობით გადახდა 2001წ. 8 ნოემბრიდან შვილების სრულწლოვანების მიღწევამდე. თ. ჭ-ის სარჩელს ქ. ბათუმში ... არსებულ ბინიდან 15,6 კვ.მ ფართობში შესახლების თაობაზე ეთქვა უარი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. ჭ-მა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე მ-ეს დაეკისრა შვილების სასარგებლოდ ალიმენტი ნაცვლად 500 ლარისა 250 აშშ დოლარი ეროვნული ვალუტის ლარზე გადაყვანით გადახდის მომენტისათვის არსებული კურსის მიხედვით ყოველთვიურად 2001წ. 8 ნოემბრიდან, ხოლო თ. ჭ-ის სადავო ბინაში შესახლების ნაწილში დარჩა უცვლელად. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: ჩათვალა, რომ მართალია, მოსარჩელე თ. ჭ-ი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა სადავო ბინაში, მაგრამ კანონით დადგენილი წესით ჩაწერილი არ ყოფილა. სადავო ბინა საკუთრების უფლებით ეკუთვნის ლ. მ-ის დედას ნ. ლ-ს, რომელსაც სკ-ს 170-ე მუხლის თანახმად უფლება აქვს არ დაუშვას სხვა პირთა მიერ თავისი ქონებით სარგებლობა. მოსარჩელე ვერ ჩაითვლება სადავო ბინის მართლზომიერ მფლობელად, რადგან იგი ლ. მ-ესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილა, ამასთან ბინის მესაკუთრე ნ. ლ-ა მოსარჩელის სადავო ბინაში ცხოვრების წინააღმდეგია. რაც შეეხება ბავშვების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრებას, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, რადგან მოპასუხეს კმაყოფაზე ჰყავს პენსიონერი ავადმყოფი მშობლები, ასევე სხვა მეუღლესთან ერთი არასრულწლოვანი შვილი, ხოლო რადგან მოპასუხის ხელფასი განისაზღვრება ამერიკულ დოლარებში, მიზანშეწონილია ლ. მ-ეს დაეკისროს ბავშვების სარჩო ალიმენტი დოლარებში შესაბამის ლარზე გადაყვანით გადახდის მომენტისათვის არსებული კურსის მიხედვით.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. ჭ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სადავო ბინაში, კერძოდ 15,6 კვმ. საცხოვრებელ ფართში შესახლების ნაწილში. იგი უკანონოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შემდეგ გარემოებათა გამო: თ. ჭ-ი ცხოვრობდა სადავო ბინაში თავის შვილებთან და მოპასუხეებთან ერთად გათხოვების დღიდან. სასამართლომ იგი არასწორად მიიჩნია არამართლზომიერ მფლობელად, რადგან იგი როგორც მეუღლე და რძალი ცხოვრობდა აღნიშნულ ბინაში, სადაც 1977 წლიდან ჩაწერილია და ცხოვრობს მისი მეუღლე ლ. მ-ე. შეუძლებელია, ასევე მისი შვილების ს. და გ. მ-ეების ბინის არამართლზომიერ მფლობელად ცნობა, რადგან მათთვის მოპასუხის ოჯახი არის ერთადერთი საცხოვრებელი ადგილი. სკ-ს 161-ე, 162-ე მუხლების შესაბამისად მართლზომიერი მფლობელი მესაკუთრის მსგავსად დაცულია თვით მესაკუთრის მხრიდან თვითნებობისაგან.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საკასაციო საჩივრიდან ირკვევა თ. ჭ-მა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ბინაში შესახლებაზე უარის თქმის ნაწილში: სსკ-ს 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამდენად, პალატა ვერ იმსჯელებს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომელიც გასაჩივრებული არ არის.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ბინა საკუთრების უფლებით ირიცხება მოპასუხე ნ. ლ-ზე. მოსარჩელე 1994 წლიდან ცხოვრობდა სადავო ბინაში მას შემდეგ რაც იგი ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში შევიდა ნ. ლ-ს შვილთან მოპასუხე ლ. მ-ესთან. აქვე შეეძინა ორი შვილი. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხის სადავო ბინაში საცხოვრებლად გადასვლის დროისათვის ბინა უკვე მოპასუხე ნ. ლ-ს საკუთრებას წარმოადგენდა და მოსარჩელე მესაკუთრის ნებართვით ცხოვრობდა სადავო ბინაში, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა მოპასუხეებთან უსიამოვნების ნიადაგზე მოსარჩელე გამოაგდეს სადავო ბინიდან და დღეისათვის მოპასუხე ნ. ლ-ა არ არის თანახმა მოსარჩელემ მისი საკუთრების ბინაში იცხოვროს. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ რადგან იგი 1994 წლიდან სადავო ბინაში ცხოვრობდა, როგორც მოპასუხეთა ოჯახის წევრი, ამიტომ სკ-ს 159_162-ე მუხლების თანახმად უნდა ჩაითვალოს კეთილსინდისიერ მფლობელად და ამდენად მისი სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო. პალატა თვლის, რომ მართალია, 1994 წლიდან სახლის მესაკუთრის ნებართვით იყო ჩასახლებული სადავო ბინაში და ამდენად იგი უნდა ჩაითვალოს კეთილსინდისიერ მფლობელად, მაგრამ სკ-ს 168-ე მუხლი ითვალისწინებს კეთილსინდისიერი მფლობელისათვის მფლობელობის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. მოცემულ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ სადავო ბინის მესაკუთრე ნ. ლ-ს პრეტენზიები მოსარჩელის მიმართ მფლობელობის შეწყვეტის შესახებ დასაბუთებულია, მას როგორც მესაკუთრეს და მფლობელობაზე უკეთესი უფლების მქონე პირს შეუძლია უარი განაცხადოს მოსარჩელის მხრიდან მფლობელობის გაგრძელებაზე, აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ სწორად არ დააკმაყოფილა კასატორის მოთხოვნა სადავო ბინაში შესახლების შესახებ.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰონია, რის გამოც გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 აპრილის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.