Facebook Twitter

¹ 3კ-732-02 9 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება (სარჩელში); ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

ა. გ.-მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ნ. და ზ. შ.-ების მიმართ და მოითხოვა ბათუმში, ... მდებარე ბინიდან მათი გამოსახლება იმ მოტივით, რომ სადავო ბინა მისი საკუთრებაა, ხოლო მოპასუხეები არ ათავისუფლებენ მას.

ნ.შ.-მ შეგებებული სარჩელი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა 1999წ. 22 აპრილს გაფორმებული სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ გარიგება მოჩვენებითად და თვალთმაქცურად არის დადებული;

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 16 იანვრის განჩინებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნ.შ.-ს ეთქვა უარი. ზ. და ნ. შ.-ებმა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 აპრილის განჩინებით საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 394-ე მუხლის “ბ” პუნქტი და საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის, კერძოდ, ნოტარიუს ვ.ნ.-ის დაუსწრებლად. ამასთან, ისე გადაწყვიტა შეგებებული სარჩელის ბედი, რომ წარმოებში არ მიუღია იგი.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. გ.-ის წარმომადგენელმა რ. ლ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ განჩინება მიიღო სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გამორკვევის გარეშე და იგი იურიდიულად დაუსაბუთებელია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია, სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად.

პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა გასაჩივრებულ განჩინებაში, რომ რაიონულმა სასამართლომ გადაწყვიტა შეგებებული სარჩელის ბედი მისი წარმოებაში მიღების გარეშე. საქმის მასალების მიხედვით ნ.შ.-ის შეგებებული სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 10 ოქტომბრის განჩინებით მიღებულ იქნა განსახილველად.

პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ საქმის განხილვისას არ იყო მოწვეული მხარე, კერძოდ, ნოტარიუსი ვ.ნ.-ე, მაშინ, როცა არც სარჩელში და არც შეგებებულ სარჩელში ნოტარიუსი ვ.ნ.-ე მხარედ არ არის მითითებული. დავის შინაარსიდან გამომდინარე იგი არც შეიძლება ყოფილიყო მხარე. გარდა ამისა, პრეტენზია იმის თაობაზე, რომ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, შეიძლება განაცხადოს თვით მხარემ, რომელიც არ ესწრებოდა საქმის განხილვას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. აპელანტიც კი არ მიუთითებს აღნიშნულზე სააპელაციო საჩივარში.

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილებიდან გამომდინარე, არ არსებობდა რაიონულ სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად გადაგზავნის აუცილებლობა და სასამართლოს თვით უნდა განეხილა საქმე სსკ-ს 385-ე მუხლის II ნაწილის შესაბამისად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. გ.-ის წარმომადგენელ ჟ. ლ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.