გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-733-02 25 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
ბ. გ-ემ 1981წ. 31 იანვარს თავის შვილს – ლ. გ-ეს აჩუქა ქ.ზესტაფონში, ... მდებარე სახლის ნახევარი. ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა სანოტარო წესით.
2001წ. 17 იანვარს ბ. გ-ემ სარჩელით მიმართა ქ.ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ლ. გ-ის მიმართ და მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება სკ-ს 529-ე მუხლის საფუძველზე, რადგან ქალიშვილი ბინის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მას ყურადღებას აღარ აქცევდა, იჩენდა მის მიმართ უმადურობას, რამაც იძულებული გახადა საცხოვრებლად გადასულიყო სოფელში, სადაც არ არის კარგი პირობები.
ქ.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 ივლისის გადაწყვეტილებით ბ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ბ. გ-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 მარტის განჩინებით ბ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ემყარება შემდეგ მოტივებს: სკ-ს 1507-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997წ. 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ. პალატამ აღნიშნა, რომ სადავო ხელშეკრულება გაფორმებულია იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის (1964წ.) კოდექსის 269-ე და 239-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით და მისი უკანონობის საფუძველი არ არსებობს; ხელშეკრულება დადებულია 1981 წელს. სამოქალაქო სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებდა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას. მოსარჩელის თქმით, დავა შვილთან – ლ. გ-ესთან მას წარმოეშვა 1997წ. იანვრიდან, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, რაც ნიშნავს იმას, რომ მას გაშვებული აქვს სარჩელის აღძვრის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობებისათვის არის დაწესებული ახალი სკ-ს 129-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ბ. გ-ე საკასაციო საჩივრით მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ მცდარად უარყო ახალი სკ-ს გამოყენება, რომლის 529-ე მუხლის თანახმად ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის მიმართ. სასამართლოს არ უმსჯელია სკ-ს 1507-ე მუხლის მესამე ნაწილზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ბ. გ-ემ 1981წ. 31 იანვარს ქალიშვილს – ლ. გ-ეს სანოტარო წესით გაუფორმა ჩუქების ხელშეკრულება ქ.ზესტაფონში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ნახევარზე. ბ. გ-ემ 2001წ. 17 იანვარს სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. გ-ის მიმართ და მოითხოვა აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე ყურადღებას არ აქცევს და მის მიმართ იჩენს უმადურობას. მოსარჩელემ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა სკ-ს 529-ე მუხლის საფუძველზე.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ახალი სამოქალაქო კოდექსი. საქმის მასალებით უდავოდ არის დადგენილი, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულება დადებულია 1981წ. 31 იანვარს, იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის (1964წ.) კოდექსის 268-269-ე და 239-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
სკ-ს 1507-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997წ. 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ.
სამოქალაქო სამართლის (1964წ.) კოდექსის 268-269-ე მუხლები, რომლებიც არეგულირებს ნაჩუქრობის ხელშეკრულების დადების წესებს, არ ითვალისწინებს აღნიშნულ ურთიერთობათა მოდიფიცირებას (შეცვლას) და ამის შედეგად ახალი უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობას, ახალი სამოქალაქო კოდექსისაგან განსხვავებით, რომლის 529-530-ე მუხლები უშვებს შემთხვევებს, როდესაც გამჩუქებელს უფლება აქვს გამოითხოვოს გაჩუქებული ნივთი. ამდენად, კასატორისათვის ნაჩუქრობის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ცნობილი იყო, რომ გაჩუქებულ ნივთს უკან ვეღარ გამოითხოვდა, მაგრამ თავისუფალი ნების გამოვლინებით მაინც გააჩუქა ამჟამად სადავო ბინა, რასაც არც თვითონ უარყოფს. ახალი სკ-ს 529-530-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლები 1981 წელს დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების კანონიერი საფუძველი ვერ გახდება.
საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო პალატას მოცემული საკითხის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა სკ-ს 1507-ე მუხლის მესამე ნაწილით, რომლის თანახმად სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს. აღნიშნული მუხლის შინაარსიდან ირკვევა, რომ ზოგადი წესიდან კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების ერთ შემთხვევაში კანონი იმპერატიულად მოითხოვს ყველა მხარის თანხმობას ახალი კანონის გამოყენების თაობაზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ერთ-ერთი მხარის თანხმობა ასეთ შემთხვევაში საკმარისი არ არის.
რაც შეეხება კანონით დაშვებულ მეორე გამონკლისს, მოცემულ შემთხვევაში უძრავი ქონების მიმართ ჩუქების ხელშეკრულების დადების რაიმე ახალ წესს სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს.
ბ. გ-ის განმარტებით, დავა შვილთან – ლ. გ-ესთან წარმოეშვა 1997წ. იანვრის თვიდან, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ. იმ დროისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 75-ე მუხლის თანახმად, საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია, განისაზღვრება სამი წლით. ამავე კოდექსის 80-ე მუხლით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან. სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დროს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორ ბ.გ-ეს გაშვებული აქვს სარჩელის აღძვრის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 75-ე მუხლის საფუძველზე.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც ბ. გ-ეს მის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 მარტის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.